მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი აქამდე ლევან ფანიაშვილი გახლდათ და, ალბათ, ლოგიკურია, რომ მომხდართან დაკავშირებით მას კომენტარი ვთხოვეთ.
- თქვენთვის, ალბათ, მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება. რა საუბარი გქონდათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავასთან?
- ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი ინფორმაცია და მოსაზრებები მაქვს.
გადწყვეტილება კი ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო. დახლოებით ორი თვე არ ვიყავი აქ, ჯანმრთელობის მხრივ მქონდა პრობლემები. ჩამოვედი თუ არა, ეს ამბავი დამახვედრეს.
- გვითხარით, საკუთარი მოსაზრებები და ინფორმაცია მაქვსო - რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში?
- რა ხდება საერთოდ და რა არის ამ ყველაფრის უკან.
- პრეტენზიები მსაჯების მიმართ - ამ ამბის გამწევი ძალა, ალბათ, ეს უნდა იყოს. თქვენ კმაყოფილი ხართ მსაჯების საქმიანობით?
- ჩვენი მსაჯები ხან კარგად მსაჯობენ, ხან კი აქვთ ხარვეზები. ეს ყველგან ასეა და იმას არ ნიშნავს, რომ მსაჯები, ასე ვთქვათ, პრესსში გავატაროთ. თუ არის პრეტენზიები მსაჯების მიმართ, ეს ფაქტობრივი მასალით უნდა წარმოადგინონ, ზოგადი საუბარი კი დამაჯერებელი ვერ იქნება.
- ფედერაციამ კონკრეტული მატჩების ნუსხა წარმოადგინა, კლუბებს პრეტენზიები აქვთო. მოასწარით ამ პრეტენზიების გაცნობა?
- ამ პრეტენზიებიდან ბევრი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არის მომენტები, როცა რაღაც-რაღაცები საკამათოა. კლუბებს უნდათ, რომ ზემოქმედება მოახდინონ მსაჯების დანიშვნაზე. ყველგან ასე ხდება, ოღონდაც ხანდახან ზოგი ამას დაუშვებელი მეთოდებით ცდილობს.
- ერთი და იგივე მსაჯები ინიშნებოდნენ ამა თუ იმ გუნდის მატჩებზეო - ასეთი პრეტენზიებიც გაჩნდა...
- მაღალკვალიფიციური მსაჯი ცოტა გვყავს და ამიტომაც ხდებოდა გამეორებები, ოღონდაც იყო შუალედები, გამეორება მიჯრით არ ხდებოდა. როცა ძალიან პრინციპული, ტურის ცენტრალური მატჩია, სწორედ მაღალკვალიფიციური მსაჯი უნდა დაინიშნოს - ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
- ფაქტობრივად, გვითხარით, ამ ყველაფრის უკან რაღაც დგასო - მინიშნების გაკეთებაც არ გსურთ?
- მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით.
- მიგაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო პიარზეა გათვლილი?
- ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
- უცხოელი მსაჯების მოწვევაზე რა აზრის ხართ? ერთხელ ხომ მოხდა, რომ თასის ფინალს თურქი მსაჯები მოემსახურნენ...
- ამ საკითხზე ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. იმას, რაც მაშინ თურქმა მსაჯებმა გააკეთეს, ჩვენებიც უპრობლემოდ შეძლებდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"