კიდევ ერთი ნიგერიელი "გაგრაში"

AutoSharing Option
"გაგრა" მდიდარი კლუბი არ არის, მაგრამ მისი სატრანსფერო პოლიტიკა ბევრისთვის მისაბაძია: საგარეო კავშირებზე, კლუბის პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძესთან ერთად, "პროსპორტ მენეჯმენტ ინტერნაციონალი" ზრუნავს, მოძიებით კი "გაგრა" ეძებს და პოულობს საინტერესო მოთამაშეებს - საქართველოშიც და უცხოეთშიც.

2009 წლის თებერვალში "გაგრამ" ნიგერიაში მოქმედ ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამ მიზნით თბილისს აკადემიის პრეზიდენტი ალეგბულეკბე კოლაბოლე ჩარლზი ეწვია. მემორანდუმით ქართულმა კლუბმა აკადემიის აღზრდილი მოთამაშეების ტრანსფერზე პრიორიტეტული უფლება მიიღო.

ეს თანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც "გაგრაში" ბრაიტონის აკადემიიდან ოვონიკოკო აბაიომი სეუნი ჩაირიცხა. თავდამსხმელმა თავი
არა მხოლოდ "გაგრას" მოაწონა, ქართველ სპეციალისტებზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ზამთარში საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" აიყვანა. ახლახან კი საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს და შესაძლოა, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშოს.

ბრაიტონის აკადემიიდან გამოგზავნილმა მისმა შემცვლელმა ჯონი ჯერემიამაც გაამართლა: 18 წლის თავდამსხმელი დღეს "გაგრას" ლიდერია.

როგორც შევიტყვეთ, ნიგერიიდან "გაგრამ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ამბავი კლუბშიც დავაზუსტეთ და ახალწვეულის ვინაობაც დაგვიკონკრეტეს.

"ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიასთან ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ შეგვიძლია კონკრეტულ პოზიციაზე ვთხოვოთ მოთამაშე. მათი შერჩეული ფეხბურთელი კი ჩვენს იმედებს ამართლებს. ამჯერად ამ აკადემიიდან საყრდენი ნახევარმცველი ბენჯამინ ტეიდი მოვიწვიეთ.

უკვე ორი კვირაა, რაც ეს 17 წლის მოთამაშე "გაგრაში" ვარჯიშობს. ტეიდმა 15 მარტს სტუ-სთან ამხანაგური შეხვედრა ითამაშა. ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ზვიად ჯელაძეს მოეწონა და 5 მაისის შემდეგ, როდესაც 18 წლის შესრულდება, განაცხადში შევიყვანთ. მისი დიდი იმედი გვაქვს, რადგან ნიჭიერი და კომუნიკაბელური ადამიანი ჩანს.

ბიჭებმა უკვე სახელი ჩვენებურად შეუცვალეს და ბეჟანს ეძახიან", - გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ.

გარდა იმისა, რომ "გაგრას" ნიგერიელი მოთამაშეები ნიჭიერები აღმოჩნდნენ, ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციის მშვენიერ უნარს ავლენენ, ქართულად ლაპარაკობენ და, რაც მთავარია, თავის ამპლუაში ბარე ბევრი ქართველი თანატოლი ვერ აჯობებს.

ფოტოზე: ბრაიტონის აკადემიიდან გამოგზავნილი 18 წლის თავდამსხმელ ჯონი ჯერემია დღეს უკვე "გაგრას" ლიდერია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული