სტრასბურგი გიორგი დემეტრაძის სახეზე დაზიანებების მიზეზის გარკვევას ითხოვს

AutoSharing Option
გიორგი დემეტრაძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ საახალწლოდ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გააგზავნა. როგორც ფეხბურთელის ადვოკატმა "რეზონანსს" განუცხადა, სტრასბურგში დემეტრაძის სარჩელი წარმოებაში მიიღეს და მის საქმეს ნომერიც მიანიჭეს.

ევროსასამართლომ მხოლოდ ერთი დეტალის დადგენა მოითხოვა - დემეტრაძეს დაკავების დროს სახეზე დაზიანება მიუღია და ამ მხრივ იყო თუ არა გამოძიება ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე 2010 წლის 8 ივნისს დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - სამართალდამცავები მას ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ.

დემეტრაძის საქმესთან დაკავშირებით "რეზონანსს" ფეხბურთელის ადვოკატი მარიკა ფხალაძე ესაუბრა.

- სტრასბურგში
გიორგი დემეტრაძის სარჩელი გააგზავნეთ. თუ დაიწყო სარჩელის განხილვა?

- ერთი კვირის წინ დასტური მივიღეთ, რომ საქმე წარმოებაშია მიღებული და მას ნომერი მიენიჭა. დემეტრაძემ დაკავების დროს სახეზე დაზიანება მიიღო და ამასთან დაკავშირებით ხარვეზი იყო გამოვლენილი სარჩელში.

სტრასბურგიდან გვკითხეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თუ იყო დაწყებულიო. ამ ხარვეზთან დაკავშირებით დოკუმენტები გვაქვს შესავსები და განხილვაც დაიწყება.

- საქმის განხილვა როდის დაიწყება?
- პროცედურულად ასე ხდება - ჩვენი საჩივარი თანდართული მასალებით საქართველოს მთავრობას ეგზავნება. მათ ენიშნებათ ვადა ამ საჩივარზე თავიანთი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. შემდეგ მთავრობის პოზიციას გვიგზავნიან უკან და გვინიშნავენ ვადას ამ არგუმენტებზე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად.

თუ დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა ევროსასამართლოს, გამოითხოვენ. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და რამდენ ხანს გაგრძელდება, ვერ გეტყვით.

- როგორც ირკვევა, დემეტრაძეს დაკავების დროს დაზიანება მიუღია. თუ მოითხოვთ ამ მიმართულებით გამოძიებას?
- ამასთან დაკავშირებით გამოძიება არ არის დაწყებული - არ ვითხოვდით რაიმე სახის დარღვევით აღიარებას. როდესაც გიორგი დააკავეს, გამოძიება ამბობს, რომ მას ხელში ფულით სავსე პარკი ეჭირა. დაზიანება მიიღო დაკავების პროცესის დროს. რა თქმა უნდა, ეს იყო მსუბუქი სახის და ეს ნათლად ჩანდა.

ჩვენი არგუმენტი იყო ასეთი - პიროვნებას, რომელსაც დაკავების დროს ძირს აგდებენ და დაზიანებას იღებს, შეუძლებელია, ფულის პარკი ხელში სჭეროდა და ელემენტარულად, არ გაეშვა.

- თავად გიორგი როგორ არის?
- ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად არის.

მარი მგალობლიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავისუფლება გიორგი დემეტრაძეს!
უსამართლო სასამართლოს სირცხვილი!
დუდუ
17:23 27-03-2012
0

სიახლეები პოპულარული