მიუხედავად კატასტროფული სტარტისა, "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი თეო ბოსი ამბობს, რომ ჯერჯერობით პოსტზე რჩება: "მე ყოველთვის მოვუსმენ და ანგარიშს გავუწევ ჟორდანიას, მაგრამ გუნდთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. არა მგონია, მან რამე მიკარნახოს. ზუსტად არც ვიცი, კლუბთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში რა გეგმები აქვს, მაგრამ სადღეისო პრობლემები სასწრაფოდ უნდა
"მე თქვენს საქმეებში არასდროს ჩავერევი", - ეს იყო პირველი წინადადება, რომლითაც ჟორდანიამ მწვრთნელს მიმართა.
"ჟორდანია კარგი პიროვნებაა, რომელსაც ესმის ფეხბურთი. მოთამაშეებს სახელებით იცნობს, რაც მას ღირსებას მატებს. "ვიტესის" ახალი მეპატრონე ახალგაზრდების გაზრდაზე ფიქრობს და საამისოდ დიდძალ ინვესტიციას აბანდებს", - თეო ბოსი ჟორდანიას ხოტბას ასხამს, მაგრამ ვეჭვობთ, ჟორდანიამ მასზე იგივე გაიმეოროს - ჩვენი ინფორმაციით, "ვიტესის" მესვეური მწვრთნელს ცოტა ხანს კიდევ დააკვირდება და... სავსებით შესაძლებელია, პოსტიც დაატოვებინოს. "ვიტესი" კი ვერ იგებს, ბოლო ტურში "ჰერენვეენთან" 1:2 წააგო და პირველი ტურის შემდეგ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო. თუმცა, სავარაუდოდ, ბოსს გუნდში სხვა როლში გამოიყენებენ.
"ასოშეიტედ პრესთან" ინტერვიუში ჰოლანდიელთა ქართველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბის დაფინანსების წყაროს არ დამალავს:
"გაძლევთ გარანტიას, რომ ჩემი შემოსავლები და ფინანსური რესურსები იურიდიულ პრობლემებს არ შეგვიქმნის. უკვე დავავალე ჩემს ადვოკატს, რომ ყველა საბანკო ანგარიში საჯარო გახადოს, რათა შემდგომში მასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს. მე დასამალი არაფერი მაქვს, რადგან "სუფთა ფული" მომაქვს".
ქართველი მეპატრონე აცხადებს, რომ კლუბში ხანმოკლე ვადით არ მისულა და იმ შემთხვევაშიც შეეცდება მიზნების განხორციელებას, თუკი "ვიტესი" წარმატებებს უახლოეს სამ წელიწადშიც ვერ მიაღწევს: "მე აქ არ ჩამოვსულვარ მცირე თანხით და მოკლე ვადით - ოჯახთან ერთად დასახლებას და ჰოლანდიურის შესწავლას ვაპირებ".
ჟორდანიას "ნაიმეგენის" ყოფილი პრეზიდენტის, ჰანს ვან დელფტის ნათქვამის კომენტარიც ჩამოართვეს - ეს პიროვნება ჯერ ჩვენი კლუბის ყიდვას ცდილობდაო. ჟორდანიამ შემდეგი განაცხადა: "ნაიმეგენთან" არანაირი კონტაქტი არ მქონია. უპირატესობა თავიდანვე "ვიტესს" მივანიჭე. იყო ფიქრი "ალკმაარზეც", მაგრამ როდესაც კარგად დავფიქრდი, "ვიტესთან" მოლაპარაკება ვამჯობინე. მე არ მაინტერესებდა არსებული რთული ვითარება, რადგან "ვიტესი" საინტერესო კლუბია, სადაც საინტერესო ახალგაზრდობაა. ჩემი მიზანი კი წარმატებული კლუბის მშენებლობაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"