ადლერში ქუჩას სლავა მეტრეველის სახელი მიანიჭეს

AutoSharing Option
ადლერში ქუჩას სლავა მეტრეველის სახელი მიანიჭეს. ამის შესახებ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის შვილმა, სერგო მეტრეველმა შეგვატყობინა.

სერგო მეტრეველი სოჭის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ადლერის ერთ-ერთი ქუჩისთვის სლავა მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ მიიღო სოჭის ადმინისტრაციამ. შესაბამისი წინადადებით კი ქალაქის ადმინისტრაციისთვის სოჭში მცხოვრები ფეხბურთის ვეტერანებისა და საზოგადოების წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფს მიუმართავს. სერგომ აღნიშნა, რომ ეს დიდი პატივია.

როგორც ცნობილია, სოჭის ცენტრალური სტადიონი უკვე დიდი ხანია, სლავა მეტრეველის სახელს ატარებს (სახელის გადარქმევის ხმები არ დადასტურდა). იქვე, სტადიონის
შესასვლელთან დგას ამ ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი. უახლოეს ხანში კი იქვე ავტობუსის გაჩერებაზე გაკეთდება წარწერა: "ოსტანოვკა სტადიონ იმენი სლავი მეტრეველი".

სოჭის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გენადი მარუსიძემ გვითხრა, რომ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა და სოჭში მომავალ წელს გამოიცემა დიდი წიგნი-ფოტოალბომი სლავა მეტრეველის ცხოვრებაზე. გამოცემაში აისახება სოჭში მისი ბავშვობა, ფეხბურთის თამაში გორკის "ტორპედოსა" და მოსკოვის "ტორპედოში", მერე თბილისის "დინამოში", სსრკ-ის და მსოფლიოს ნაკრებებში.

გენო მარუსიძე მიმართავს ყველა ქომაგს და ვეტერანს, ვისაც აქვს სლავას ბავშვობის და შემდგომი ცხოვრების პერიოდის სურათები ან ვიდეომასალა, შეატყობინოს მას და ის მიიღებს ზომებს ამ მასალების წიგნში შესატანად.

"დიდი შრომა დაგვჭირდება, მაგრამ ჩანაფიქრს რეალობად ვაქცევთ, მით უფრო, რომ გამოცდილება გვაქვს - შარშან გამოვუშვით სოჭის ფეხბურთის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ბროშურა, აგრეთვე, წიგნი სოჭის სპორტის ისტორიაზე", - თქვა მარუსიძემ. ამ წიგნებში შევიდნენ ის ქართველი სპორტსმენებიც, რომლებიც გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ სოჭში.

სერგო მეტრეველმა გვამცნო ისიც, რომ სოჭის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, საქართველოში ჩაიყვანოს სოჭის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ათამაშოს ქართულ თანატოლებთან და ანახოს საქართველო.

სოჭში ბავშვთა და ჭაბუკთა საფეხბურთო კლუბებში ბევრი ადგილობრივი ქართველი თამაშობს. მათ შორის არიან გაგრიდან და სოხუმიდან დევნილი ოჯახების შვილები.

თენგიზ პაჭკორია
სოჭიდან სპეციალურად "ლელოსთვის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული