საქართველომ და აზერბაიჯანმა ევრო 2020-ის მასპინძლობაზე ითათბირეს

AutoSharing Option
სტამბულში მიმდინარე UEFA-ს კონგრესის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა და ამ მიმართულებით საერთო გეგმების დასახვა იყო, თუმცა შეხვედრის მონაწილეებს ჯერჯერობით მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ, რადგან ისინი კვლავ კონგრესის მიმდინარეობას დაუბრუნდნენ.

ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები შეხვედრის დეტალების შესახებ განცხადებებს რამდენიმე საათში გააკეთებენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს, ისევე, როგორც ტურნირის მასპინძლობის მსურველ სხვა ქვეყნებს, UEFA-ში ოფიციალური განაცხადების შეტანა 26 მარტიდან 2 თვის განმავლობაში
შეეძლებათ. მანამდე კი, ფეხბურთის ფედერაციებს UEFA-ს დადგენილებები გადაეგზავნებათ, სადაც გაწერილია კრიტერიუმები, რომლებიც მასპინძელმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ.

ამასობაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაილ ერდოღანმა სტამბულში მიმდინარე უეფას კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას აქვს სურვილი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული