C კატეგორიის მწვრთნელების გადამზადება იწყება

AutoSharing Option
მაისიდან სფფ-ისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, C კატეგორიის მქონე მწვრთნელების გადამზადება დაიწყება. 

პროექტის უმთავრესი მიზანია, C კატეგორიის მქონე მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა შემდგომ მათ B ლიცენზიის აღება გაუადვილდეთ.

ამიერიდან წესები საკმაოდ გამკაცრდება და მხოლოდ მათ მიეცემათ მაღალი კატეგორიის მქონე ლიცენზიები, ვინც დაწესებულ სტანდარტებს ყოველმხრივ დააკმაყოფილებს.

გადამზადების მსურველ მწვრთნელთა განცხადებების მიღება სფფ-ში 17-იდან 25 აპრილის ჩათვლით იწარმოებს. ამას გარდა, მათ ტესტირების გავლაც მოუწევთ. რაც ყველაზე მთავარია, გადამზადების პროცესს უშუალოდ გაუძღვებიან და უხელმძღვანელებენ ესპანელი მწვრთნელები, რომლებიც "ვალენსიას" საფეხბურთო აკადემიას წარმოადგენენ.

სწავლება 12-კვირიანი იქნება და ეს სპეცკურსები "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ჩატარდება. მწვრთნელები, რომლებიც გადამზადების კურსებს ვერ გაივლიან, 12 წელს ზემოთ ბავშვებთან მუშაობის უფლება აღარ ექნებათ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელებისთვის სწავლება უფასო იქნება. ყველა ხარჯს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაფარავს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული