გადატრიალება გორის "დილაში" - თემურ მახარაძე მოხსნეს

AutoSharing Option
თემურ მახარაძე "დილის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ფოთში "კოლხეთთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ 61 წლის სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია გადავამოწმეთ და სარწმუნო აღმოჩნდა.

თემურ მახარაძე დიდ ფეხბურთს 2011 წლის 14 ოქტომბერს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. მაშინ გორელებს ახალი პატრონი გამოუჩნდათ - შინაგან საქმეთა სამინისტრო. მახარაძემ ახალგაზრდა გია ცეცაძე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც "დილამ" რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის მცირე შანსი
დარჩა. თუმცა ვერავინ უარყოფდა, რომ "დილა" ლამაზ და აზრიან ფეხბურთს აჩვენებდა. გუნდის პროგრესიც აშკარა იყო და ახალი მოთამაშეები გამოაჩინა, მაგრამ ცეცაძე გამოუცდელობამ დააღალატა.

გამოცდილი მახარაძე მაშინ მდგომარეობის გამოსასწორებლად მიიწვიეს. მან გუნდი თასის ნახევარფინალში გაიყვანა. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კი "დილა" ფინანსურად მოღონიერდა, დაიწყო ინფრასტრუქტურის განახლება, გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი, შსს-მ გუნდს ანთალიაში ნაყოფიერი შეკრება მოუწყო, "დილაში" ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელები მიიწვიეს.

ძველი შემადგენლობიდან გუნდს მხოლოდ 5 ფეხბურთელი შერჩა, 18 კი ახალწვეული იყო - თბილისის "დინამოს", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", ზაგრების "დინამოს", მოსკოვის "ლოკომოტივის", ლვოვის "კარპატის", უნგრული "დიორ ეტოს", მახაჩყალის "ანჟის", რიგის "სკონტოს", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", ცხინვალის "სპარტაკისა" და ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები. ისინი ნებისმიერ კლუბს გააძლიერებდნენ: მარინ სკენდერი, მათე ვაწაძე, ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, ზურაბ არზიანი, კახა ალადაშვილი, გიორგი ილურიძე, ლექსო ინწკირველი, გიგა ბეჭვაია, რევაზ ჯიქია, სანდრო გურული, რევაზ ბარაბაძე, გიორგი კახელიშვილი, ლაშა თოთაძე, შოთა კაშია, ირაკლი ლექვთაძე.

ეს იყო ნამდვილი სატრანსფერო რევოლუცია და ითქვა, რომ გორის "დილას" ამ გუნდით ჩემპიონატსა და თასზეც მაქსიმალური შედეგის მიღწევა სურდა.

მახარაძის მისვლა "დილას" თავიდან ნამდვილად დაეტყო, მაგრამ განახლდა სეზონი და ახალი გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა: პირველი შეხვედრა ზუგდიდის "ბაიასთან" ფრედ ითამაშა, 3:1 მოუგო რუსთავის "მეტალურგს", 1:0 – "გაგრას", 2:2 დაასრულა ცხინვალის "სპარტაკთან" და პლეი ოფში გავიდა. იქ კი 0:1 წააგო "მეტალურგთან", ზუგდიდში "ბაიასთან" 1:1 ითამაშა, ბოლო ტურში კი ფოთში "კოლხეთთან" 0:0 დაასრულა.

თემურ მახარაძის სასარგებლოდ უნდა ითქვას: მცირე დროში გუნდის შეთამაშება ძნელია, თანაც, "დილა" საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობდა და გორელი გულშემატკივრის მხარდაჭერას მოკლებული იყო. თუმცა, როგორც გვითხრეს, გუნდის ხელმძღვანელობა შედეგის გარდა, უკმაყოფილო იყო თამაშის ხარისხითაც.

მახარაძის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად დაინიშნა თემურ შალამბერიძე, რომელსაც "დილის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი... გია ცეცაძე დაეხმარება.

შალამბერიძე 90-იანი წლებში "დილაში" გამოდიოდა, 2011 წლამდე იყო თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელი, ბოლოს - საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი.

"საბურთალოს" წარმომადგენელს მთავარ მწვრთნელად უმაღლესი ლიგაში პირველად არ იწვევენ: ამ სკოლაში მუშაობდნენ გიორგი დევდარიანი, გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე, ზაზა ზამთარაძე, გია ცეცაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მარტო ფულით და სახელებით ჩელსი ვერ გახდა გრანდი-გორის დილა გუშინ არც არსებობდა.მახარაძე-კარგი მწვრთნელია,ფეხბურთის მცოდნე.ვანოს ვურჩევ-ახალაია,სანოძე,გეგეჭკორი დაუნიშნოს დილას მწვრთნელად-ყველაფერს მოიგებენ სხვათა დაჭერის ხარჯზე
mimino
10:38 28-03-2012
0
ქართული ფეღბურთის უბედურბა ისაა რო მახარაძე ძოძუაშვილი მაჩაიძე გუცაევი არაა დასაქმებული ქართულ ფეგბურთში მახარაძეს თუ უშვებ ერთ-ერთი მათგანი უნდა მოიკვანო რას ფიქრობთ ამაზე?
მაინტერესებს თქვნი აზრიც ამის შესახებ.პოლიტიკური ნიშნით ფეღბურთში არ უნდა არჩევდნენ ვინ იმუშაოს და ვინარა
footballfan
11:47 28-03-2012
0

სიახლეები პოპულარული