ბუბა ტყავაძე ჩემპიონს არ ცნობს და ილია კოკაიას ძველ ამბებს უხსენებს!

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი ისე დასრულდა, რომ ჩემპიონის გამოსავლენად ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გახდა საჭირო - თუ მანამდე გათამაშების ცხრილს რუსთავის "მეტალურგი" ლიდერობდა, აღმასკომმა ჩემპიონობა "ზესტაფონს" დაუმტკიცა.

ჩვენი რესპონდენტი "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე გახლავთ და ვფიქრობთ, მისი განცხადებები საკმაოდ საინტერესოა...

- რას მოიმოქმედებს " მეტალურგი" - შეეგუება აღმასკომის ვერდიქტს თუ იბრძოლებს ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად?
- მთელი სეზონის განმავლობაში "მეტალურგი" ერთ მუშტად შეკრული კლუბი იყო. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო და წინააღმდეგობებიც ერთად გადავლახეთ. მიზანსაც მივაღწიეთ - საქართველოს ჰყავს ჩემპიონი "მეტალურგი", თუმცა ამ
ტიტულის წართმევა უნდათ.

- ყრილობის შემდეგ აღმასკომი ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოა და სწორედ აღმასკომმა დაუმტკიცა ჩემპიონობა "ზესტაფონს" - რისი იმედი გაქვთ?
- მე ვთვლი, რომ ჩემპიონობა საბოლოოდ წართმეული არ არის. უფლება არ მაქვს, უმოქმედოდ ვიყო და ყველანაირად ვეცდები ჩვენი სიმართლის დამტკიცებას. აღმასკომს ჯერაც არ გადმოუცია "მეტალურგისთვის" სხდომის ოქმი. არ ვიცი, რატომ. ასე გვითხრეს, ოქმი ჯერ მზად არ არისო.

ოქმის ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში შეგვიძლია აპელაციის შეტანა. ჩვენმა იურისტებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა. როგორც ვიცი, ფედერაციამ უეფას 31 მაისამდე უნდა აცნობოს ჩემპიონის ვინაობა და ჩვენც მანამდე უნდა გავასაჩივროთ აღმასკომის გადაწყვეტილება.

- ამ ისტორიას, იურიდიულის გარდა, მორალური მხარე აქვს და, ალბათ, არავისთვის უნდა იყოს სადავო, რომ მორალურად "მეტალურგი" დაზარალდა...
- მორალურ მხარეს რაც შეეხება, ყველას უნდა გავახსენო ის, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფედერაციის სხვა მაღალჩინოსნებით დამთავრებული, ღიად აცხადებდნენ, დებულებაში არანაირი გაუგებრობა არ არის, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონი "მეტალურგი" იქნებაო.

ახლა საკითხავი ის არის, რა დონეზეა მათი პასუხისმგებლობა და აქვთ თუ არა მორალური უფლება, რომ ასე მშვიდად გააგრძელონ მუშაობა დაკავებულ თანამდებობებზე?

- აღმასკომის სხდომამდე "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ განაცხადა, "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე კი ქართული ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოსო - რა კომენტარს გააკეთებდით ამ ყველაფერზე?
- ცილისწამება კანონით ისჯება და "მეტალურგის" მხრიდან აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაქცია. აქ მეორე ფაქტორსაც უნდა გავუსვათ ხაზი - აღმასკომის სხდომის ოქმი რომ მოვითხოვე, ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ მითხრა, თუ "ზესტაფონი" ერთ კვირაში არ დაამტკიცებს ამ ბრალდებას, უმაღლესი ლიგიდან გაირიცხება, ამის იურიდიული საფუძველი არსებობსო.

ვფიქრობ, კანონიერი იქნება, თუ მოვითხოვ ასეთ რამეს - ან კოკაიამ დაამტკიცოს ეს ბრალდება, ან ფედერაციის პრეზიდენტმა სიტყვა შეასრულოს.

- იურიდიული საკითხების გარდა, ადამიანური ურთიერთობებიც ბევრ რამეს განაპირობებს. როცა "ზესტაფონმა" უჩა ლობჟანიძე "დნიპროში" გაყიდა, დაიწერა და ითქვა, "ზესტაფონმა" ამ ტრანსფერში ორი მილიონი ევრო აიღოო. ლობჟანიძე მანამდე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყო და ამ ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ეკუთვნოდა. მაშინ თქვენ იყავით "დინამოს" მმართველი დირექტორი და იქნებ გვითხრათ, მიიღო კუთვნილი თანხა "დინამომ"?
- იმ პერიოდში დავუკავშირდი "დნიპროს" და უკრაინელებმა მაცნობეს, ლობჟანიძეში ამდენი თანხა არ გადაგვიხდიაო. საჩივარი შევიტანეთ ფიფაში. საქმე უკვე დაძრული იყო, მაგრამ მერე წამოვედი "დინამოდან" და არ ვფლობ ინფორმაციას, თუ როგორ დასრულდა ეს ამბავი.

რა თანხადაც უნდა გაყიდულიყო ლობჟანიძე, მის ყოფილ კლუბებზე სოლიდარობის 5 პროცენტი უნდა გადანაწილებულიყო. ალბათ, ყველა დამეთანხმება, თუ ლობჟანიძის ტრანსფერი მართლა ორი მილიონი ევრო დაჯდა, ამ თანხის ხუთი პროცენტი უმნიშვნელო თანხა არცერთი ქართული კლუბისთვის არ იქნებოდა.

იყო სხვა შემთხვევაც - "ზესტაფონმა" "დინამოდან" გიორგი კაჭკაჭიშვილი რომ წაიყვანა, საკომპენსაციო თანხას ვითხოვდით, ზუსტად არ მახსოვს, ერთ თუ ორი ათას დოლარზე იყო ლაპარაკი, მაგრამ კოკაიას ამის გადახდაც კი არ უნდოდა. საქმის კურსში ჩავაყენეთ ფეხბურთის ფედერაცია, საიდანაც დაგვიდასტურეს, საკომპენსაცია თანხა ამ ფეხბურთელში მართლა გეკუთვნითო...

- ბუბა ტყავაძე "დინამოში" ბრუნდება - დაგვიდასტურებთ ამ ინფორმაციას? კულუარებში ისიც კი გავიგეთ, კოკაია შეხვდა "დინამოს" პრეზიდენტს რომან ფიფიას და ურჩია, ტყავაძე კლუბში არ აიყვანოო...
- დასამალი არაფერი არ არის, "დინამოდან" მართლაც მივიღე შემოთავაზება, ხოლო კოკაია რატომ ურჩევდა ფიფიას ტყავაძის "დინამოში" არდაბრუნებას, ლობჟანიძის და კაჭკაჭიშვილის ისტორიებიდანაც ჩანს. ეტყობა, კოკაიას არ ესიამოვნება, თუ "დინამო" ამ თანხებს მოჰკითხავს.

ერთხელაც მსურს გითხრათ, რომ არ ვიცი, ეს თანხები "დინამომ" უკვე მიიღო თუ არა. "დინამოში" დაბრუნებაზე ვფიქრობ, თუმცა ახლა ჯერ იმით ვარ დაკავებული, რომ რუსთავის "მეტალურგის" ინტერესებს ბოლომდე ვიცავ.

- ისევ აღმასკომის გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკაიას ხელისუფლებაში ჰყავს სერიოზული ლობი. სხვანაირად ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა საკუთარ თავს უხერხულ სიტუაციაში არ ჩააყენებდაო. ეთანხმებით ამ ვერსიას?
- კითხვა საინტერესო და დასაფიქრებელია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ასე სწრაფად, ორ დღეში შეიცვალა პოზიცია.

იყო თუ არა ზემოქმედება ხელისუფლებიდან აღმასკომზე, ამის დამადასტურებელი ფაქტები მე არ მაქვს და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფეხბურთი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს, ფეხბურთი სპორტია და მეტი არაფერი.

- თუ ფედერაციის პრეზიდენტის მომავალი არჩევნების დროს რომელიმე კლუბის ხელმძღვანელი იქნებით, ისევ ამ პოზიციაზე დარჩებით და ამ პრინციპით იმოქმედებთ?
- ამ პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ და დავუჭერ მხარს.

- ბუბა ტყავაძეს თავისებური ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან. მიგაჩნიათ, რომ ჩვენი მასმედია კარგად აშუქებს ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს?
- ხშირად გაიგებ ჟურნალისტებისგან, რომ ქართული ფეხბურთი არის ჩაკეტილი წრე, ჩაკეტილი სამყარო, სადაც ღიად და გულწრფელად არავინ არაფერს ამბობს. მსურს დავსვა კითხვა, თვითონ ჟურნალისტებიც ხომ არ იმყოფებიან იგივე სიტუაციაში? ხშირად ჟურნალისტების მხრიდანაც ხომ არ იმალება სიმართლე?

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- "ზესტაფონის" მატჩებს მეტწილად ალეკო კაკაურიძე მიმოიხილავს. არადა, ყველამ იცის, თუ როგორ დაუფარავად ქომაგობს ეს ჟურნალისტი "ზესტაფონს" თამაშის დროსაც კი. ასეთ დროს ობიექტური იქნება მატჩის საგაზეთო რეპორტაჟი?

ვფიქრობ, გულშემატკივარმა სიმართლე დამოუკიდებელი ჟურნალისტისგან უნდა შეიტყოს, სიმპათიები არაობიექტურობაში არ უნდა გადაიზარდოს.

შესაძლოა, ჩემმა ნათქვამმა ბევრი ჟურნალისტის გულისწყრომა გამოიწვიოს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას...

ტყავაძე არ ცნობს! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემასთან დაკავშირებით იხილეთ

ჩემპიონი "ზესტაფონია", მაგრამ ამ საქმეს ბოდიში არ უშველის
ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზესტაპონი იმსახურებს ჩემპიონობას გავიხსენოთ როგორ დაასვენა დილამ ყველა ძირიტადი პეხბურტელი.ტან ურთიერთსეხვედრებსიაც ზეტტაპონმა გაიმარჯვა
0
ჟურნალისტების მხრიდან სიმართლის დამალვაზე სწორი შენიშვნაა მაგრამ ამ შენიშვნის არასწორი ახსნაა...
Walkabout
16:38 23-05-2012
0

სიახლეები პოპულარული