ბუბა ტყავაძე თბილისის "დინამოში" ბრუნდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" დიდი ცვლილებები იწყება. რომან ფიფიას მისვლის შემდეგ კლუბში დიდი ფული ჩაიდო, გუნდს იჯარით გადაეცა ეროვნული სტადიონი, ბაზა ისე გარემონტდა, თვალს და გულს უხარია...

მშვენიერი სავარჯიშო პირობების გარდა შესამჩნევად გაუმჯობესდა კლუბის ფინანსური მდგომარეობაც: "დინამოს" ბიუჯეტმა 5 მილიონ დოლარს მიაღწია და დაიბრუნა ქვეყნის ყველაზე მდიდარი გუნდის სტატუსი.

მოკლედ, ყველა პირობა იყო შექმნილი, "დინამოს" კვლავაც საჩემპიონო ამბიციები რომ ჰქონოდა, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც განხორციელდა (საქართველოში დაბრუნდნენ გოგიტა გოგუა, გიორგი მერებაშვილი), მაგრამ...

ჩემპიონატში "დინამომ", მესამე ადგილიც რომ დაიკავოს, გუნდისთვის სეზონი მაინც ჩაგდებულია -
ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულებიდან (ჩემპიონობა, თასი), ვერცერთი მოიპოვა. ყველაზე ამბიციური და ტიტულოვანი კლუბისთვის კი ეს კატასტროფის ტოლფასი შედეგია.

ცხადია, რომან ფიფია დაფიქრდა, რომ კლუბის მართვაში რაღაც ისე ვერ იყო. შეცდომები თავადაც დაუშვა, მწვრთნელების უდროო ხშირი ცვლა სხვა არაფერი იყო. ყოველივე ეს კი გუნდს ვერ წაადგებოდა და ასეც მოხდა.

ახლა კი მართვაში რადიკალური ცვლილებები მოხდება. ჯერ კიდევ 23 აპრილს ვწერდით, რომ რუსთავის "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე თბილისის "დინამოში" ბრუნდებაო.

მაშინ უცნაურად მოგვეჩვენა "დინამოს" ერთ-ერთი თავკაცის პასუხი, ამ ინფორმაციაზე ვერც კის გეტყვით და ვერც არასო. ჩვენთან საუბარში კი ბუბა ტყავაძემ თბილისურ კლუბში დაბრუნება უცნაურად უარყო:

"სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლაზე არც მიფიქრია. დიღმის ბაზაზე კი მართლაც ვიმყოფებოდი, "დინამოს" მეპატრონეს რომან ფიფიასაც ველაპარაკე და ეტყობა, ჭორები ამის გამო გავრცელდა. ვილაპარაკეთ არა ჩემს დაბრუნებაზე, არამედ გიორგი თექთურმანიძის იჯარის გაგარძელებაზე".

ტყავაძის სიტყვებში ეს გვენიშნა - "სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლაზე არც მიფიქრიაო", ქვეტექსტი იყო, სეზონის შემდეგ დავფიქრდებიო.

მოკლედ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და შევიტყვეთ - ბოლო ცნობით, "დინამოში" სპორტულ დირექტორად ტყავაძის დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია და მან უკვე მოლაპარაკებებიც დაიწყო თავის ძველ-ახალ კლუბში ახალი ფეხბურთელების მიყვანაზე.

ტყავაძე "დინამოში" 2005-10 წლებში მუშაობდა, მაგრამ კლუბში რომან ფიფიას მისვლის შემდეგ პოსტიდან გადადგა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მეპატრონე რომ შეიცვალა, 2011 წლის 9 ივლისს "მეტალურგის" ხელმძღვანელი გახდა. ტყავაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ნდობით სარგებლობდა და რუსთავული კლუბის მმართველ დირექტორად დაინიშნა.

ტყავაძის პლუსი ისაა, რომ გუნდის მართვა და სატურნირო სტრატეგიის კარგად შედგენა ეხერხება, ჩინებულად იცნობს ქართული ფეხბურთის სამზარეულოს, ფეხბურთელები ხუთი თითივით შეისწავლა და რაც მთავარია, არც ისე შთამბეჭდავი შემადგენლობის მიუხედავად, "მეტალურგი" მაინც ჩემპიონობისთვის იბრძვის - ცხადია, მმართველი დირექტორის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა.

სიახლეა ისიც, რომ თბილისის "დინამომ" ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე იან ჰომერის სახელობის კორტები შეიძინა, სადაც შემოდგომიდან კლუბის საფეხბურთო აკადემია ამოქმედდება. მოეწყობა საცხოვრებელი კორპუსი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული