რევაზ არველაძე: ქართულ ფეხბურთს ყველგან უჭირს

AutoSharing Option
ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს აქეთურ-იქეთურზე ვესაუბრეთ: ეროვნული ჩემპიონატი, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეროვნული ნაკრები...

ყველა ამ თემას ერთი ინტერვიუ ვერ მოიცავს, თუმცა ეს საკითხები ჟამიდან ჟამს აწუხებს ქართულ ფეხბურთს და მის გულშემატკივარს.

გენმდივანთან ინტერვიუ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის სისტემით დავიწყეთ...

- არაერთი ისეთი თამაში ვნახეთ, გუნდს მოგება რომ არ აძლევდა ხელს, ან უბრალოდ მოტივაცია არ ჰქონდა - მოგწონთ ეროვნული ჩემპიონატის ეს სისტემა?
- ყველა ჩემპიონატში გამოირევა ხოლმე ისეთი მატჩები, ამა თუ იმ გუნდს მოტივაცია რომ არ აქვს.

ჩემპიონატის პლეი ოფად დაყოფა ჩვენი
მოგონილი არ არის, ბევრ ქვეყანაში აკეთებენ ამას. იმას არ ვამტკიცებ, რომ ეს სისტემა საუკეთესოა. ჩემპიონატის მონაწილე კლუბებმაც ხომ თავიდანვე იცოდნენ, ამ სისტემით რომ მოუწევდათ თამაში. თუ რა დადებითი და უარყოფითი მოიტანა ამ სისტემამ, ამის ანალიზი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს. ფაქტია, ქვედა რვა გუნდში დაძაბული ვითარებაა, საუკეთესო რვიანშიც უშეღავათო ბრძოლა მიდის ჩემპიონობისთვის და ევროსაგზურებისთვის.

კითხვის არსი კარგად მესმის და უნდა გითხრათ, რომ ბევრ ჩემპიონატში ხდება, როცა ტურნირის დასრულებას 5-6 ტური უკლია და ცხრილის შუაში მყოფი გუნდები 14-15 ქულით არიან დაშორებულები ლიდერებთან და მაჩანჩალებთან.

- ბოლო დროს მომრავლდნენ ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო გუნდები, ანუ ქვეყანაში არის რესურსი და ის ნაწილდება ასეთ კლუბებზე. ფეხბურთის ფედერაციას არ ჰქონია კონსულტაციები სახელმწიფოსთან საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე?
- ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის ამ თემაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

- გასაგებია, მაგრამ საბიუჯეტო კლუბების მომრავლებამ უკვე ტენდენციის სახე მიიღო...
- ვისაც რა საშუალება აქვს, ისე აკეთებს საქმეს. მიმაჩნია, რომ არანაირ ინვესტიციაზე არ ღირს უარის თქმა. ქართულ კლუბებში რაც მეტი იქნება ინვესტიცია კერძო სექტორიდან, მით უკეთესი, მაგრამ ჩვენ ამას ვერავის დავაძალებთ.

- თუ სანაკრებო თემაზე შეიძლება თანამშრომლობა სახელმწიფოსთან, საკლუბომ რა დააშავა?
- სახელმწიფო ჩვენს ნაკრებებს რომ ეხმარება, ეს მისი კეთილი ნებაა. ამ დახმარებით ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს ორ-სამჯერ უფრო კარგად ვინახავთ, ვიდრე მანამდე. სახელმწიფო ინფრასტრუქურულ პროექტებშიც გვეხმარება - გაკეთდა მინდორი ფოთსა და გორში, ხელოვნური მოედანი კეთდება ქობულეთში.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე უფრო სად უჭირს ქართულ ფეხბურთს, რა არის ყველაზე პრობლემატური ამ დროისთვის?
- ჯერჯერობით ქართულ ფეხბურთს ყველა მიმართულებით უჭირს. ჩემი აზრით, ყველაზე მწვავედ დგას კარგი მოედნების და კვალიფიციური მწვრთნელების საკითხი. საქართველოში სავარჯიშო პირობები საშუალო ევროპულს რომ მიუახლოვდეს, კარგი იქნებოდა...

- ეროვნულ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. გაჩნდა მითქმა-მოთქმა, რომ მომავალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება...
- ფედერაციაში ეს საკითხი არ განხილულა. დღევანდელი გადმოსახედიდან, თექვსმეტგუნდა ჩემპიონატი ალბათ არ გვექნება, სისტემაში კი შესაძლოა შევიდეს ცვლილებები.

- ჩემპიონატის სპონსორთა წრე არ გაფართოვდება? ალბათ ყველას აინტერესებს, გაუჩნდებათ თუ არა კლუბებს დამატებითი შემოსავლები...
- მოგეხსენებათ, კომპანია "სოკარი" ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორია და ამის გარდა მიხეილ მესხის სტადიონის მეორე მოედანზე ახალ საფარს დააგებს. ფედერაცია კი ამ მეორე მოედნის დანარჩენ ინფრასტრუქტურას მიხედავს.

საქმე იქითკენ მიგვყავს, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მეორე არენამ უეფას მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

- კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ მეორე მოედანთან?
- გასახდელები და ტრიბუნა თავისი ვიპ-ით. მეორე და მთავარ მოედანს შორის ისეთი კონსტრუქცია აღიმართება, რომ მთავარ არენას ორი გადახურული ვიპ ზონა ექნება, ახალ ნაგებობაში ლიფტებიც დამონტაჟდება. ყოველივე ეს უსწრაფესად უნდა გავაკეთოდ - ასეთია ჩვენი გეგმა.

- ეროვნულ ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. კახა კალაძე საკუთარი სურვილით წავიდა გუნდიდან, ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ნაკრებში აღარ იწვევენ. არ გეჩვენებათ, რომ ასეთ ფეხბურთელებს ეტიკეტის დაცვის გარეშე ელევა ნაკრები?
- ვინც თქვენ დაასახელეთ, ყველა ამ ფეხბურთელს ეკუთვნის მადლობა და გამოსათხოვარი მატჩი. ამ ეტაპზე გადაჭრით არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვინ აღარ ითამაშებს ნაკრებში. ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება...

- ჯერჯერობით სასიკეთო ცვლილებები არ ჩანს ეროვნულ ნაკრებში. ფედერაცია კონკრეტულად რა მიზანს უსახავს ეროვნულ ნაკრებსა და მის მწვრთნელს დამდეგ შესარჩევში?
- ფედერაციის მხრიდან მწვრთნელის მიმართ არ არის კატეგორიული მოთხოვა ამა თუ იმ ადგილის დაკავებაზე. ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ - თუ ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ, ნორმალური შედეგი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქობულეთში ხელოვნური საფარი?ი
0
იქ სადაც წელიწად-12თვე ბალახი ბიბინებს,ხელოვნური საფარის დაგება აზრად როგორ უნდა მოუვიდეს კაცს არ მესმის.
hunter
14:39 22-04-2012
0

სიახლეები პოპულარული