ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ფანტომი და გაიძვერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან წააგო. ეს ისეთ დროს მოხდა, როცა ყველას ეზარება თამაში, სეზონი დამთავრდა და ყველას დასასვენებლად მიუწევს გული.

ოღონდაც გუნდს ეროვნული ნაკრები ჰქვია და ყველას გულზე ხვდება მისი მარცხი.

ნაკრების წარუმატებლობებს შეჩვეულები ვართ, ისიც კარგად ვიცოდით, რომ თურქეთთან მატჩში მსაჯები ისე აღარ დაუსტვენდნენ, როგორც მანამდე ალბანეთთან და მოლდოვასთან. ამხანაგური თამაშები კი ნაკრებისთვის საჭიროა, მწვრთნელი ყველაფერს აკვირდება და ასეთნაირადაც ემზადება დამდეგი შესარჩევი ციკლისთვის.

თურქეთთან საქართველოს ნაკრები რექვიემის შემსრულებელ ორკესტრს ჰგავდა, რომელსაც არცთუ კარგი დირიჟორი ჰყავს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, განსაკუთრებული
არაფერი მომხდარა, ვითარებამ ისე მოიტანა, რომ ნაკრების თამაში სულაც არ იყო ნომერ პირველი ამბავი ქართულ საფეხბურთო სამყაროში.

საქართველომ მოახერხა და იმდენი ქნა, რომ ჩემპიონის გამოსავლენად აღმასკომის სხდომა გახდა საჭირო. არ ვიცი, უეფას წევრ ქვეყნებში ეს უპრეცედენტო ფაქტია თუ არა, მაგრამ შემთხვევა ნამდვილად არასასიამოვნოა.

ცხოვრება ისეთია, ადრე თუ გვიან კარგიცა და ცუდი საქმეც წინ დაგვხდება. რუსთავის "მეტალურგის" ჩემპიონობამ და მერე ჩემპიონის "ზესტაფონით" ჩანაცვლებამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ის არჩევნები გამახსენა, გია ნემსაძემ რომ გაიმარჯვა და მერე იძულებული გახდა, გამარჯვება დაეთმო. ირვინ შოუც მაგას ამბობდა, ისტორია დიდი გაიძვერა რამეაო...

რუსთავის "მეტალურგი" თითქოს ბოლომდე იბრძვის, საქმეში იურისტებიც ჩართო, მაგრამ აქედან რომ არაფერი არ გამოვა, ალბათ "მეტალურგმაც" იცის. სხვა საქმეა, როგორ დამთავრდება ყველაფერი, დაამტკიცებს "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია იმას, რომ "მერანი"-"მეტალურგი" ჩაწყობილი იყო?

ჯერ კიდევ თებერვალში ვამბობდით, ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდება, თასს კი "დილა" აიღებსო. ყველაფერი ეს წინასწარმეტყველება კი არა, კულუარული ინფომაცია იყო, რომელიც ბოლომდე სიმართლე აღმოჩნდა. პირობას ვდებ, რომ კულუარებზე დაყრდნობით ტოტალიზატორის თამაშს დავიწყებ.

თამაში თამაშამდე ყოფილა მოგებული და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს რუსთავის "მეტალურგის" გამოცდილმა მესვეურმა ბუბა ტყავაძემ არ იცოდა. შესაძლოა, იცოდა კიდეც, ოღონდაც მასშტაბები ვერ გათვალა. ტყავაძე ალბათ "დინამო თბილისში" ხელახლა დაიწყებს მუშაობას და "დინამოც" ისეთი აღარ იქნება, როგორც გასულ სეზონში იყო.

"ზესტაფონს" ჩემპიონობა ყველაზე უფრო იმიტომ ეკუთვნოდა, რომ ყველაზე უფრო გუნდი იყო 2011/12 წლების სეზონში. კოკაიას წლობით ნაგები გუნდი ჰყავს და აფსუსი იქნებოდა, ჩემპიონატი რომ ვერ მოეგო. ეს ოხერი პოლიტიკა კი თითქოს ფანტომია ქართულ ფეხბურთში, ძალიან საშიში მოჩვენება, რომლისაც ყველას ეშინია.

მომხდარზე თუ ვინმე რამეს იტყვის, ყურიდან ყურში გაუშვებენ და ესეც წინ დაუხვდება ქართულ ფეხბურთს. ფანტომი ნამდვილია, ისტორია კი გაიძვერობას გააგრძელებს და კიდევ უფრო მწარედ დაწიწკნის ისტორიის შემქმნელებსა და პირში წყლის ჩამგუბებლებს - ამის მაგალითი სახეზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვეშველება რამე???? ;(
Saba
14:36 27-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული