ქართული ფეხბურთი მართლა ნიჭიერთა სასაფლაოა?

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთს ნიჭის სასაფლაოს ეძახიან. უამრავმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა კარიერა ისე დაასრულა, საკუთარი შესაძლებლობა ვერ გამოავლინა. ასაკობრივ ნაკრებთა კაპიტნებისა და გამორჩეული მოთამაშეების ნაწილი აღარ თამაშობს - სოსო დევიძე, ბესო მიქიაშვილი, ზურაბ კვახაძე, გივი კაპანაძე, ზურაბ ბარაბაძე, ვაკო კაციტაძე, ზვიად ჩალაძე, ირაკლი ჭანტურია, გოჩა წილოსანი, ირაკლი ქილიფთარი... მათი უმრავლესობა აღარც გემახსოვრებათ. ეს გვარები სატელეფონო ბლოკნოტში გუშინ შემთხვევით ამოვიკითხე - არც ისე შორეულ წარსულში ისინი კობა ჟორჟიკაშვილის, რეზო გაგუასა და ვახტანგ კოპალეიშვილის გაწვრთნილი 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და
იმედისმომცემ ახალგაზრდებად მიიჩნეოდნენ. სამწუხაროდ, დღეს ისინი აღარ თამაშობენ, ჩვენ კი ყველას ვარწმუნებთ - თაობა არ მოდისო. მოდის, მაგრამ... გულგრილობით ვკარგავთ...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტია ფორვარდი ბორის გონჩაროვი, რომელმაც 27 წლის დაასრულა კარიერა. ის მსოფლიო მასშტაბის თავდამსხმელი არ ყოფილა, თუმცა საქართველოს პირველობაზე ამინდს ქმნიდა და 2004 წელს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირიც გახდა...

- ბორის, რატომ დაასრულეთ კარიერა ნაადრევად?
- გამიჭირდა იმ სირთულეების გადალახვა, რომელსაც მხოლოდ ნებისყოფითა და შრომით ვერ მოერევი. ეს თვისებები არ მაკლდა, მაგრამ მაკლდა ის, რაც ფეხბურთში მნიშვნელოვანია - ფული... ფაქტობრივად, თამაში 25 წლის ასაკში დავასრულე. ბოლნისის "სიონში" ყოფნისას ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავედი, ალენ ჟირესმა ეროვნული ნაკრების კანდიდატებში მიმიწვია და ავლაბრის სტადიონზე საკონტროლო მატჩი რომ ჩავატარეთ, ჩემი გოლით მოვიგეთ... თუმცა მას შემდეგ ყველაფერი ამერია - მუხლი დამიშავდა, მკურნალობა გამეწელა და მას შემდეგ ვერა და ვერ ავეწყვე. რამდენიმე გუნდი შევიცვალე, მაგრამ ფორმა ვერ აღვიდგინე. არადა, მოურჩენელი და რთული ტრავმა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ მკურნალობას სერიოზული ხელშეწყობა სჭირდება. ჩვენთან კი, კარგად იცით, რაც ხდება - ტრავმირებულ ფეხბურთელს გუნდი მიაგდებს და სხვას ისე აიყვანს, შენი კარგი თამაში არც ახსენდებათ. თუმცა ბოლოს ტრავმა ახალციხის "მესხეთში" მივიღე, რომელსაც ფული თავად არ ჰქონდა და ჩემი მკურნალობის ხარჯს ვერც გაიღებდა. ტრავმირებულებს ასე ღვთის ანაბარა რომ არ ტოვებდნენ, დავიწყებდი ვარჯიშს და კიდევ ხუთი წელი მაინც ვითამაშებდი. თუმცა საკუთარი ხარჯით მკურნალობა და ამ უპერსპექტივო ჩემპიონატში მონაწილეობა აღარ მიღირდა. ამ ყველაფერმა დამღალა და კარიერა ნაადრევად დავასრულე. ეტყობა, 27-28 წლის ფეხბურთელი საქართველოში აღარავის სჭირდება.

- ...იმიტომ, რომ ვეტერანი შედარებით მაღალ ხელფასს ითხოვს?!
- ეს მცდარი აზრია, ჩვენთან მაღალ ხელფასს კი არა, მინიმალურ პირობებს ითხოვენ. ევროპასა და რუსეთ-უკრაინაში სხვა ფინანსური შესაძლებლობებია და მათ მსგავს პირობებს ვერც მოვითხოვთ. ჩვენს კლუბებს ისე გაუჭირდათ, ფინანსურად სომხებმაც გაგვასწრეს, სადაც მინიმალური ხელფასი 1000 დოლარია! აქ კი 1000 ლარიც მაღალ ხელფასად ითვლება. ასე ქართული ფეხბურთი განვითარდება? ფეხბურთელებს შევინარჩუნებთ და ეროვნული პირველობის დონე გაიზრდება? გული მწყდება, ჩვეს ფეხბურთში დიდი პერსპექტივაა, მაგრამ ფინანსური პრობლემებისა და არასწორი მიდგომების გამო ვერ ვიყენებთ. იმასაც ვერავინ იტყვის, რომ კლუბის მეპატრონეებს არ ადარდებთ ის, რაც ფეხბურთელებს გვაწუხებს. ეს ყველას ჩვენგანის სადარდებელია, მაგრამ ფული არ არის, სპონსორები ქართულ ფეხბურთს დიდად არ სწყალობენ, ბილეთებიდან და საკლუბო ატრიბუტიკიდან შემოსავალი არაა და პრეზიდენტებმა კლუბი როგორ უნდა შეინახოს? ჩვენამდე მოსული პრობლემები ამ ყველაფრის შედეგია. მოკლედ, მიძმე ვითარებაა.

- კლუბს რომ დაზღვეული ჰყოლოდით, კარიერას დაასრულებდით?
- ცხადია, არ დავასრულებდი. ფეხბურთელს ევროპაში კლუბი აზღვევს და ეს ჩვეულებრივი ამბავია - თამაშის დროს დაშავებული ფეხბურთელის მკურნალობის ხარჯი კლუბმა უნდა აანაზღაუროს. აქ კი ასე არ ხდება. ერთადერთი, "დინამო" იყო გამონაკლისი - მოთამაშე ქვითარს მიიტანდა და მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებდნენ... თუმცა არ მინდა, ყველაფერი მხოლოდ პირობებს დავაბრალო, შესაძლოა, საქმეს მეც ბევრი რამ დავაკელი, მაგრამ ორი წელი მუხლის ტრავმა როგორ ვერ უნდა მოირჩინო? ეს რა, ჩემი ბრალი იყო? ტრავმას მიიღებ და დაზღვევის არარსებობის გამო, მკურნალობის ფულიც საკუთარი ჯიბიდან უნდა გაისტუმრო. არადა, კლუბის ინტერესში არ უნდა იყოს, რომ მოთამაშე დროულად მომჯობინდეს და გუნდს დაეხმაროს? ოპერაციას 2000 ლარი სჭირდებოდა, არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა და ამხელა ხარჯის გაღება, ვალებში ჩავარდნას და გაურკვეველი მომავლისთვის ლოდინი არ მიღირდა. საქართველოში გუნდები ფეხბურთელებს ბუცებსაც არ ყიდულობენ, სეზონში კი ორი წყვილი მაინც გჭირდება, რაც 600 ლარია და ბევრგან ამხელა ხელფასაც არ იძლევიან. ასეთ გარემოში ფეხბურთზე ფიქრი გამორიცხულია.

- ბოლო წლებში ბევრს ალაპარაკობენ, ქარველ ფეხბურთელებს კონცენტრაცია აკლიათო. ამდენი პრობლემით რომ გადიხართ მოედანზე, როგორ იქნებით კონცენტრირებულნი?
- თავისთავად ცხადია, ვერ ვიქნებით და ესაა ყველაფრის თავი და თავი. ნორმალური ხელფასები არ არის, კვებაზე შენ უნდა იფიქრო და არა კლუბმა, ისევე როგორც მკურნალობაზე, ბუცების შეძენაზე და ასეთი ფიქრებით დამძიმებული მოედანზე ლაღად ვერ ითამაშებ, ადამიანი რკინის კი არ არის... მეც ბევრჯერ დამიჭერია ჩემი თავი, რომ თამაშის დროს ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი. სიმართლე გითხრათ, მერიდებოდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი, რომ არა მთავარი - ეს მხოლოდ ჩემი სატკივარი არ იყო და არ არის, ამ დღეშია ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშეთა დიდი ნაწილი. აქ ფეხბურთელი პრობლემებს დამოუკიდებლად აგვარებს, მისი ბედი კლუბს არ ადარდებს. წლების განმავლობაში ასეთ გულგრილობას რომ აწყდება, იღლება და ერთ მშვენიერ დღეს კარიერას ნაადრევად ასრულებ. იქნებ, მოქმედ ფეხბურთელებს მაინც შეუქმნან ელემენტარული პირობები. სხვაგვარად ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. დაკვირვებული ვარ, საქართველოში ფეხბურთს ნიჭის ხარჯზე თამაშობენ და არა სწავლის და პირობების გამო. მაგალითად, ტრენაჟორებში საშუალება მხოლოდ ორ-სამ გუნდში ავარჯიშებენ, სხვა კლუბებში ეს ფეხბურთელის მოსაგვარებელია. ნუთუ კლუბს ამის საშუალება არ უნდა ჰქონდეს? ამიტომ ვარ დარწმუნებული, პირობები რომ იყოს, ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი მოხვდებოდა. ლატვია გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და სირცხვილია, საქართველოს ამის შანსი არ ჰქონდეს.

- ახლა რას საქმიანობთ?
- "ავაზა-ვისოლში" მწვრთნელობა დავიწყე, რაც რამაზ მუმლაძის დამსახურებაა. კარიერის დასრულების შემდეგ, ბატონი რამაზი გვერდში დამიდგა, "ავაზაზე" მწვრთნელად მიმიყვანა, ლიცენზირების კურსი გავიარე და ახლა ვცდილობ? ბავშვები სწორ გზაზე დავაყენო, მე რომ შემექმნა, ის პრობლემები ავარიდო და იქნებ, მათ მაინც შეძლონ შესაძლებლობის რეალიზაცია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბორის შენ ტრანვამ კი არა წამალმა გაგაფუჯა რო იცოდე
miriani
00:11 18-09-2010
0
ბოდიში მოიხადე
ნ.კ.
21:17 05-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული