ირაკლი ხუციძე მეიჯორ ლიგაში ითამაშებს?

AutoSharing Option
"გაგრამ" საქართველოს თასის მფლობელის სტატუსი გორის "დილას" ოფიციალურად გადააბარა. სამწუხაროდ, ეს სიმპათიური გუნდი უმაღლეს ლიგასაც დაემშვიდობა.

თუმცა გაგრელებს შეუძლიათ თავი ასწიონ - ამ გუნდის სახელი გარიგებულ მატჩებთან არც წელს გაიგივებულა და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს მოთამაშეებს უზრდის.

საერთოდაც, კაცმა რომ თქვას, გუნდის ყველაზე მთავარი დანიშნულება სწორედ ეს არის - ქართულ ფეხბურთს წესიერებითა და საქმით უნდა ემსახუროს.

მიუხედავად დაქვეითებისა, "გაგრას" მეპატრონე ბესიკ ჩიხრაძე გუნდის მიტოვებას არ აპირებს და საკადრო პოლიტიკას არ ცვლის, მაგრამ მომავალ სეზონში "გაგრას" შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია.

ადრეც ვწერდით,
რომ "გაგრას" მარჯვენა მცველის, ირაკლი ხუციძისა და კაპიტნის, ცენტრალური მცველი გიორგი ტყეშელაშვილის წაყვანა უკრაინის პრემიერლიგის ლუცკის "ვოლინს" სურდა, სადაც გაგრელთა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი მუშაობს.

პისკოვეცი და ლუცკელთა სელექციონერი ვიკტორ მოროზი საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრას ("გაგრა"- "დილა") საგანგებოდ, მათზე დასაკვირვებლად დაესწრნენ.

სამწუხაროდ, ტყეშელაშვილი დაშავდა, მერე ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე დაბრუნებამდე მის ტრანსფერზე ლაპარაკი უადგილოა. სავარაუდოდ, უკრაინაში არც ხუციძე ითამაშებს. ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ამერიკის მეიჯორ ლიგის "კოლამბუს ქრიუში" მიიწვიეს, ამერიკის ვიზა უკვე მიიღო, 30 მაისს ამერიკაში უნდა გაემგზავროს და კონტრაქტი გააფორმოს.

მეიჯორ ლიგაში ჩატარებული 13 ტურის შემდეგ "კოლამბუს ქრიუ" 18 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "ნიუ იორკ რედ ბულს" 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მასზე ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარისთვის "გაგრას" მთავარ მწვრთნელს ზვიად ჯელაძეს დავუკავშირდით:

"ირაკლის წასვლა სურს და მისით ამერიკელები დაინტერესდნენ, მაგრამ მეტი კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია.

ისიც არ ვიცი, ეს გადაწყვეტილი ამბავია თუ ჯერ მხოლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს".

ჯელაძე ამბობს, რომ პირველ ლიგაში დაქვეითების მიუხედავად, "გაგრაში" ოპტიმისტური განწყობაა:

"ჩვენ ყურები არ ჩამოგვიყრია და შრომას ჩვეული რეჟიმით ვაგრძელებთ. ბოლოს და ბოლოს, უმაღლესიდან გავარდნა იმას არ ნიშნავს, რომ "გაგრაში" არაფერი კეთდება.

გადახედეთ ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობებს, ჩვენგან რამდენი ფეხბურთელია გამოძახებული ეროვნულ და 19-წლამდელთა გუნდებში.

ასეთი პერსპექტიული ბავშვებით იმედი როგორ უნდა გადავიწუროთ? ასე რომ, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად ვიბრძოლებთ".

ხუციძე მეიჯორ ლიგაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
უკრაინული ინტერესი "გაგრაში" - გიორგი ტყეშელაშვილი და ირაკლი ხუციძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაგრას არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობა ყავს. ისინი მართლაც კარგ საქმეს აკეთებენ. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ზრდიან და რაც მთავარია მათ თავიანთი ოფლით და შრომით წარმატების მიღწევას ასწავლიან. მათი აღზრდილები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში თამაშობებ.
messi
12:11 29-05-2012
0
ნიჭიერი ახალგაზრდაა... წარმატებებს ვუსურვებ...
ანი
15:24 29-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული