"ზესტაფონს" შანსი აქვს, პირველ ადგილზე გადავიდეს და იმ სპეციალისტების მოსაზრება გაამართლოს, ნიადაგ რომ ჩაგვჩიჩინებენ, ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე კარგ ფეხბურთს "ზესტაფონი" თამაშობსო.
წინა ტურში "დინამო"-"ტორპედოს" მატჩზე გახლდით. ამ თამაშზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, ოღონდაც ფეხბურთი ისეთია, მხოლოდ მოგება-წაგება რომ ვერ იქნება საინტერესო. სტადიონზე რომ მიდიხარ ის უპირატესობაც გაქვს, შეგიძლია, ამა თუ იმ ფეხბურთელს კარგად დააკვირდე ნებისმიერ ეპიზოდში და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე.
"დინამოდან" დაკვირვებას
ცხადია, ეს ოდენ ჟურნალისტური აზრია, მაგრამ არა მგონია, ნამეტანი თამამი შეფასება იყოს. ხიზანეიშვილს საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა თითქოს უკან აქვს მოტოვებული ყველაფერი. "დინამომ" კარგი საქმე გააკეთა, ეს ნიჭიერი მცველი ფეხბურთისკენ რომ მოაბრუნა.
ხიზანეიშვილი თავის დროზე იოჰან ბოსკამპის ჯილა იყო... მისი თამაში ამ "დინამოში" კი გამოცდილებისა და კლასის უპირატესობაა.
როგორი საქმეა, წლობით მოწყვეტილი ხარ ნაღდ ფეხბურთს, ბრუნდები, ხვდები ამბიციურ კლუბში და საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად ხარ...
* * *
ბათუმში დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელება დაიწყებაო - დაიწერა "ლელოში" (იხილეთ ვრცლად) და გულს მოეფინა ეს ამბავი. კარგა ხანია, მიდის მუშაობა იმაზე, რომ სერიოზულ ინვესტორს მოეკიდა ხელი "ბათუმისთვის".
კულუარებში არაერთი ცნობილი ბიზნესმენის სახელი და გვარი სახელდებოდა, მათ შორის კობა ნაყოფიასიც, თუმცა საქმე ამის იქით არ წასულა. ახლა კი ვნახოთ, რა როგორ იქნება. გალამაზებულ ბათუმს აღორძინებული ფეხბურთიც რომ სჭირდება, ამას უკვე ყველა ხვდება.
ფეხბურთით ხალხის გულის მოგებაც შეიძლება. რაგბის ერთი გულშემატკივარი ამბობდა, ფეხბურთი ბანგია მდაბიურთათვის, ხოლო რაგბი ოვალური ოაზისია მრგვალ უდაბნოშიო.
სხარტად არის თქმული, თუმცა იმდენი ბანგით არის ახლა დატენილი ჩვენი სივრცე, რომ ფეხბურთის ადგილი იქ არ ჩანს და ალბათ ესეც ამტკიცებს იმას, რომ ფეხბურთი ბანგისგან განზე დგას. ბანგი იოლად, იაფად ათრობს ხალხს, იოლად უფასურდება, ფეხბურთით ზემოქმედება კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ჯერაც გაუფასურებული.
* * *
ამასობაში მწვრთნელები მომავალი სეზონისთვის ემზადებიან. თურქული "კაისერისფორის" ჩვენებური მწვრთნელი "დილა" - "დინამოზე" იყო ჩამოსული გიორგი ლორიას სანახავად. ჯერჯერობით ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს მეკარე თურქეთში წავა სათამაშოდ. შოთა არველაძე კი სასელექციო მოგზაურობას აგრძელებს, 10 მაისს კიევში გახლდათ ჩასული და "დინამო"-"ტავრიას" თამაშს დაესწრო, როგორც შევიტყვეთ, "ტავრიას" ერთი ფეხბურთელის სანახავად.
ერთი სიტყვით, კარგი ფეხბურთელი დიდი კაპიტალია და მის მოსაძებნად გამრჯე თუ არ ხარ, წარმატების შანსიც ნაკლები გაქვს.
ალბათ კარგია, როცა მწვრთნელი გეოგრაფიას და თვალსაწიერს იფართოვებს. მწვრთნელების საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ქართული ფეხბურთისთვის შანსია, რადგან ჩვენ ჯერაც ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანა ვართ.
* * *
რამდენიმე დღის წინ ჭაბუკთა ლიგის მატჩს დავესწარი. "საბურთალო" და 35-ე სკოლა თამაშობდნენ უმაღლესი ლიგის გუნდების სახელით.
ოთხკუთხედი მოედანი არც ბანგი იყო და არც ოაზისი, ეს იყო საბადო - ბევრი ნიჭიერი მოზარდი ერთ პერიმეტრზე. რამდენიმე გვარი ჩავიწერე, ზოგიც დავიმახსოვრე. იმ თამაშს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ - გია ნემსაძე, აჩი არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული... მათ კმაყოფილი სახეები ჰქონდათ, უყურებდნენ ნიჭიერ ბავშებს და მათზე საუბრობდნენ.
საბადო კი მხოლოდ მარაგი წიაღისეული არ არის, საბადო უნდა გაიხსნას, დამუშავდეს და გამდიდრდეს - სწორად აქ უჭირს ქართულ ფეხბურთს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"