უკრაინული ინტერესი "გაგრაში" - გიორგი ტყეშელაშვილი და ირაკლი ხუციძე

AutoSharing Option
საქართველოს თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრას გორის "დილასა" და "გაგრას" შორის უკრაინის პრემიერლიგელი ლუცკის "ვოლინის" მწვრთნელები დაესწრნენ.

"გაგრას" ყოფილი დამრიგებელი ანატოლი პისკოვეცი "ვოლინის" ახალგაზრდული შემადგენლობის მთავარი მწვრთნელია, ვიქტორ მოროზი კი ლუცკელთა მთავარი გუნდის დამრიგებლის, ანატოლი დემიანენკოს ასისტენტი. მათ გვითხრეს, რომ გუნდის ხელმძღვანელობას შემდეგი სეზონისთვის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება სურს და სასურველი მოთამაშეების შესარჩევად ჩამოვიდნენ (ხილეთ ვრცლად).

"ახლა ორ მოთამაშეზე შევაჩერეთ ყურადღება. არ დავმალავ, რომ ერთზე არა მხოლოდ კარგი შთაბეჭდილება შემექმნა, არამედ ძალიანაც მომეწონა, რადგან მასში დიდი პოტენციალი დავინახე", - გვითხრა მოროზმა, მაგრამ
ფეხბურთელების გვარები არ დაუკონკრეტებია.

ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია "გაგრას" კაპიტან გიორგი ტყეშელაშვილსა და მარჯვენა მცველ ირაკლი ხუციძეზე. პისკოვეცს მათი წაყვანა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც პოლონეთის პირველი ლიგის ელბლონგის "ოლიმპიას" ავარჯიშებდა. მაშინ ტრანსფერი ვერ მოხერხდა, ახლა კი პისკოვეცმა გაგრელების აყვანა ლუცკელებს ურჩია.

"სისულელე იქნებოდა იმის უარყოფა, რომ პისკოვეცი საქართველოში კონკრეტული ფეხბურთელების შესარჩევად არ ჩამოსულა. რა თქმა უნდა, მისი მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო და ამიტომაც გვესტუმრა "ვოლინის" სელექციონერთან ერთად. მაგრამ როგორც ვიცი, აკვირდებოდნენ არა მხოლოდ ორ მოთამაშეს, არამედ ზოგადად "გაგრას".

მათ ყველა ნიჭიერი ფეხბურთელი აინტერესებთ და რამდენიმე მოეწონათ. ამ ეტაპზე კონკრეტულ ფეხბურთელზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ლუცკელებს ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ გამოუგზავნიათ. საამისოდ დრო და მოლაპარაკებაა საჭირო", - გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის უფროსმა მიხეილ აფხაზავამ.

თუმცა უკრაინელთა ვიზიტის შემდეგ ტყეშელაშვილს ცუდი ამბავი შეემთხვა: ბათუმის "დინამოსთან" მატჩში "გაგრას" კაპიტანმა მხარი ამოიგდო. გიორგის სეზონის მსვლელობისას ეს მეორედ შეემთხვა: პირველად ევროპის ლიგაზე ფამაგუსტას "ანორთოსთან" შეხვედრაში მიიღო მსგავსი დაზიანება, მაგრამ ექიმის დახმარებით თამაშს მაინც ახერხებდა. ახლა ეს შეუძლებელია - ტრავმა იმდენად მძიმეა, სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება ურჩიეს.

ასეა თუ ისე, "გაგრას" კაპიტნისთვის სეზონი უკვე დასრულებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული