გიორგი ნემსაძე ახალ ამპლუაში: გული ყოველთვის მწვრთნელობისკენ მიმიწევდა

AutoSharing Option
რამდენიმე წლის წინ, გიორგი ნემსაძემ საფეხბურთო მენეჯერის სტატუსი მიიღო და ამ სფეროში საქმიანობდა; ოღონდ, მანამდე, ვიდრე თბილისის საკრებულოში არ აირჩიეს - ელემენტარულად, ამ პოსტზე მენეჯერობის უფლება არ ჰქონდა. თბილისის "დინამოში" მუშაობის დროსაც იგივე შეზღუდვა ჰქონდა.

გიორგი ნემსაძე თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორის პოსტიდან აპრილში გადადგა და ბევრმა იფიქრა, რომ კვლავ ძველ საქმიანობას დაუბრუნდებოდა. მაგრამ საბოლოოდ, სხვა გზით წავიდა.

"რამდენიმე დღეა, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით დაიწყო მწვრთნელთა სემინარი. "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ "ბ" კატეგორიის ლიცენზირების გავლა გადავწყვიტე.

საქმე ისაა, რომ კარიერის
დასრულების პერიოდში ბევრს ვფიქრობდი, ფეხბურთის შემდეგ რა საქმიანობას დავიწყებდი და მწვრთნელობა ვამჯობინე.

თუ გახსოვთ, ამას ჯერ კიდევ შოტლანდიური "დანდიში" თამაშის დროს ვამბობდი. ნაკრებშიც და კლუბშიც ჩანაწერებს ვაკეთებდი, შეკრებები როგორ იგეგმებოდა, რა პერიოდულობით, რა უნდა გამეთვალისწინებინა სეზონისა თუ კონკრეტული შეხვედრის სამზადისისას. ჩემთვის საინტერესო საკითხზე მწვრთნელებს ველაპარაკებოდი.

მოკლედ, ახალი პროფესიის ათვისებით სერიოზულად ვიყავი დაინტერესებული.

მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, მოვლენებმა გეგმები შემაცვლევინა: საფეხბურთო აგენტობას მივყავი ხელი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიყარე კენჭი, საკრებულოში ამირჩიეს და ბოლოს "დინამოში" სპორტული დირექტორის პოსტი მეკავა.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, გული ყოველთვის მწვრთნელობისკენ მიმიწევდა. ახლა გავივლი "ბ" ლიცენზიის კურსს, შემდეგ "ა"-ს და იმედია, თავის გამოჩენას მოვახერხებ", - ამბობს ნემსაძე.

აღსანიშნავია, რომ ნემსაძესთან ერთად, სამწვრთნელო სემინარს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი და "ზესტაფონის" სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილიც ესწრებიან.

ამ ხალხს ფეხბურთში წლები აქვთ გატარებული, უდიდესი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდათ და ვფიქრობთ, კარგი იქნება, მას ისევ ჩვენს ფეხბურთს თუ მოახმარენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული