"ჩიხურასთვის" ეს პირველი სეზონი როდია, უმაღლეს ლიგაში მოხვედრისთვის რომ იბრძვის. მანამდე ის სტაბილურად მოწინავე გუნდი იყო პირველ ლიგაში, ახლა კი უფრო დიდი გამოწვევის წინაშეა.
რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ კიდევ ერთი მოღონიერებული საფეხბურთო რეგიონი შეემატება ქართულ ფეხბურთს.
"ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ტელეფონით დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით. საუბარი კი "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩით დავიწყეთ.
- "ვიტ ჯორჯია" ამ მატჩამდე პლეი
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენ უფრო მონდომებულები ვიყავით და ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად განაპირობა მატჩის შედეგი. პირველი ტაიმით კმაყოფილი დავრჩი. საერთო ჯამში, თანაბარი თამაში გამოვიდა, თუმცა ცალკეულ ეპიზოდებში მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით.
- "ვიტ ჯორჯიამ" რა სტრატეგია დაგიპირისპირათ?
- სტუმრებს მეორე ნომრად არ უთამაშიათ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ქვედა რვა გუნდში "ვიტ ჯორჯია" ერთ-ერთი საუკეთესოა. მეტოქემ რამდენჯერმე შემოგვიტია, ერთი სახიფათო მომენტიც შექმნა.
- თქვენს გუნდში საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც არაერთი სეზონი უთამაშიათ უმაღლეს ლიგაში. როგორ ფიქრობთ, "ჩიხურას" ეს სეზონი უმაღლეს ლიგაში რომ დაეწყო, რა პოზიციაზე იქნებოდა?
- ალბათ, ცხრილის შუაში ვიქნებოდით, სადაც "ბაია", "მერანი" და "კოლხეთი" არიან.
- კონკრეტულად ვინ პატრონობს "ჩიხურას", რა ფინანსური ზურგი აქვს კლუბს?
- კლუბს "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს. მიმართულება ასეთია - საჩხერეში ფეხბურთი უნდა აღორძინდეს.
უკვე მეოთხე წელია, რაც საჩხერეში საფეხბურთო აკადემია ფუნქციონირებს, სადაც 450 ბავშვი იღებს საფეხბურთო განათლებას. გვყავს მეორე და კიდევ სამი ასაკობრივი გუნდი.
აკადემიაში ოცდაორი ლიცენზირებული მწვრთნელია დასაქმებული. ჩვენს განკარგულებაშია სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი და მინდვრის მოედანიც კომპიუტერული სარწყავი სისტემით. დაგეგმილია ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია.
ერთი სიტყვით, საჩხერეში საქმე კეთდება.
- სპორტული თვალსაზრისით, ვინ ხელმძღვანელობს ამ პროექტს?
- პროგრამის ხელმძღვანელი მე გახლავართ.
- თუ "ჩიხურა" უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებს, დაფინანსება გაიზრდება?
- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა უმაღლეს ლიგაში გადასვლა თავისთავად გულისხმობს დაფინანსების გაზრდას.
- "ჩიხურაში" მეტწილად მოწვეული ფეხბურთელები თამაშობენ...
- არიან ადგილობრივი კადრებიც - თორნიკე მუმლაძე და ბესიკ დეკანოიძე. "ჩიხურას" აღზრდილია გიორგი ბეგაშვილიც, რომელიც ახლა "გაგრაში" თამაშობს. გიორგი ქიმაძე და ალექსანდრე ივანიშვილი - "ჩიხურას" საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდები არიან.
- გულშემატკივრების დასწრების მხრივ რა ვითარებაა საჩხერეში?
- ტრიბუნაზე 600 მაყურებლის ადგილია, "ვიტ ჯორჯიასთან" კი უფრო მეტი გულშემატკივარი მოვიდა.
- "ჩიხურა" ხუთი ტურის შემდეგ პლეი აუტის ლიდერია - ეს იმას ნიშნავს, რომ ცალი ფეხით უმაღლეს ლიგაში ხართ?
- ჩვენ მხოლოდ ნაბიჯი გადავდგით უმაღლესი ლიგისკენ და ეს ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს. განწირული აუტსაიდერი პლეი აუტს არ ჰყავს. ზოგს ოზურგეთის "მერცხალი" ეგონა მაჩანჩალა, მაგრამ ამ გუნდმა წინა ტურში "გაგრასთან" სტუმრად ფრე ითამაშა.
- ტრივიალური კითხვაც - ქვედა რვიანში რომელ გუნდებს აქვთ უკეთესი შანსი?
- უმაღლეს ლიგაში მოხვედრის შანსი ყველა გუნდს აქვს. პლეი აუტში პირველი ლიგიდან მოხვედრილ გუნდებს უმაღლესლიგელებთან თამაშები ძალიან გამოადგათ, კარგი პრაქტიკა და გამოცდილება მიიღეს.
კალენდარი მჭიდროა. ასეთ დროს კი კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს პირობები - მომზადება, კვება, დასვენება - ვისაც ეს კარგად ექნება მოგვარებული, წინაც ის აღმოჩნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"