მომავალ სეზონში უფრო გაძლიერებულ და ამბიციურ ბოლნისის "სიონს" ვიხილავთ

AutoSharing Option
გასული სეზონი "სიონისთვის" საკმაოდ რთული და, ამავდროულად, შინაარსიანი გამოდგა.

ბოლნისურმა კლუბმა უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი ძალიან უფერულად ჩაატარა და ბოლო ადგილზე დაასრულა. სამაგიეროდ, "სიონი" მოძლიერებული შეხვდა პლეი აუტს - ქვემოქართლელებმა დაძაბული ბრძოლების შედეგად იქ საუკეთესო ოთხეულში დამკვიდრება მოახერხეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

დავინტერესდით, როგორი დონის გუნდი ეყოლებოდა "სიონს" მომავალ სეზონში. მოგეხსენებათ, კლუბი იანვრიდან მოყოლებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის განკარგულებაშია და კომენტარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ სოსო ლალიაშვილს ვთხოვეთ:

"უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად კონკრეტულ გეგმებს დავისახავთ. დიდი ალბათობით, "სიონის" ბიუჯეტი
კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, გაცილებით ამბიციური გუნდი გვეყოლება, ვიდრე გასულ სეზონში.

თუკი ბოლო დროს ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, ახალ სეზონში გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ამისთვის თადარიგს დროულად დავიჭერთ და გუნდი სეზონისთვის მზადებას შარშანდელივით სპონტანურად კი არ დაიწყებს, მოსამზადებელი პროცესი საფუძვლიანად დაიგეგმება და მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს სამუშაოდ კარგი პირობები ექნებათ"
, - გვითხრა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილს ისიც ვკითხეთ, ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილებები "სიონის" სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარ მწვრთნელს ხვიჩა ქასრაშვილს კლუბის ხელმძღვანელობა ნდობას მომავალი სეზონისთვისაც გამოუცხადებს.

"ქასრაშვილმა მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა და "სიონი" უმაღლეს ლიგაში დატოვა. ასე რომ, იგი თანამდებობაზე დარჩენას იმსახურებს", - ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ბოლნისელები გაძლიერებას გეგმავენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული