ნიკა კვეკვესკირი: თბილისის "დინამომ" სეზონი ჩააგდო და ეს ჩვენზე მეტად არავის სტკივა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საკუთარ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსთან" 0:1 დამარცხდა და, ფაქტობრივად, ევროთასებზე გამოსვლის შანსი დაკარგა.

გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ნიკა კვეკვესკირის თქმით, სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თბილისის "დინამო" ევროთასების მიღმა დარჩებოდა. ასეთი საფრთხე კი უკვე რეალურია:

- თბილისის "დინამო" საქართველოს საუკეთესო გუნდია, ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა და სეზონის წინაც ოქროს მედლების მოპოვება გვქონდა მიზნად დასახული.

მაგრამ საქმე ისე ცუდად აეწყო, რომ ევროპის ლიგაზე გასვლა და სამეულში მოხვედრაც სანატრელი გაგვიხდა.

ფიქრიც არ მინდა, რომ ევროთასებზე ვერ ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენი იმედები დარჩენილ სამ
შეხვედრას უკავშირდება და ქულები "ტორპედომაც" უნდა დაკარგოს.

შანსის გამოყენებას მაინც შევეცდებით... თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერანაირად წარმოვიდგენდი, სეზონის ბოლოს ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდით.

- "ტორპედოსთან" ძალიან უფერულად გამოიყურებოდით. რა მოგივიდათ?
- უბრალოდ, ვერ ვითამაშეთ. გასვლაზე "მერანთან" და "ზესტაფონთან" უმძიმესი შეხვედრები მოვიგეთ და 6 ქულა მოვიპოვეთ, რაც იოლი არ იყო და ამ თამაშებმა დიდი ენერგია წაგვართვა. ალბათ, გადაღლილობამაც თავისი გაიტანა.

- გულშემატკივართა ნაწილი ამბობს, რომ "დინამოში" ერთსულოვნება არ იგრძნობაო...
- ერთსულოვანი და შეკრული გუნდი ნაღდად ვართ. ქუთაისელებთან მართლაც დაღლილობის გამო წავაგეთ და იმასაც გეტყვით, რომ ჩვენზე მეტად არავის სტკივა სეზონის ჩაგდება. თუ მართლაც ევროთასების მიღმა დავრჩით, ეს "დინამოს" ისტორიაში შავი ლაქა იქნება.

- იმ დროს, როდესაც "ბაიადან" გადმოდიოდი, ფიქრობდი, რომ მინიმუმ, საქართველოს ჩემპიონები გახდებოდით...
- თავისთავად, ასეა. ეს ჩემთვის საოცნებო კლუბია. ფეხბურთელი საიდანაც უნდა მოდიოდეს, "დინამოში" ყოველთვის უმაღლესი მიზნები ამოძრავებს და ტიტულების მოპოვებაზე ფიქრობს.

"დინამოსთან" კონტრაქტი კიდევ მაქვს, ვრჩები და მომავალი სეზონიდან ყველაფერს გავაკეთებ, გუნდთან ერთად ტიტულები რომ მოვიპოვო და გულშემატკივრის იმედები გავამართლო. ყველა ფეხბურთელი ასეა განწყობილი.

ფაქტია, რომ სეზონი აშკარად ჩაგვივარდა და ბიჭები მომხდარს ძალიან განვიცდით. თუმცა, ვიმეორებ, სამეულში მოხვედრის იმედი ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული