ვისი იმედი აქვს თბილისის "დინამოს" ძნელბედობის ჟამს

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანმა კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

გიორგი დევდარიანი: "მივიღე გადაწყვეტილება "დინამოს" დატოვების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩემსა და ფეხბურთელებს შორის არ შედგა კომუნიკაცია. ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით.

წლების მანძილზე ბავშვებთან მუშაობის შედეგად, ფეხბურთელების მხრიდან მიჩვეული ვიყავი სათამაშო დისციპლინის სრულ მორჩილებას, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე.

ძალიან გამიჭირდა წლების მანძილზე ჩემს გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებზე უარის თქმა, მაგრამ წინ "დინამო" დავაყენე, ვინაიდან ძალიან მჯეროდა წარმატების.

სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა. როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა
დატოვოს თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა. მე ისევ ვრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში"
.

გიორგი დევდარიანი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1 თებერვლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 11 მატჩი გამართა, 4 მოიგო და 7 ფრედ დაასრულა.

საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის გიორგი დევდარიანს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

"დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს გუნდის მეორე მწვრთნელი რამაზ მუმლაძე შეასრულებს
.

(თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი)

* * *
"დინამო" ყველანაირად განსაკუთრებული კლუბია და როცა ამ გუნდის მწვრთნელად ინიშნებიან, ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული.

რა თქმა უნდა, უცხოელს ისე კარგად ვერ ესმის დინამოური ვითარება, როგორც ჩვენებურს. უცხოელს ამისთვის დრო სჭირდება, დრო კი ამ "დინამოსთვის" ძალიან ძვირფასია - კლუბი საფრთხის წინაშეა. შესაძლოა, "დინამო" ევროსაგზურის მიღმა დარჩეს.

რამაზ მუმლაძეს გამოცდილება არ აკლია, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მუმლაძეს ზოგადის გარდა, დინამოური გამოცდილებაც აქვს. დიღმის ბაზაზე წლობით თუ არ გიმუშავია, სხვანაირად ვერ შეიცნობ იქაურობას. დროა საჭირო, რომ უტყვი საგნებიც კი შენი მოკავშირე გახდეს.

ოფიციალურად მუმლაძე დროებით მწვრთნელად დაინიშნა. მას მცირე დროც კი ლიმიტირებული აქვს - გუნდს ჯიქურ უნდა უშველოს.

მუმლაძის თამაში არ მინახავს, ოდენ გადმოცემით ვიცი, კარგი, მომტყუებელი შემტევი იყოო. ის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა და მაშინ ეს არ იყო პატარა საქმე.

მუმლაძე მწვრთნელიც კარგი გამოდგა - მისი სამწვრთნელო ბიოგრაფიაა ამის დასტური. ის წლობით მუშაობდა "დინამოში" მწვრთნელად და როცა კლუბს ორი გუნდი ჰყავდა, "დინამო" და "თბილისი", საინტერესო მთავარ მწვრთნელადაც პირველად მაშინ გაგვეცნო. მუმლაძის გაწვრთნილ "თბილისში" ის დინამოელები თამაშობდნენ, პირველი გუნდის მომავალს რომ წარმოადგენდნენ. "თბილისი" ისეთი გუნდი იყო, "დინამოს" ტოლ-სწორად რომ ეთამაშებოდა. მუმლაძის ხელში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღმოჩნდა. ასეთებთან მუშაობა კი მწვრთნელისთვის ცხონებაა; ის გამოცდილებაა, რაც მომავალში უთუოდ გამოადგება.

2005 წელს მუმლაძემ მორიგი, უფრო სერიოზული გამოწვევა მიიღო - თბილისის "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს იყო შანსი. მუმლაძეს უნდა დაემტკიცებინა, რომ საკმაოდ სერიოზული მწვრთნელია და ყველა დონეზე შესწევს უნარი, იყოს წარმატებული.

"ვიტ ჯორჯია" არ არის ისეთი გაქანების კლუბი, როგორიც "დინამო". სავარჯიშო თუ სათამაშო პირობები, დაფინანსება - სხვაობა მაშინაც არ იყო პატარა. სამაგიეროდ, გამოწვევა იყო დიდი მუმლაძისთვის. არც "ვიტ ჯორჯიაშია" მწვრთნელისთვის იოლი მუშაობა. ამ კლუბსაც საკუთარი სპეციფიკა აქვს.

მუმლაძის დროს "ვიტ ჯორჯია" უფრო ამბიციური იყო და შესაბამისად, მწვრთნელსაც სათანადო ამოცანები დაუსახეს.

ურთიერთობა ფეხბურთელებთან, კლუბის პრეზიდენტთან და დირექტორატთან - მუმლაძემ ეს გამოცდა წარმატებით გაიარა. ეს ის ფუნდამენტი იყო, რაზეც უნდა დაეშენებინა გუნდი.

ფეხბურთელების შესაძენად დიდ თანხებს "ვიტ ჯორჯია" არ იხდიდა. კლუბს არ ჰქონდა საკუთარი ბაზა, ვარჯიშობდა მცხეთაში და საშინაო მატჩებს თამაშობდა გორში. მუმლაძის გუნდი კი ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

ოთხი წლის განმავლობაში "ვიტ ჯორჯია" ორჯერ გახდა ჩემპიონატის პრიზიორი, 2009 წელს კი ჩემპიონობა მოიპოვა. ჟურნალისტთა გამოკითხვით, მუმლაძე ორჯერ დასახელდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად. მუმლაძე უკვე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. "ვიტ ჯორჯიას" წარმატებები უფრო მას უკავშირდებოდა, ვიდრე კლუბის პრეზიდენტს გურამ რუხაძეს - როგორც კი ასეთი ტენდენცია გაჩნდა, ურთიერთობაც დაიძაბა.

მუმლაძის ხელში დაწინაურდნენ ჯაბა ლიპარტია, ვახტანგ კვარაცხელია, ალექსანდრე კვახაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, ლუკა რაზმაძე.

მუმლაძეს ოპოზიციაც ჰყავდა კლუბში. იმასაც კი ამბობენ, "ვიტ ჯორჯიადან" "დინამოში" მიდიოდნენ და ინფორმაციის გაცემას სთავაზობდნენო.

მუმლაძე მაგრად იდგა. მის ხელში "ვიტ ჯორჯია" პრინციპულ თამაშებს იგებდა. არაერთხელ დაამარცხა "დინამო" ისე, რომ მწვრთნელის ხელი აშკარად იგრძნობოდა.

მუმლაძემ დროულად დაინახა გიორგი ჯანელიძის ნიჭი, რომელიც ახლა "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

2009 წელს "ვიტ ჯორჯია" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიურ "მარიბორს" შეხვდა. შინ 0:0 ითამაშა, სტუმრად 1:3 წააგო.

საქართველოს ჩემპიონატი რომ განახლდა, "ვიტ ჯორჯიამ" "გაგრასთნ" მოულოდნელი ანგარიშით, 0:4 წააგო. მუმლაძეს უთხრეს, გადაწყვეტილება მიიღეო და გზებიც გაიყარა.

ის დიდი ხნით არ დარჩენილა უმუშევარი. კომპანია "ვისოლმა" ჯერ საფეხბურთო სკოლა "ავაზა" ჩააბარა, მერე კი - ქუთაისის "ტორპედო".

მუმლაძემ იქ ახალი გუნდის შექმნა განიზრახა, რაც მოკლე დროში ვერ მოხდებოდა. მისი გაწვრთნილი "ტორპედო" შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ თამაშებს ვერ იგებდა. მუმლაძეც წავიდა.

ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი რუსთავის "ოლიმპს" თავკაცობდა, მერე "დინამოში" დაბრუნდა, დუბლებს წვრთნიდა. ბოლოს კი გიორგი დევდარიანს ეხმარებოდა პირველ გუნდში.

მუმლაძე ისეთია, მასზე დაყრდნობა რომ შეიძლება. ალბათ, ამიტომაც უხმეს ძნელბედობის ჟამს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პისკოვეცი მაგარი კაცია. დისციპლინაც უყვარს და როგორც მწვრტნელი ძლიერია
messi
21:54 19-04-2012
0
ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა დინამოს მფლობელმა დევდარიანის გაშვებით,რადგანაც ესეთ ამბიციურ (კარგი გაგებით)მწვრთნელს ყოველთვის აქვს სურვილი,რომ იყოს პირველი და ამის მიღწევა შეიძლებოდა,რომ მიეცათ საშუალება.1,5 თვე ნამდვილად არ იყო საკმარისი,რომ სხვისი შეცდომები(გუნდის პატრონი,მწვრთნელი)გამოესწორებინა
0

სიახლეები პოპულარული