"გაგრას" პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძის თქმით, უკრაინელებს მის კლუბთან თანამშრომლობა სურთ. დანარჩენზე კი "ვოლინის" წარმომადგენლები ილაპარაკებენ, რომელთაც საკმაოდ კარგად უნდა იცნობდეთ.
ანატოლი პისკოვეცი: რამდენიმე მოთამაშე გვაინტერესებს
წელს, 9 იანვარს, ლუცკის "ვოლინის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი დემიანენკომ თავის სამწვრთნელო შტაბში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ანატოლი პისკოვეციც შეიყვანა: "გაგრას" ყოფილი დამრიგებელი, რომლის ხელშიც გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა, ამჟამად "ვოლინის" ახალგაზრდული შემადგენლობის მთავარი მწვრთნელია.
"გაგრას" შემდეგ 63 წლის
- პოლონეთში ცოტა ხნით დავრჩი. იქ მუშაობა სასიამოვნო იყო, მაგრამ, დემიანენკომ "ვოლინის" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობა რომ შემომთავაზა, უარს ვერ ვეტყოდი. ბოლოს და ბოლოს, ჩემს ქვეყანაში ვარ. საქართველოდან კი იმიტომ კი არ მივდიოდი, რომ აქაურობა არ მიყვარდა, უბრალოდ, კიევი, ოჯახი, მეუღლე და შვილები ძალიან მენატრებოდნენ.
- ახლა თქვენი ჩამოსვლა და თამაშზე დასწრება რას მივაწეროთ?
- რამდენი ხანია, აღარ ვყოფილვარ. არადა, საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, დავმეგობრდით და აქაურობა ისე შემიყვარდა, ბევრჯერ მიფიქრია, ჩავალ-მეთქი, მაგრამ შესაფერისი დრო ვერ გამოვნახე. ახლა კი პატარა "ფანჯარა" გამოჩნდა და ჩამოვედი.
- უკრაინაში სეზონის მიმდინარეობისას თქვენი აქ ჩამოსვლა და თასის ნახევარფინალზე დასწრება გვაფიქრებინებს, რომ რომელიღაც მოთამაშეს აკვირდებით. თანაც, მარტო არ იმყოფებით...
- მართალს ბრძანებთ, შუა სეზონში საქმეს ტყუილად არავინ მიატოვებს. რატომ რომელიღაც ერთი ფეხბურთელი? რამდენიმე მაინტერესებს. ჩემთან ერთად დემიანენკოს ასისტენტიც იმყოფება. მოთამაშეებს ჯერ ვერ დაგისახელებთ, მაგრამ არ უარვყოფ, მათზე დასაკვირვებლად ჩამოვედით. თუმცა აქ ჩამოსვლამ მართლაც ძალიან გამახარა.
- თამაშზე რას იტყვით?
- მომეჩვენა, რომ "გაგრა" უფრო მონდომებულიც იყო და თამაშისთვის უკეთ მოემზადა. ჩვენ ხომ სათასო გუნდი გვყავდა. მაგრამ ბიჭები შეტევაში ოდნავ ნელა გადადიოდნენ, დაცვაშიც ერთმანეთს დროულად ვერ აზღვევდნენ. მაგრამ ეს არაფერია, ჯელაძე ნიჭიერი მწვრთნელია და მჯერა, გუნდს თავის ჭკუაზე მაინც მოიყვანს.
- ბოლო ტურში "ვოლინმა" ლვოვის "კარპატთან" წააგო, სადაც დაუშვილი თამაშობს...
- ლვოველთა შორის დაუშვილმა კარგად ითამაშა. ის საკმაოდ გაზრდილა. სხვათა შორის, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს სანდრო კობახიძეც: ეფექტური მოთამაშეა, საფეხბურთო ინტელექტიც გააჩნია და მიმაჩნია, რომ მაღალი დონის ფეხბურთელად ყალიბდება.
ვიკტორ მოროზი: შესაძლოა, ისევ ჩამოვიდეთ
პისკოვეცი "დილა"-"გაგრას" მატჩს დემიანენკოს ასისტენტთან, ვიქტორ მოროზთან ერთად დაესწრო. 44 წლის მოროზი საფეხბურთო წრეებში ცნობილი პიროვნებაა. თამაშობდა კიევის "დინამოში", ცაფრირიმ ჰოლონის "აპოელში", თელ ავივის "მაკაბში", უკრაინის ნაკრებში. იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ავარჯიშებდა უკრაინის პლაჟის ფეხბურთის ნაკრებს; 2007 წელს კი, რევაზ ჭოხონელიძის მიწვევით, კიევის "დინამოს" სელექციონერად მუშაობდა:
- აქ ჩამოსვლა ყველანაირად მაინტერესებდა. ბოლოს საქართველოში სამი წლის წინ ვიყავი, როდესაც ვიტალი დარასელიას 50 წლის იუბილე აღინიშნა და საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ვეტერანთა ნაკრებებმა ამხანაგურად ვითამაშეთ.
- ყოველთვის საინტერესოა "გარეშე თვალის" შეფასება. თამაშზე რას იტყვით?
- დაახლოებით ის ვნახე, რასაც ველოდი. ქართული ფეხბურთი ტექნიკური მოთამაშეებით იყო ცნობილი და ამაში ბევრი არაფერი შეცვლილა. მაგრამ, ჩემი აზრით, გუნდებს ოდნავ არ ჰყოფნით სისწრაფე, ფეხბურთელებიც ბურთს "ათრევდნენ". არ ვიცი, თამაშს რა მდგომარეობაში შეხვდნენ. შესაძლოა, ეს სიცხის ბრალიც იყო.
- კონკრეტულ მოთამაშეებს აკვირდებით?
- დემიანენკოსგან კონკრეტული დავალება არც მიმიღია. საქმე ისაა, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ შემდეგი სეზონისთვის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება დაგვავალა და ამიტომაც ჩამოვედით. ყველა საინტერესო მოთამაშეს დავაკვირდებით და სასურველთა სიას შევარჩევთ.
- ასეთები უკვე შეარჩიეთ?
- საერთოდ, ქართველ ფეხბურთელებზე ევროპაში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მათი მიწვევა ჩვენც არ გვაწყენდა, რადგან "ვოლინს" ბევრი პრობლემური პოზიცია გააჩნია. მაგრამ ერთი თამაშით დასკვნას ვერ გამოვიტანთ, შემდგომი დაკვირვებაა საჭირო და თუ აუცილებელი გახდება, შესაძლოა, კიდევ ჩამოვიდეთ.
ახლა ორ მოთამაშეზე შევაჩერეთ ყურადღება. არ დავმალავ, რომ ერთზე არა მხოლოდ კარგი შთაბეჭდილება შემექმნა, არამედ ძალიანაც მომეწონა, რადგან იმ ბიჭში დიდი პოტენციალი დავინახე.
უკრაინაში ბევრი ქართველი თამაშობს და ქვეყანას ადვილად ეგუებიან. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგალითად, ძალიან მომწონს არსენალელი კობახიძის სტილი და თამაშის გაგება. თანამედროვე ფეხბურთელია, იცის, როდის არის საჭირო პასი, როდის გააჩეროს ბურთი თუ გააგოროს. ის თავის პოზიციაზე უკრაინის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა.
- თუმცა ქართველებს უკრაინულ სტილთან შეგუება უჭირთ...
- შესაძლოა, რადგან თქვენს მოთამაშეებს ბურთით თამაში გენებში აქვთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს უარყოფითი თვისებაა, რადგან ამის კომპენსირებას სხვა დადებითი თვისებებით ახდენენ და სანახაობრივად თამაშობენ, რაც მაყურებელს ძალიან უყვარს. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ზაზა რევიშვილთან ერთად მითამაშია. ამ გუნდში ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები გვყავდა: ხარინი, დობროვოლსკი, პიატნიცკი, კოლივანოვი, მაგრამ თქვენების ფეხბურთი ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა.
- როგორც ვიცი, თქვენ და დემიანენკო "ვოლინამდეც" ერთად მუშაობდით...
- უზბეკეთში კარშის "ნასაფს" ვავარჯიშებდით და მიხარია, რომ ჩვენი ხელმძღვანელობით გუნდმა აზიის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ასეთი წარმატებისთვის უზბეკეთის არცერთ კლუბს მიუღწევია.
- უკრაინული მედიიდან ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატს მთელი ქვეყანა დიდი იმედით ელის...
- იმიტომ, რომ ევროფინალის მასპინძლობამდე უკრაინაში უდიდესი ძვრები მოხდა. აშენდა არა მხოლოდ ულამაზესი სტადიონები, მოედნები და ბაზები, არამედ თანამედროვე სასტუმროები; დაიგო ახალი გზები, განახლდა აეროპორტები. საერთოდ, ქვეყნის ინფრასტრუქტურა განახლდა.
ცხადია, ტურნირის შემდეგ მას ზურგზე არავინ მოიკიდებს და სახლში არ წაიღებს, აშენებული ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობებს დარჩება. ამიტომ ჩემპიონატის მასპინძლობა ფეხბურთსაც წაადგება და მთლიანად ქვეყანასაც. ყველაზე მეტად სწორედ ეს მახარებს.
ზუსტად არ ვიცი, ამაში რა თანხები ჩაიდო, მაგრამ ამ სიამოვნებაში უკრაინამ რამდენიმე ათეული მილიარდი უკვე დახარჯა.
- უკრაინა ჩემპიონატის მასპინძელია და ცხადია, წარმატებული გამოსვლის იმედი გექნებათ. მაგრამ დონეცკში "შახტარისა" და კიევის "დინამოს" მატჩის შემდეგ ნაკრების წევრებს შორის მომხდარი კონფლიქტი ამას ხელს ვერ შეუწყობს...
- ჩვენ ბრძოლისუნარიანი ნაკრები გვყავს. მთავარია, ერთსულოვნება იყოს. შოვკოვსკისა და რაკიცკის კონფლიქტი ყველას გვეწყინა. არაჯანსაღი ატმოსფერო ნაკრებს არ წაადგება, მით უფრო, მნიშვნელოვანი ტურნირის დაწყებამდე, მაგრამ ნაკრებში საკლუბო საკითხები გვერდზე იწევს.
თანაც, ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ოლეგ ბლოხინს იმხელა ავტორიტეტი გააჩნია, რთულ სიტუაციაში გუნდის შეკვრა და ფეხბურთელების შერიგება შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"