გიორგი ხიდეშელი: დავითარსე, მაგრამ სხვა გზა არაა - უნდა გავუძლო

AutoSharing Option
გიორგი ხიდეშელი "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრის 78-ე წუთზე დაშავდა. 24 წლის ცენტრალური მცველი უმძიმეს შოკში იყო - შარშან, კიშინიოვში "დაჩიასთან" განმეორებით მატჩში ტრავმირებული ფეხბურთელი მოედანს ხომ რვათვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ხიდეშელს ჯვარედინი იოგები ჰქონდა დაზიანებული და ოპერაცია დასჭირდა. ახლაც ეგონა, რომ მძიმედ დაშავდა და იძულებითი დასვენება მოუწევდა.

მატჩის შემდეგ გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო, თუმცა დიაგნოზის სურათი ბელგიაში მკურნალ ექიმს, მარტენს გაუგზავნა და მოულოდნელად პასუხმა გული დაუმძიმა - საქმე ბევრად უფრო რთულად ყოფილა.

"სამწუხაროდ, ტრავმა სერიოზულია: ექიმ
მარტენსის თქმით, მენისკი საოპერაციოა, მარჯვენა იოგი კი - დაზიანებული და, მინიმუმ, 3-4 თვე ვერ ვითამაშებ.

ამჟამად მარტენსი ყატარშია და შევთანხმდით, რომ 26 მაისს ბელგიაში ჩავალ და ოპერაციას იქ გავიკეთებ...

დავითარსე, შოკში ვარ, აღარც ფიქრის თავი მაქვს და აღარც ვიცი, ამ 3-4 თვის შემდეგ რა მოხდება. მაგრამ სხვა გზა არაა, ამ განსაცდელსაც უნდა გავუძლო",
- ამბობს ხიდეშელი.

გიორგი "ზესტაფონს" ძალიან დააკლდება, რადგან ცენტრალური მცველის პოზიციაზე გუნდს ისედაც სერიოზული პრობლემა შეექმნა: გამოცდილი გიორგი ონიანი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს და ზესტაფონელებს სასწრაფოდ დასჭირდებათ საკვანძო პოზიციაზე მოთამაშეების შერჩევა.

იმერული კლუბის საფიქრალი ამით არ ამოიწურება: კონტრაქტი უმთავრდება და წასვლა სურს საყრდენ ნახევარმცველს, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შოთა გრიგალაშვილს - 25 წლის ფეხბურთელს ვლადიკავკაზის "ალანია" და თბილისის "დინამო" იწვევენ. თუმცა, ძნელი სათქმელია, დათანხმდება გრიგალაშვილი საქართველოში დარჩენასა და "ზესტაფონის" კონკურენტში გადასვლას?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული