Financial Fair Play - უეფა კლუბებს 2013 წლისთვის ამზადებს

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთში მალე ახალი წესი ამოქმედდება, რომელსაც ასე ჰქვია - Financial Fair Play. ეს წესი საერთო იქნება უეფას წევრი ყველა ქვეყნის კლუბისთვის; ცხადია - ქართული გუნდებისთვისაც.

ევროპის კლუბთა ასოციაცია (ECA), რომელიც G14-ის ბაზაზე შეიქმნა და რომელსაც სათავეში კარლ-ჰაინც რუმენიგე უდგას, ევროპული კლუბების ინტერესებს იცავს, თანამშრომლობს უეფასთან და ოპოზიციაშია ფიფასთან. სწორედ ამ ორგანიზაციამ წამოსწია წინ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა - ფეხბურთელთა ხელფასების უთავბოლო ზრდა, რაც ხშირად კლუბთა გაკოტრებასაც კი იწვევს.

ფეხბურთს, ისევე, როგორც ყველაფერს, მდიდრები მართავენ, არაერთ მილიონერს თუ
მილიარდერს აქვს საკუთარი კლუბი და არ იშურებს სახსრებს კარგი ფეხბურთელების ასაყვანად. ამის გამო, არცთუ იშვიათად, კლუბის შემოსავალი გასავალზე ნაკლებია. ოლიგარქების კლუბებისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობენ არაოლიგარქული კლუბები, გამოაქვთ კრედიტები ბანკიდან, შემდეგ ვერ ისტუმრებენ ვალებს და მიდიან დაღმა.

ყოველივე ეს არათანაბარ პირობებში აყენებს კლუბებს. მაგალითად, "ჰოფენჰაიმი" ეკუთვნის მილიონერს, "ფრაიბურგს" კი, უბრალოდ, აქციონერები ჰყავს და კლუბის საქმეებს საბჭო მართავს. შესაძლოა, "ფრაიბურგი" "ჰოფენჰაიმზე" კარგად მუშაობს, როგორც სპორტული, ისე მარკეტინგული თვალსაზრისით, მაგრამ "ჰოფენჰაიმის" მფლობელს აქვს საშუალება, საკუთარი ფული დაახარჯოს კლუბს და სხვა კლუბზე წინ აღმოჩნდეს.

ერთი სიტყვით, პრობლემა მწვავედ დადგა და ევროპული კლუბების ასიციაციამ უეფასთან ერთად გამოსავალის მოძებნა დაიწყო - ასე გაჩნდა ფინანსური ფეარ პლეი, ანუ ფინანსური სამართლიანი თამაში.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა - ქართული კლუბები რომ დოტაციაზე არიან, მათზე ეს წესი როგორ აისახება?

უეფამ და კლუბთა ასოციაციამ ეს ფაქტორიც გათვალეს. ფინანსური ფეარ პლეის წესებში არის ასეთი პუნქტი - თუ კლუბის რელევანტური შემოსავალი 5 მილიონ ევროს ვერ აღწევს, კლუბს აქვს უფლება, რომ ჰქონდეს არარელევანტური შემოსავლები. რელევანტური შემოსავალი ნიშნავს ტრანსფერებიდან, ტელეტრანსლაციებიდან, ბილეთებიდან, ატრიბუტიკის გაყიდვიდან, სპონსორებიდან, საპრიზო ფონდებიდან და სხვა მარკეტინგული საშუალებებით მოპოვებულ თანხებს. არარელევანტური შემოსავალი კი სწორედ ის არის, როცა კლუბს მფლობელი თუ ვინმე სხვა პირი ან ორგანიზაცია კეთილი ნებით აძლევს თანხებს.

ქართულ კლუბების შემოსავლის წყარო ნაირგვარი კი არის, თუმცა მეტწილად ეს არის დაფინანსება სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ან ცალკეული ბიზნესმენების სოციალური პროექტები. იმის გამო, რომ ასეთმა კლუბმა არსებობა არ შეწყვიტოს, მისთვის ნებადართულია, საჩუქრად მიიღოს ნებისმიერი რაოდენობის თანხა.

იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, თბილისის "დინამო" გავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და უეფადან მინიმუმ ხუთ მილიონ ევროს მიიღებს, ამის შემდეგ უკვე თვითონ უნდა ირჩინოს საკუთარი თავი და ვიღაცის ნაჩუქარი ფულის იმედად აღარ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ხუთმილიონბიუჯეტიანი კლუბი მაინც მიიღებს არარელევანტურ შემოსავლებს, უეფას ფინანსური კონტროლის პანელი განიხილავს ამ საქმეს და რაღაც ზომებს მიიღებს. შესაძლოა, ეს იყოს მხოლოდ მითითებები; შესაძლოა, უეფამ ამის გამო რაღაც აკრძალვები ან სხვა სანქციები დაუწესოს კლუბს. Break Even - ასე ჰქვია იმ წესს, არარელევანტური შემოსავლების შემთხვევაში რომ ამოქმედდება.

ერთი სიტყვით, საქმის არსი გასაგები უნდა იყოს. უეფა ცდილობს, ყველა კლუბი თანაბარ პირობებში ჩააყენოს, ფეხბურთი მხოლოდ მილიარდერების სპორტი არ გახდეს და დემოკრატიული შარმი შეუნარჩუნოს. შესაძლოა, ამ წესებში იურიდიული ნაპრალებიც გაჩნდეს, თუმცა არა გვგონია, რომ ამის ალბათობა დიდი იყოს.

ფინანსური ფეარ პლეი ძალაში 2013/14 წლების სეზონიდან შედის. ძალიან საინტერესოა, როგორ იმუშავებს უეფას ეს ნოვაცია და საით წავა ევროპული საკლუბო ფეხბურთი.

შორს არ არის ის დროც, როცა რომელიმე ქართული კლუბი რელევანტურად იშოვის წელიწადში მინიმუმ ხუთ მილიონ ევროს და ძალიან დამაინტრიგებელია, თუ ვინ იქნება პირველი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული