ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ჩადრიცა და ჰარემიც

AutoSharing Option
იეთიმ გურჯი ამბობდა, იქ სიმართლეს რა უნდა, სადაც ბევრი ფულიაო. ფეხბურთიც მასეთია, დიდი ფული ტრიალებს და ბევრი სიყალბეც. ეს გლობალური საკითხია და ბობოლებიც ნიადაგ ესწრაფვიან გამოსავლის ძებნას.

ფული და სიმართლე - ეს მხოლოდ საფეხბურთო საკითხია არ არის, უბრალოდ, ხანდახან ვცდილობთ საფეხბურთოდ მიმოვიხილოთ ფეხბურთზე დიდი საკითხები. ამ საქმიდან რა გამოვა, არ ვიცი, ჰოდა ოდენ ის დავიჩემეთ ადრიან გაზაფხულზე, რომ ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდება, ხოლო თასს "დილა" აიღებსო.

ჯერჯერობით ჩვენი ამოჩემება სწორი გზით მიდის. თუ ვინმე დაგვძრახავს, ეს თქვენი ნახევარსიმართლე არავის არ სჭირდებაო,
ვერ შევეკამათებით. ქართულ ფეხბურთში იმდენი ცოდვა-მადლია, ჟურნალისტური გამოძიებისთვის ნოყიერ მასალებს რომ იძლევა, მაგრამ რად გინდა, ეს ჟურნალისტიკაც ვერ არის ისეთი, ქვა რომ გახეთქოს. ერთი სიტყვით, ცვლილებებია საჭირო.

მქონდა ბედნიერება და ევროპის კლუბთა გენერალურ ასამბლეას რამდენჯერმე დავესწარი. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე სიტყვით რომ გამოდიოდა, სულ იმას გაიძახოდა, ფეხბურთში მონოპოლიური მმართველობა წარსულს ჩაბარდა, ეს ფიფას კარგად უნდა ესმოდეს, ახლა სხვა დრო დადგაო. ახლახან კი შევიტყვეთ, რომ საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე სახელმწიფო და ფედერაცია ერთმანეთში კონსულტაციებს არ მართავენ, მხოლოდ ინფრასტრუქტულ პროექტებში თანამშრომლობენ - ეს ფედერაციის გენმდივანმა რევაზ არველაძემ გვითხრა ინტერვიუში.

ისე, ამ საბიუჯეტო კლუბებმა ბევრი კარგიც მოიტანეს, პირველ რიგში - ფული. მოფულიანებული საბიუჯეტო კლუბები ძალაუნებურად გამოწვევას უგზავნიან კერძო კლუბებს. ამბიციური კერძო კლუბები უკვე კარგად ხედავენ რეალობას.

მე მაინც მგონია, რომ ამაზე ნაკლები დაფინანსება ქართულ კლუბებს არც მერე ექნებათ განურჩევლად იმისა, თუ რა მოხდება ქვეყანაში - ჩარხს უკან ვერავინ დაატრიალებს, დროს წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა და ვერავინ იტყვის, საქართველოს ფეხბურთი არ სჭირდებაო. სიმართლე კი ალბათ არც მერე იქნება დიდად გამოსადეგი, ოღონდაც ფეხბურთის მონოპოლისტურად მართვას შესაძლოა, ალტერნატივა გამოუჩნდეს. ეს დროის მოთხოვნა გახდება.

* * *
"დინამოს" კი ამ სეზონში მესამედ დაუნიშნეს მწვრთნელი და საინტერესოა, ვინ იქნება "დინამოს" თავკაცი მომდევნო სეზონში. "დინამო" მწვრთნელთა კალეიდოსკოპიითაა დაკავებული.

ვინ მართავს "დინამოს"? ვისი პროექტია ეს "დინამო"? აქაც იეთიმ გურჯის სიბრძნე უნდა მოვიშველიოთ, ან ნახევარსიმართლეს დავჯერდეთ. თუ ვინმე სხვა, უკეთეს ვარიანტს შემოგვთავაზებს, მაგას რა აჯობებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ჩანს.

"დინამოს" ჯერაც დიდი გუნდი ჰქვია, თუმცა ეს განმარტება მუდმივას არ წარმოადგენს. "ნოტინგემ ფორესტმა" ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ ამ გუნდის ოდინდელი დიდებისგან აღარაფერი დარჩა. გერქვას დიდი გუნდი - ამას მხოლოდ ისტორია არ განაპირობებს.
იყო დიდი - ნიშნავს მისცე მიმართულება, ასეთი იყო სიტყვა შტეფან ცვაიგის და საკითხავია, უჭირავს კი "დინამოს" ასეთი ნიშა.

* * *
არის კარგი ამბებიც. სანდრო კობახიძეთი კიევის "დინამო" დაინტერესდაო, დაიწერა უკრაინულ მედიაში.

კობახიძე უკვე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ბოლო ამხანაგურ თამაშებში ეს კარგად გამოჩნდა. კაცის მოტყუება და კარში დარტყმა - კობახიძემ ეს იცის, რაც საკმაოდ ბევრია. თემურ ქეცბაიას არსენალში ასეთი ფეხბურთელი უკვე არის. თუ კობახიძე კიევის "არსენალიდან" უკეთეს გუნდში მოხვდება, ამით ნაკრებსაც უფრო გამოადგება. კობახიძე დიდად აქტუალური თემა გახდა.

უკრაინულ მედიაში ბუბა დაუშვილის ინტერვიუც გამოქვეყნდა (იხილეთ ვრცლად). დაუშვილი "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას აკრიტიკებს, მონათმფლობელობასაც კი ახსენებს.

ამ ჩახლართულ ამბავში მტყუან-მართალის გარკვევას არ ვაპირებ, თუმცა საქართველოში ფეხბურთელის ინტერესები ხშირად დაუცველი რომ არის, თქმა რად უნდა. გულის სიღრმეში თითქმის ყველა კლუბის პრეზიდენტს უნდა, რომ არ იყოს ბევრი შეძლებული კლუბი საქართველოში, რადგან ფეხბურთელებს არ ჰქონდეთ დიდი არჩევანი. ზოგი კლუბი ფეხბურთელებს ფიქტიურ კონტრაქტსაც კი უფორმებს, რითაც ფაქტობრივად დამონებული ჰყავს ისინი.

* * *
22 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის ტურია. რამაზ მუმლაძის დებიუტი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში - მთავარი მატჩი გორში იქნება.

არის სხვა საინტერესო შეხვედრებიც ზედა თუ ქვედა რვიანში.

საქართველოს ჩემპიონატის მატჩების გამოცნობა ძალიან ძნელი გახდაო, ჩივიან მეფსონეები და თხზავენ ათასგვარ თეორიებს. ერთმა გამოცდილმა გემბლერმა ისიც კი მითხრა, საქართველოს ჩემპიონატი და ზოგი ქართული გუნდი იმ ძველმოდურ ქალს ემსგავსება, რომლისთვისაც ჩადრიცა და ჰარემიც ორ ნაბიჯზეაო.

ღმერთმანი, კარგი ნათქვამია, მაგრამ ესეც ნახევარსიმართლეს ჰგავს. მე იეთიმ გურჯის სიტყვა უფრო მომწონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული