სფფ-ის განცხადების გამოძახილი: დაბალი ღობე თუ გულადი მსაჯები?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტა მსაჯთა განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილსა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროსს მერაბ მალაღურაძეს (ხილეთ ვრცლად).

შეიქმნა საგანგებო კომიტეტი, რომელიც ამ განყოფილებათა ფუნქციებს შეითავსებს და რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა უხელმძღვანელებს.

მანამდე მხოლოდ ის გვახსოვდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა რომ შეითავსა. ახლა კი პრეზიდენტის ახალ შეთავსებასთან გვაქვს საქმე.

ამ კიდევ ერთი ნოვაციური შეთავსების საფუძველი ერთია - ეჭვი. მსაჯობა ისეთი თემაა, ეჭვი ყოველთვის რომ არის, ოღონდაც მხოლოდ
ეჭვით მიღებული გადაწყვეტილება დიდად მყარი და დამაჯერებელი ვერ იქნება.

ბატონმა პრეზიდენტმა კლუბებისკენ გაიშვირა ხელი, უკმაყოფილონი არიან და საჩივრებიც მომრავლდაო. ძალიან კარგია, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ყურადღებით ეკიდება კლუბების გულისწუხილსა თუ პრეტენზიებს, ეს მისი მოვალეობაც არის.

თუ მსაჯები და მათი ხელმძღვანელები კორუმპირებულები არიან, შესაბამისად, ზეგავლენას ახდენენ ჩემპიონატის და თასის მატჩების შედეგებზე.

ახლა ისეთი დროა, სატელეფონო საუბრებს ცხოვლად რომ უსმენენ. დასმენის ინსტიტუტიც კარგად მუშაობს. შარშან ტოტალიზატორთან მანიპულაციაში ხუთი ფეხბურთელი გამოიჭირეს და თქმა რად უნდა, ეს კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო მათთვის, ქართულ ფეხბურთში უმსგავსოდ რომ საქმიანობენ.

მაშ, რაშია საქმე? მსაჯები ისეთი გულადები გახდნენ, რომ არაფრის და არავის აღარ ეშინიათ?

თუ კორუფციაზე მიდგა საქმე, არა მგონია, რომ ჩემპიონის, თასის მფლობელის და თასის ფინალისტის სვე მსაჯებზე იყოს დამოკიდებული. ქართულ ფეხბურთს მსაჯები არ მართავენ - ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის, იმ კლუბების ხელმძღვანელებმაც, საჩივრებს რომ წერენ ფეხბურთის ფედერაციაში.

ეჭვის საფუძველიც აქედან ჩნდება - შესაძლოა, ვიღაცას აწყობდეს მსაჯების დაბალ ღობედ გამოყენება.

თუ მსაჯებზეა ეჭვი, რატომ კლუბებზე არ არის? ბუნებრივია, რომ კორუმპირებული მსაჯის თანამოსაქმე კლუბია, ანუ ეჭვი ავტომატურად ორივე მხარეს გადადის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეჭვის საფუძველზე ფეხბურთის ფედერაციამ რომელიმე კლუბი დასაჯოს - ასეთი რამ ადრე მომხდარა, მაგრამ არა გვგონია, რომ ახლაც მოხდეს - დღეს თითქმის ყველა კლუბს ისეთი მფარველი ჰყავს, რომ ეს არავის აწყობს.

არის სხვა ვარიანტიც - კორუმპირებული მსაჯების თანამოსაქმე ტოტალიზატორია. ამის ალბათობას ისევ შარშან დაკავებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ისტორია ამცირებს.

ბევრჯერ ისე მომხდარა, რომ სკანდალური ამბავის თავი და ბოლო გვიან გარკვეულა. ფედერაციამ გადაწყვეტილება 24 აპრილს გამოამზეურა და ვგონებ, უფრო მსუყე ისტორიები წინ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დათო ძალიან სამართლიანი წერილია, ყოჩაღ!
japaneze
10:51 25-04-2012
0

სიახლეები პოპულარული