მანამდე ქართული ფეხბურთი ისეთი ციხე იყო, რომელიც შიგნიდან არ ტყდებოდა. გარიგებული მატჩები, მსაჯებზე გასვლა, ათასი მამაძაღლობა - ხმის ამომღები არავინ იყო, მხოლოდ ზოგადი საუბრები, კულუარული ლაპარაკი, მასმედიაში კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტულ პიროვნებებზე კლუბებიდან არავინ არაფერს ამბობდა. კოკაიამ კი გუდას პირი მოხსნა და ქართულ საფეხბურთო სინდიკატს წყალი შეუყენა.
არაერთ ფეხბურთელსა და მწვრთნელს მოუყოლია, თუ რა ხდებოდა ქართულ ფეხბურთში. ამ ცოტა ხნის წინათ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა
ასეთ ექსკლუზიურ და მჭექ მასალას რომელი ჟურნალისტი არ ინატრებდა, მაგრამ რად გინდა, ყოფილმა ფეხბურთელმა ეს მხოლოდ შინაურულად, არასაგაზეთოდ მითხრა.
ერთი სიტყვით, ქართულ ფეხბურთს ცოდვა-ბრალი არ აკლია. კოკაიას სკანდალურმა განცხადებებმაც 2008 წელი გამახსენა.
მაშინ "ზესტაფონი" თასის ფინალში გავიდა და ასწია კიდეც ნანატრი ჯილდო, "დინამო" კი ჩემპიონი გახდა. იმ სეზონში ეს გუნდები ცხადია, არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მათგან გამორჩეული, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრაც მაშინ იყო, როცა "დინამოს" მეკარე დიდიე ოვონო ერთ კუთხეში გადახტა, ზესტაფონელი როინ ონიანის საგოლე დარტყმა კი საპირისპირო კუთხეში წავიდა.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, "ზესტაფონის" პრეზიდენტი მაშინაც ილია კოკაია იყო, ხოლო "დინამოს" ბუბა ტყავაძე მართავდა.
მაშინ სხვა დრო იყო, ანუ მოქმედებდა ციხის შიგნიდან არგატეხვის წესი, სინდიკატიც უფრო ღონიერი და თავნება გახლდათ.
ახლა კი ხომ ხედავთ, რა ხდება, ძველი ამბები დაავიწყდათ და მიდის მტვრევა-მსხვრევა.
მე მაინც მგონია, რომ კოკაიას ახლანდელი განცხადებები რაღაც სარგებლობას მოუტანს მთლიანად ქართულ ფეხბურთს, თუნდაც იმიტომ, რომ ციხე შიგნიდან უკვე გატეხილია.
ამასობაში კახა კალაძემ ფეხბურთელობას თავი დაანება, 18 მაისს კი სამშობლოში დაბრუნდა. 19 მაისს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია მიუნხენში, ეს თასი კალაძემ ორჯერ მოიგო, სამტრედიიდან "მილანში" მოხვდა და ქართველი ახალგაზრდობისთვის სამაგალითო გახდა.
კალაძე გზას რომ იკაფავდა, მაშინ სულ სხვა დრო იყო, მან საკუთარი შრომით მიაღწია წარმატებებს და არა განგსტერობით.
კალაძე ახლა პოლიტიკაშია ჩართული და ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის გვერდში დგას და ვის აკრიტიკებს. მთავარი აქ სხვა რამე უნდა იყოს - მაგალითი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს.
კალაძე ჯერაც ახალგაზრდა კაცია, ცხოვრება მოწყობილი აქვს, მაგრამ იმავდროლუად პროტესტის გრძნობაც გააჩნია.
სულაც არ არის აუცილებელი, რომ პროტესტი გინდა თუ არა, პოლიტიკური იყოს, აუცილებელი ის არის, რომ საქართველოშიც ჰქონდეთ ახალგაზრდებს და მთლიანად საზოგადოებას პროტესტის გრძნობა.
როცა ოვონო იქით ხტებოდა და ბურთი აქეთ გადიოდა, ცნობადი სახეებიდან მაშინ ხმას არავინ იღებდა, მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ, მტკიცებულებები არ არისო. მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატიც ამ ყველაფრის შედეგია...
ერთი ტურიც და საქართველოს ჩემპიონატი დასრულდება, სეზონი კი ამით არ მთავრდება, იქითა კვირას ჩვენი ეროვნული ნაკრები ამხანაგურად თურქებს გაეჯიბრება.
თემურ ქეცბაიამ საამმატჩო შემადგენლობაც დაასახელა. საქართველოს ნაკრებში და მის გარშემო რაც ხდება, ყველამ იცის, აქ ციხეს გატეხვა აღარ სჭირდება, ოღონდაც საქმე წინ მაინც ვერ მიდის.
არა მგონია, ქეცბაიას ნდობის კრედიტი ისეთივე დიდი ჰქონდეს, როგორც მანამდე, ამიტომაც მისი გაწვრთნილი ნაკრების ყოველი ამხანაგური მატჩი განსაკუთრებულად დატვირთულია. მწვრთნელ ქეცბაიასთვის ეს ერთგავარად გარდამტეხი პერიოდია - არის შანსი, რომ ნაკრები თავდაჯერებულად შეხვდეს მომდევნო შესარჩევ ციკლს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"