ომარ თეთრაძე: თბილისის "დინამოს" მწვრთნელობა დიდი პატივია, მაგრამ...

AutoSharing Option
17 აპრილს, კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი დევდარიანმა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა. თუმცა, "დინამოდან" გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ფიფია ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი თავკაცის, ომარ თეთრაძის კანდიდატურებს განიხილავს.

ცხადაძის კომენტარი უკვე შემოგთავაზეთ (იხილეთ ვრცლად), ის ჯერ კონკრეტულს არაფერს ამბობს.

ბოლო ცნობებით, მოლაპარაკება ომარ თეთრაძესთანაც არანაკლებ სერიოზულად მიმდინარეობს და ამტკიცებენ, თითქოს მისი დანიშვნაც რეალურია.

თეთრაძე 35-ე საფეხბურთო სკოლაში ზურაბ მაისურაძესთან ვარჯიშობდა, თბილისის "დინამოში" თამაშობდა და საქართველოს
ნაკრების ლიდერიც იქნებოდა, რომ არა მის მიმართ გამოვლენილი გულგრილობა.

საბჭოთა კავშირის, დსთ-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ კარიერა 2005 წელს სამარის "კრილია სოვეტოვში" დაასრულა და მას შემდეგ სხვადასხვა გუნდში იმუშავა - გაჯი გაჯიევს "კრილია სოვეტოვსა" და მახაჩყალის "ანჟიში" ასისტენტის რანგში ეხმარებოდა, მისი წასვლის შემდეგ კი დაღესტნელთა გუნდი დამოუკიდებლად ჩაიბარა, რუსეთის პრემიერლიგაში გადაიყვანა და მოულოდნელად გაუშვეს.

შემდეგ კი იგივე გზა გაიარა ნიჟნი ნოვგორდის "ვოლგაში". ეს გუნდი შარშან ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

რეალურია თუ არა თბილისის "დინამოში" მუშაობა, ამ კითხვით პირადად ომარ თეთრაძეს მივმართეთ:

- ეს ამბავი, მართლაც, მეგობარმა მითხრა, დაიწერა, თითქოს "დინამოს" გაწვრთნიო, მაგრამ პირადად არავინ დამკავშირებია. თანაც, აქ საქმის გამო კი არა, აღდგომის შესახვედრად ჩამოვედი და 21 აპრილს რუსეთში ვბრუნდები.

- თუმცა ამტკიცებენ, თითქოს "დინამოს" თავკაცებთან უკვე ილაპარაკეთ...
- მართლა არ გვისაუბრია, თორემ დასამალი რა იქნებოდა?!

- ბრძანეთ, რომ შემოთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ კარგ პირობებს შეგიქმნიან არა მხოლოდ თქვენ, არამედ "დინამოსაც". ასეც რომ იყოს, რუსეთის შემდეგ, ფსიქოლოგიურად და მოტივაციის კუთხითაც, საქართველოში მუშაობა არ გაგიჭირდებათ?
- მხოლოდ სულელი ან მატყუარა იტყვის, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მუშაობა არ სურს. ცხადია, ამაზე მეც ვფიქრობ, მაგრამ ახლა პირველი ლიგის ამბიციური კლუბი მიწვევს და უნდა დავილაპარაკოთ.

რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას: მთავარია, გუნდი ამბიციური იყოს და დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ასეთს რუსეთში გავწვრთნი თუ საქართველოში.

თბილისის "დინამო" კი პოსტსაბჭოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სახელოვანი და დიდი ტიტულების მქონე კლუბია, რომლის მთავარი მწვრთნელობაც ნებისმიერი სპეციალისტისთვის დიდი პატივი იქნება.

მაგრამ ვიმეორებ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ამბიციები გააჩნია "დინამოს". შესაძლოა, რუსეთის პირველი ლიგის კლუბი ასეთად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ პრემიერლიგაში გადასვლა და შემდგომ ევროთასებზე გამოსვლა თუ სურს, იქ მუშაობა მიღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული