ვასილ გიგიაძე: კარიერა დავასრულე

AutoSharing Option
შარშან დეკემბერში უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თავდამსხმელს, ვასილ გიგიაძეს სიმფეროპოლის "ტავრიამ" კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

34 წლის ქართველი თავდამსხმელი იმედოვნებდა, რომ სხვა კლუბში ითამაშებდა, მაგრამ დაიწყო უკრაინაში სეზონი, გიგიაძე კი არსად ჩანდა.

გიგიაძე ორი დღის წინ, "ზესტაფონი" - "ტორპედოს" შეხვედრაზე ვნახეთ და აქ ყოფნის მიზეზითაც დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ ვეტერან ფორვარდს კარიერა დაუსრულებია ...

კარიერა
ვასილ გიგიაძემ თამაში დაიწყო დაიწყო ქუთაისის "ტორპედოში", გამოდიოდა პირველი ლიგის "რწმენაში", ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშა ორი სეზონი, მაგრამ მწვრთნელთან უთანხმოების გამო, სამტრედიის "იბერიაში" გადავიდა.

1999 წელს
თბილისის "დინამოში" ჰოლანდიელმა იოჰან ბოსკამპმა მიიწვია, მაგრამ მალე მოსკოვის "ტორპედოში" აღმოჩნდა; მოსკოველებთან ორი კვირა ვარჯიშობდა და მისი ჩარიცხვა გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ როდესაც საქმე ხელშეკრულების გაფორმებამდე მივიდა, პირად პირობებზე ვერ შეთანხმდა და ასე აღმოჩნდა 2000 წლის ზაფხულში გიგიაძე სიმფეროპოლის "ტავრიაში", სადაც მოიპოვა კიდეც აღიარება.

გიგიაძე მალე დამკვიდრდა სიმფეროპოლელთა ძირითად შემადგენლობაში, გახდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი, უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა. 2003 წელს გადავიდა ელისტის "ურალანში", მაგრამ ფინანსური პრობლემებში ჩავარდნილი კლუბი მალე დატოვა და 2004 წელს "ტავრიას" დაუბრუნდა.

სეზონის ბოლოს ხელშეკრულების გაგრძელება საკმაოდ კარგი პირობებით შესთავაზეს. ამ დროისთვის, ოთხი უკრაინული კლუბი იწვევდა, საიდანაც კრივოი როგის "კრივბასი" ამჯობინა. მაგრამ იქაც ფინანსური პრობლემებს წააწყდა, რამაც აიძულა ახალი კლუბი მოეძებნა, თითქმის გადაწყვეტილი იყო გიგიაძის ბუქარესტის "რაპიდში" ჩარიცხვა, მაგრამ მოლაპარაკებების დასრულებამდე კრივოიროგელებმა მოლაპარაკება ჩაშალეს და "კრივბასში" დააბრუნეს - მას კონტრაქტი დასრულებული არ ჰქონდა და რუმინელებს მილიონი დოლარი მოსთხოვეს, რაზეც "რაპიდი" არ დათანხმდა.

მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა კრივოი როგში დარჩენაც აღარ ისურვა და 2007 წლის ზაფხულში მოულოდნელად უმაღლესი ლიგის დებიუტანტ ახტირკის "ნეფტიანიკში" გადავიდა.

2008 წელს სიმფეროპოლში "ტავრიაში" მესამედ დაბრუნდა, 2010 წელს გუნდთან ერთად უკრაინის თასს დაეუფლა. დეკემბერში 34 წლის ქართველ თავდამსხმელს კონტრაქტი დაუსრულდა და რადგან "ტავრიას" მთავარმა მწვრთნელმა სემიონ ალტმანმა მასთან თანამშრომლობა აღარ ისურვა, ხელშეკრულებაც აღარ გახანგრძლივდა და კარიერა დაასრულა.

ვასილ გიგიაძე იყო საქართველოს ეროვნული გუნდის წევრი. დებიუტი ალენ ჟირესის დროს ჰქონდა, მაგრამ თავის გამოჩენის რეალური შანსი არასოდეს ჰქონია.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფეხბურთს თამაშობდა მისი ტყუპისცალი სოსოც, რომელმაც კარიერა ტრავმის გამო დაასრულა.

ვასილ გიგიაძე
დაიბადა 1977 წლის 3 ივნისს ქუთაისში

სიმაღლე - 176 სმ, წონა - 77 კგ.
პოზიცია- თავდამსხმელი

კარიერა
1993-1994 "ტორპედო 2" (ქუთაისი) 23 (6)
1994-1996 "რწმენა" 49 (27)
1996-1997 "ტორპედო" (ქუთაისი) 22 (2)
1997-1999 "იბერია" (სამტრედია) 38 (20)
1999-2000 "დინამო" (თბილისი) 8 (1)
2000-2003 "ტავრია" 70 (24)
2003-2004 "ურალანი" 30 (4)
2004-2005 "ტავრია" 26 (9)
2005-2007 "კრივბასი" 56 (20)
2007-2008 "ნეფტიანიკი" 13 (0)
2008-2011 "ტავრია" 47 (4)
2005-2007 საქართველოს ნაკრები 6 (0)
2009/10 უკრაინის თასის გამარჯვებული

წარსულს ნუღარ გავიხსენებთ ...
ვასილ გიგიაძე გვიყვება თავის კარიერაზე, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რატომ არ ათამაშებდნენ საქართველოს ნაკრებში, რას ფიქრობს ჩვენს ჩემპიონატზე და ა.შ.

- ამბობდი, რომ თამაშის გაგარძელებას აპირებდი. ახლა კი წერტილი დასვი. ასეთი რა მოხდა?
- მართლა ვაპირებდი თამაშს, მქონდა ვარიანტებიც, ცალკე "ტავრია" მთავაზობდა დარჩენას, მაგრამ საბოლოოდ მაინც კარიერის დასრულება გადავწყვიტე.

- ანუ უკრაინაში არანაირი ვარიანტი აღარ გქონდა?
- იყო რეალური წინადადება ლუგანსკის "ზარიადან", მაგრამ მე რომ ვჭირდებოდი, ის მწვრთნელი დეკემბერში მოხსნეს და წასვლას აზრი აღარ ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, კარიერის მხოლოდ "ტავრიაში" გაგრძელება და იქვე დასრულება მსურდა. მათ კი გუნდში მუშაობა შემომთავაზეს, მწვრთნელად, სელექციონერად, ან ჩემთვის სასურველ სხვა რანგში.

- საქართველოში თამაში არავის შემოუთავაზებია?
- აქ ინტერესიც არავის ჰქონია.

- თუ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდი, "ტავრიას" კარგი წინადადება შემოუთავაზებია და უარი რატომ თქვი?
- უცხოეთში 11 წელი ვიცხოვრე და დავიღალე, საკუთარი სახლი და ოჯახთან ყოფნა მომენატრა. თუმცა, უკრაინაში მართლაც შემეძლო კარიერის აწყობა.

- საქართველოში რას აპირებ?
- ვფიქრობ, ცოტას დავისვენებ და ალბათ, მწვრთნელობას დავიწყებ. რა თქმა უნდა, სწავლასა და ლიცენზიის მიღებაზეც ვფიქრობ.

- პირველად საქართველოს ნაკრებში მხოლოდ მაშინ მოგიწვიეს, როდესაც უკრაინაში გაღიარეს. მაგრამ შენთვის ნაკრების კარი მაინც დაკეტილი იყო.
- სამწუხაროდ, ასე იყო. როდესაც კარგ ფორმაში ვიყავი, გუნდში 90 წუთს ვთამაშობდი და გოლებიც გამქონდა, მაშინაც არ მიძახებდნენ. მერე ყურადღება კი მომაქციეს, მაგრამ ბოლომდე არ მენდობოდნენ, თავდამსხმელ კაცს ფლანგზე მათამაშებდნენ, ერთხელ სულ გადამრიეს, საყრდენად დამაყენეს. ჩემთვის გაუგებარი იყო, საყრდენად რა უნდა გამეკეთებინა? რა დასამალია, გული მწყდებოდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია.

- თუ არ მეშლება, ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც არასოდეს გითამაშია.
- დიახ, არასოდეს არც ერთ ნაკრებში არ მითამაშია. აღარ მინდა წარსულის გახსენება, რაც ხდებოდა, ჩემზე კარგად იცით. მაგრამ ბოღმას გულში არ ვიდებ, არ ვარ ასეთი ადამიანი; მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა. 11 წელი უცხოეთში ტყუილად არავინ გამაჩერებდა.

- "ზესტაფონი"-"ტორპედოს" თამაშს დაესწარი და საინტერესოა შენი აზრი, რა კომპონენტებში ჩამოვრჩებით უკრაინელებს?
- უკრაინელი სპეციალისტი რომ ჩამოვიდეს, უპირველესად, თვალში ჩვენი მოთამაშეების არასაკმარისი ფიზიკურ მომზადება და ნაკლები მოძრაობა მოხვდება. იქ წარმოუდგენელია, ვინმე გაჩერდეს და არ იმოძრაოს. უკრაინამდე ბევრი გვიკლია. კარგად მომზადებული უკრაინელი ჩვენთან ნაკლებად დაიღლება. ისინი ყველაზე დიდი მნიშვნელობას სწორედ "ფიზიკას", თეორიულ განათლებასა და მოძრაობას აქცევენ. და თუ ჩვენ გვინდა, რომ მოთამაშეები საშუალო ევროპულ დონემდე მაინც განვითარდნენ, ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მივაქციოთ.

- ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი არ უნდა იყოს, მაგრამ წლებია, არაფერი ეშველა.
- ეს ჩემპიონატის დონიდან, კლუბების მომზადებიდან და ინერციიდან გამომდინარეა. არადა, არიან საინტერესო მოთამაშეები, რომელთაც წინსვლა შეუძლიათ.

პირობებსაც ყურადღება უნდა მიექცეს: აქ თუ დიდი ფული არ ჩაიდება, დიდი ფეხბურთიც არ გვექნება. უკრაინისა და ჩვენს პირობებს შორის კი დიდი განსხვავებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული