სად წავა გიორგი ლორია - თურქეთში, საფრანგეთში თუ ესპანეთში?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარეს გიორგი ლორიას მარტვილის "მერანთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ველაპარაკეთ. 

"დინამომ" მისთვის რთული მეტოქე დაამარცხა, რვამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ფეხბურთელებსაც ისეთი გახარებული სახეები ჰქონდათ, თითქოს ზურგიდან მძიმე ლოდი მოეხსნათ.

გახარებული გახლდათ გიორგი ლორიაც, რომელსაც დარჩენილ თამაშებში წარმატების იმედი აქვს.

- "დინამო" დიდ ფსიქოლოგიურ სტრესში იყო და დარწმუნებული ვარ, "მერანთან" მოგება ამ კუთხით ძალიან წაგადგებათ...
- რვა თამაშს რომ ვერ მოიგებ, რა თქმა უნდა, სტრესში იქნები. "დინამოს" ასეთი შედეგი არ შეეფერებოდა. უფლება არ გვქონდა, რომ არ
მოგვეგო. 3 ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა.

- წელს ყველაზე მეტი მონდომება და ჟინი "დინამომ" ამ მატჩში გამოავლინა...
- მონდომება ჩვენ არასოდეს გვაკლდა. მე ასე ვიტყვი, მარტვილის მოედანზე მოსაგებად ორმაგი მონდომება იყო საჭირო, რადგან ასეთ საფარზე ჩვეულებრივი ფეხბურთი და ბურთის გაგორება არ გამოდიოდა. ფაქტობრივად, ჭიდაობაში მოვიგეთ. უბრალოდ, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ.

- "დინამოში" ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვით. გუნდის ტრადიციას კი ეს არ ეკადრება...
- ჯერ სეზონი არ დასრულებულა, რამდენიმე ტურია დარჩენილი და იმედია, დარჩენილ შეხვედრებშიც ასე გავაგრძელებთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.

- თუმცა თასიდან გამოვარდით და ჩემპიონობას ვეღარ მოიპოვებთ - "დინამო" ორივე ტიტულის გარეშე დარჩა...
- ფეხბურთი იმიტომ გვიყვარს, რომ ყველაფერი ხდება.

- ადრე რომ ასე არ ხდებოდა?
- სრულიად ახალი გუნდი გვყავს და ასეთ პირობებში კარგად გამოსვლა ძნელია. ამას გარდა, სეზონის განმავლობაში მწვრთნელი მესამედ შეგვიცვალეს, რაც ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელო ამბავი ნამდვილად არ არის.

- კონკრეტულად რას გულისხმობ?
- ყველა მწვრთნელს აქვს თავისი მიდგომა, ვარჯიშები, სქემა, სტილი, თამაშის ხედვა. ერთიდან მეორეზე გადართვა იოლი არ არის, მით უფრო, სეზონის მსვლელობის დროს.

- პირადად შენს მომავალზეც ვთქვათ. ცნობილია, რომ ევროპის ლიგასა და ნაკრებში კარგი თამაშების შემდეგ კარგი წინადადებები გქონდა. სიმართლე გითხრა, მრჩება შთაბეჭდილება, საქართველოს ჩემპიონატში დარჩენილმა თითქოს სტიმული დაკარგე...
- მე ვერ ვიტყვი დეტალებს, მაგრამ "დინამოს" პრეზიდენტთან მქონდა მოლაპარაკება და შევთანხმდით, რომ გუნდში დავრჩებოდი, რადგან ჩემპიონობისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ იცით. წლეულს ძალიან გაგვიჭირდა.

პირადად რაც შემეხება, მოტივაცია არც ადრე მაკლდა და არც ახლა მაკლია. პირიქით, იმიტომ დავრჩი, რომ ჩემპიონი გავმხდარიყავი და გუნდს დავხმარებოდი. შესაძლოა, ყველაფერი წინა სეზონივით არ ამეწყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ სტაბილურად ვითამაშე და ნორმალური სეზონი მქონდა.

- მაგრამ ნაკრების წევრს ყოველთვის უცხოეთისკენ მიუწევს გული...
- ზოგადად, რა თქმა უნდა, ევროპის ძლიერ ლიგაში გადასვლა სასურველია.

- და ამ დროს თურქეთიდან საქართველოში ჩამოდის შოთა არველაძე, გიწვევს თავის გუნდ "კაისერში", რომელთანაც "დინამო" სატრანსფერო თანხას ათანხმებს...
- ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.

* * *
დაბოლოს: ჩვენს წერილს, რომ გიორგი კარიერას, სავარაუდოდ, თურქულ "კაისერში" გააგრძელებდა, გამოხმაურება მოჰყვა. გვსაყვედურობენ, რატომ წერთ, რომ მაინცდამაინც თურქეთში, გიორგის არანაკლებ საინტერესო შემოთავაზებები აქვს საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ("ვალანსიენი" და "კაენი"), რუსეთის პრემიერლიგისა (3 კლუბი) და ესპანეთის პრიმერადივიზიონის გუნდებიდანო.

სხვათა შორის, რუსეთში გიორგის დამატება ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, ყაზანის "რუბინს" სურს. ისიც გვისაყვედურეს, "დინამო" მასში მილიონ დოლარს მაინც მოითხოვს, ანუ რა გარანტია გაქვთ, რომ თურქები გადაიხდიანო.

ამიტომაც გვსურს განვმარტოთ: ჯერ ერთი, გიორგი "კაისერში" ჩვენ არ "ჩაგვირიცხია", მაგრამ მის ტრანსფერზე ცნობა კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა.

შოთა არველაძის კლუბში ლორიას გადასვლაც ჰაერიდან არ მოგვიტანია. ისიც კარგად ვიცით, რომ თბილისის "დინამო" მასში მილიონ დოლარზე ნაკლებს კი არა, მეტსაც ითხოვდა.

შარშან, ევროთასების შემდეგ, გიორგის გადაბირებით დაინტერესებული ერთ-ერთი კლუბი სწორედ ამდენს იხდიდა, მაგრამ მაშინ "დინამოს" ხელმძღვანელებმა საკვანძო მოთამაშის გაშვება არ ისურვეს და წინადადებაზე უარი თქვეს. ახლა კი თურქები "დინამოს" ამდენს არა, მაგრამ ბევრად ნაკლებსაც არ სთავაზობენ.

ამას გარდა, შოთა არველაძემ "დინამოსთან" მოლაპარაკება დაიწყო და კლუბებს შორის წინასწარი დასტურიც არსებობს. მთავარი კი სწორედ თანხაზე შეთანხმებაა.

შესაძლოა, მოთამაშეს სხვა კლუბში გადასვლა სურდეს, მაგრამ "დინამოსთან" კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს უმთავრდება და რადგან ტრანსფერი "დინამოს" ეკუთვნის, თბილისელები იმ კლუბის წინადადებას დათანხმდებიან, რომელიც მეტს გადაიხდის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საკითხზე მხარეების პოზიცია სულ რაღაც 200 ათასი დოლარით განსხვავდება, დღევანდელი გადასახედიდან ტრანსფერი არარეალური არ უნდა იყოს.

თუმცა, ღმერთმა ქნას, ლორია თურქეთის ნაცვლად ესპანეთში ან საფრანგეთში გადავიდეს, ვინმეს გვეწყინება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა ,ალექს გარსია დინამოში რომ ყოფილიყო ეხლა ,გიორგი ლორია დარჩენილიყო საქართველოში,მაგრამ ეხლა ნამდვილად დიდი სირვული მაქვს რომ აქედან წავიდეს და რაც შეიძლება მალე,თუ უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს,ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ რომან ფიფია ვერ ხვდება რომ გუნდი დაშალა და შეურკია ფსიქიკა თითოეულ ფეხბურთელს,ასე რომ სიამოვნებით ვიხილავდი ლორიას ესპანეტის რომელიმე გუნდში !
irina
14:33 02-05-2012
0
შენ საყვარელი ხოარ იყავი გარსიასი და იმიტო ხარ ეგრე გამწარებული ასე რო იცავ თავგამოდებით
levani
01:38 03-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული