თბილისის "დინამო" აკადემიაში ჩარიცხვის შანსს ყველას აძლევს

AutoSharing Option
13 მაისს თბილისის "დინამოს" ევროპული ტრიუმფიდან 31 წელი სრულდება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვიეს მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და მიზნად "დინამოს" აკადემიისთვის ნიჭიერი ბავშვების შერჩევას ისახავს.

3 მაისს "დინამო არენის" საკონფერენციო დარბაზში მედიის წინაშე "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლები წარსდგნენ და სწორედ ამ მოვლენის შესახებ ისაუბრეს. ეს პროექტი კი "დინამოს" აკადემიის დირექტორმა ანდრეს კარასკომ და აკადემიის კოორდინატორებმა, თემურ უგრეხელიძემ და ლევან გვანცელაძემ წარმოადგინეს.

13 მაისს სინჯები დილიდან საღამომდე ეროვნული სტადიონის მოედანზე გაიმართება. შერჩევაში მონაწილეობა შეუძლია 2001, 2002, 2003 და
2004 წლებში დაბადებულ ნებისმიერ ნორჩ ფეხბურთელს.

11 მაისის ჩათვლით, მშობლებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ან "დინამო არენაზე" სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტის შევსება ელექტრონულადაც შეიძლება - "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე.

13 მაისს, დილის 10-ის ნახევარზე, 2003-04-წლიანთა რეგისტრაცია დაიწყება, შერჩევა კი 10-იდან 13 საათამდე გასტანს. 2001-02-წლიანთა რეგისტრაცია 14 საათსა და 30 წუთზეა დანიშნული, სინჯები კი 15-იდან 18 საათამდე გაგრძელდება.

შერჩევისას მწვრთნელ-ინსტრუქტორები ფეხბურთელებს მხოლოდ ორმხრივ თამაშში დააკვირდებიან. "დინამო არენის" გაზონი რვა პატარა მოედნად დაიყოფა და თამაშები პარალელურ რეჟიმში გაიმართება. შერჩეულ ფეხბურთელთა ნაწილს "დინამოს" აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ იმავე დღეს აცნობებენ, ნაწილს კი მოგვიანებით.

რაც მთავარია, მიღებული ბავშვები გადასახადისგან გათავისუფლებულნი იქნებიან.

"დინამოს" საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამ მასშტაბურ და, შეიძლება ითქვას, საქართველოში უპრეცედენტო ღონისძიებას დიდი დაინტერესება მოჰყვება - სხვა რომ არაფერი, ეროვნული სტადიონის მოედანზე თამაში ხომ ნებისმიერი პატარა ფეხბურთელის ოცნებაა.

უახლოესი პერიოდისთვის "დინამოს" აკადემიის გუნდების რაოდენობა ცხრამდე უნდა გაიზარდოს და დიდი ალბათობით, შერჩევის საშუალებით ეს მალე გახდება შესაძლებელი. დღეისთვის "დინამოს" აკადემიაში დაახლოებით 80 ბავშვი ვარჯიშობს, შერჩევის შემდეგ კი მათი რაოდენობა 180-ამდე გაიზრდება.

პრესკონფერენციაზე აკადემიის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ სინჯები მხოლოდ თბილისს არ მოიცავს და ნიჭიერ ბავშვებზე დაკვირვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაინტერესებს როდის არის 1998 წელში დაბადებული ბაშვების სინჯები?
გიორგი
08:46 29-06-2013
0
გამარჯობა, მაინტერრსებს 6 წლიდან თუ იღებთ ბავშვსს?
ვეკო
22:35 15-09-2017
0

სიახლეები პოპულარული