ოვონიკოკო უფრო სივრცის ფეხბურთელია. ასეთ დროს მას თითქმის ყველაფერი გამოსდის - გაიგდებს ბურთს და სისწრაფის ხარჯზე უკან მოიტოვებს მეტოქის მცველებს.
"გაგრამ" შარშან საქართველოს თასი რომ მოიგო, ოვონიკოკომ ამაში დიდი წვლილი დაიდო. რომ არა ოვონიკოკო, ვინ იცის, გავიდოდა თუ არა "გაგრა" ფინალში. ამ ფეხმალმა ნიგერიელმა მართლაც საოცრად ითამაშა შარშანდელი თასის გათამაშებაში.
მიმდინარე სეზონში "გაგრა" თასის ნახევარფინალამდე მივიდა და კინაღამ ფინალშიც გავიდა. შინ 1:2 წააგო
ჯერემია 18 წლისაა. ისიც ნიგერიელია. ის არ არის მხოლოდ სივრცის ფეხბურთელი. მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომს ორ-სამ მცველში შეუძლია ბურთის მიღება და შემოტრიალება. მცველებს მოსვენებას არ აძლევს. ისე შეუძლია მათ აწაპნოს ბურთი, როგორც დახელოვნებულ ჯიბის ქურდს - საფულის ამოცლა.
ჯერემიამ "დილას" პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გაუტანა. "გაგრა" 1:0-ს იგებდა. ნიგერიელმა კიდევ არაერთხელ აუშალა ნერვები "დილას" დაცვას, თუმცა მეტი გოლი ვეღარ გაუტანა.
"მე მაინც მგონია, რომ ფინალში გასვლა ჩვენთვის რეალური იყო. 1:0-ს რომ ვიგებდით, კიდევ ორჯერ მქონდა საგოლე შანსი და ვერ გამოვიყენე. ამ თამაშის ვერმოგებას უიღბლობას ვაბრალებ.
საპასუხო შეხვედრაშიც კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, სტუმრად 1:0-ის მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა. მერწმუნეთ, იქაც იღბალი დაგვაკლდა, თორემ მოწინააღმდეგეზე უკეთესად ვითამაშეთ, ბურთის ფლობაშიც უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო", - გვითხრა ჯერემიამ.
თინეიჯერ ნიგერიელს ისიც ვკითხეთ, არის თუ არა კმაყოფილი საკუთარი თამაშით მიმდინარე სეზონში.
"კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები. სტაბილურობა მაკლია, ყოველთვის ერთნაირად კარგად არ გამომდის თამაში".
ჯერემიასთვის არ არის იოლი კარგად თამაში. ის თითქოს თანაგუნდელებისგან მიტოვებულია. უმეტეს შემთხვევაში რიცხობრივი უპირატესობის პირობებში ვერ ესხმის თავს მოწინააღმდეგეს, ორ-სამ მცველთან უწევს ბრძოლა ჩია აღნაგობის აფრიკელს.
"ხანდახან თავდასხმაში თავს მართლაც მარტო ვგრძნობ", - დასტური მოგვცა ნიგერიელმა.
"გაგრა" ახლა არგავარდნისთვის იბრძვის. ახალგაზრდული გუნდია, რომელიც კარგად მოძრაობს, შეუპოვრად თამაშობს და თუ იშტაზეა, ცოტა როდი შეუძლია. დიდი ძალებით კი "გაგრა" იშვიათად უტევს და, ალბათ, ამიტომაცაა ჯერემია ხშირად მარტო.
ნიგერიელს მის ნაკლოვანებებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. ამ ეროვნულ ჩემპიონატში მას ჯერ მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი.
"საერთოდ, როცა თავდამსხმელი ბევრ საგოლე მომენტს ქმნის, ეს ცოტას არ ნიშნავს, ამასაც შეძლება უნდა. ჩემი ნაკლი საგოლე მომენტების არასათანადო რეალიზაციაა. მწვრთნელიც სულ ამას მეუბნება. ძალიან მინდა, რომ ეს ნაკლი გამოვასწორო და ამაზე სერიოზულად ვმუშაობ".
როგორ ხდება ამ ნაკლის გამოსწორება? როცა ჯერემიას ჩავეკითხეთ, მან გვითხრა:
"ნაკლის გამოსწორებას დამატებითი ვარჯიში სჭირდება. გუნდთან ვარჯიშის შემდეგ შინ რომ ვბრუნდები, მაშინ მეძლევა ამის საშუალება. უბანში, ჩემს სახლთან ახლოს, პატარა მოედანზე გავდივარ და იქ ვვარჯიშობ, ხანდახან მარტო, ხან კი თანაგუნდელებთან ერთად".
ჯერემია დიღმის მასივში ცხოვრობს. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ის "გაგრას" პირველი გუნდის ფეხბურთელი გახდებოდა, გადიოდა მერიის მიერ დაგებულ პატარა მოედანზე და ვარჯიშობდა. ის გამრჯე ადამიანი უნდა იყოს. მასთან ერთად დიღმის მასივში თანაგუნდელი აფრიკელები ცხოვრობენ ერთ ბინაში - უმარ მაგაჯი და ბენჟამენ ოპეიმი. ჯერემიამ ისიც გვითხრა, რომ ბენჟამენი ჯერ ოფიციალურად არ არის "გაგრას" ფეხბურთელი, კონტრაქტი არ გაუფორმებიაო.
"ქართულ კლიმატსა და კერძებს კარგად შევეგუე. ერთადერთი პრობლემა ენის ბარიერია. ინგლისურად სწრაფად ვლაპარაკობ, ქართველები კი სულ იმას მთხოვენ, ნელა ილაპარაკე, თორემ შენი არ გვესმისო".
როგორც ყველა აფრიკელი, ჯერემიაც საქართველოდან ევროპაში წასვლაზე ოცნებობს, თუმცა "თუ რომელიმე წამყვანი ქართული კლუბიდან მექნება მოწვევა, არც ამაზე ვიტყვი გადაჭრით უარს".
ჯერემიამ ისიც მოგვახსენა, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა მას სხვა ჰობი არ აქვს, უბრალოდ, მაგიდის ჩოგბურთიც უყვარს. ნიგერიელმა არც ის დაგვიმალა, რომ სამშობლო ძალიან ენატრება. ესიამოვნა კიდეც, ნიგერიაზე რომ ჩამოვუგდეთ სიტყვა.
"ჩემი ოჯახი იქ კარგად ცხოვრობს. არ არის მართალი, თითქოს ნიგერიაში უმეტესობა ღატაკია. ნახევარი ნიგერია ნორმალურად ცხოვრობს, ნახევარი კი მართლა ღარიბია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"