ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
ოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV:
ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა და მართალი გითხრათ, არც გამიგია, რომ რომელიმე ქვეყნის ღირსებას სამი ძმა ერთდროულად იცავდეს.

ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საამაყოა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თამაში ჩვენი მშობლებისათვის მორალურად და ფსიქოლოგიურად, ურთულესი გადასატანი იყო ყოველთვის.

ხშირად დედაჩემს თამაშის დასაწყისშივე გამოურთავს ტელევიზორი, რადგან სამი შვილის ერთდროულად ყურება და მათზე არანორმალური ნერვიულობა, დამეთანხმებით, ადვილი არ არის.

ნაკრების თემა საქართველოში ყველას განსაკუთრებულად აინტერესებს: რა ხდებოდა 16 წლის განმავლობაში? რატომ წაგვივიდა ცუდად კარგად დაწყებული საქმე და რატომ გაუარესდა ჩვენი პირვანდელი მიღწევები, რომლებიც საკმაოდ მკაფიო იყო? რატომ მიდიოდა ნაკრების საქმე სულ დაღმა და დაღმა?!..

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს.

წარუმატებლობის პირველი მიზეზია ის, რომ საქართველოში კარგი ფეხბურთელების რიცხვი თანდათან იკლებდა... თუ პირველ ორ შესარჩევ ციკლში საქართველოს ორმოცდაათამდე კარგად მომზადებული ფეხბურთელი ეგულებოდა, რამდენიმე მაღალი დონისაც, ამ რიცხვმა მერე და მერე კლება დაიწყო, რაც ლოგიკური იყო, რადგან ყველა საბჭოთა პირველობას ჩამოვცილდით.

იმ გუნდებმა, რომლებიც ფეხბურთელებს ამზადებდნენ ("დინამოს" გარდა), თავიანთი პოზიციები დაკარგეს. ისინი აღარ იყვნენ ისეთი პოპულარულები, როგორიც სსრკ-ის დროს. ამიტომ მხოლოდ თბილისის "დინამოს" ამარა დარჩენილი ქართული ფეხბურთი დროულ და შესაფერის შევსებას ვეღარ იღებდა.

გამოგვაკლდა აფხაზეთი, გამოგვაკლდა სამაჩაბლო... საქართველოსა და ქართული ფეხბურთისთვის ურთულესი პერიოდი დადგა... ერთ პოზიციაზე 2-3, ასე თუ ისე თანაბარი ძალის ფეხბურთელი აღარ მოდიოდა.

მეორე მიზეზი მწვრთნელთა ხშირი ცვლაა. მიმაჩნია, რომ არცერთ ქართველ მწვრთნელს საკმარისი დრო არ მიეცა ნაკრებში მუშაობისათვის. მათთვის დრო იყო საჭირო.

ვფიქრობ, ალექსანდრე ჩივაძისთვის, დავით ყიფიანისთვის თუ რევაზ ძოძუაშვილისთვის დრო რომ მიეცათ, მათ ხელში ნაკრები გაცილებით მეტს მიაღწევდა. მეტი დრო უნდა მიეცათ უცხოელი მწვრთნელებისთვისაც - იოჰან ბოსკამპს და ალენ ჟირესს მართლაც შეეძლოთ ჩვენი ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა.

ეროვნული გუნდის შედეგებს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაც განაპირობებდა. საქართველოს ნაკრებს 1992-2007 წლებში კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ ეროვნული ნაკრები ისევე დაულაგებელი იყო, როგორც ჩვენი ქვეყანა და ამაში დამნაშავე არავინაა.

90-იანი წლების საქართველოს ნაკრებში ყველაზე ნიჭიერნი აჩი არველაძე და გიო ქინქლაძე იყვნენ. იმიტომ კი არა, რომ აჩი ჩემი ტყუპისცალია. მინდა სრულიად გულახდილად ვთქვა - საქართველოში არსებულ ფეხბურთელთა შორის არავის ჰგავს თამაშის მანერით, არაორდინარული გადაწყვეტილებებით, დრიბლინგით, ხასიათით.

Sportall.Geმიუხედავად იმისა, რომ ხუთი ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული, არასდროს ნებდებოდა და ვფიქრობ, გულშემატკივართა თვალში წარუშლელი კვალი დატოვა... გულს მიხეთქავს იმის წარმოდგენა - რომ არა მისი ტრავმები, რამხელა წარმატება ელოდა!..

სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და არც შემიძლია...

აი, გიოზე ლაპარაკს კი, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავასრულებ. არ ვიცი, უპირველეს ყოვლისა, მან აპატია თუ არა თავის თავს, აპატია თუ არა მას ქართველმა თუ ევროპელმა გულშემატკივარმა მისი ასე, ქარს გატანებული ნიჭი, მაგრამ ჩემგან ის პატიებას ვერასოდეს ეღირსება!..

ვფიქრობ, გიო ქინქლაძე საქართველოს ყველა დროის, ყველაზე დიდი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი იყო, რომელმაც თავისი შესაძლებლობის ნახევარიც კი ვერ გამოავლინა და ჩვენ, ყველას, მისი თამაშის ყურების უდიდესი სიამოვნება მოგვაკლო...

თემურ ქეცბაია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა - ნიჭს სპორტსმენის უდრეკი ხასიათიც უმაგრებდა ზურგს.

თემურ ქეცბაია ყოველ ჯერზე ისეთი თავდადებით იბრძოდა მოედანზე, გეგონებოდათ, კარიერის ბოლო თამაშს ატარებსო. ორივე ფეხითაც ერთნაირად, ხარისხიანად თამაშობდა. თამაშის საკუთარ თავზე აღება შეეძლო და არასდროს უთქვამს, ამ პოზიციაზე არ მსურს, ან იმ დავალებას ვერ შევასრულებო!..

როცა ნაკრებში მასთან ერთად პირველად ვითამაშე, დავრწმუნდი - თემურს ყველაფერი შეეძლო. მოედანზე ის ჩვენი ლიდერი იყო!

ასევე ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო კახა ცხადაძე. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, გაბედა და ესენგეს ნაკრებში ითამაშა. "ხალხის მტერი"! "ერის მოღალატე!" - რას არ ეძახდნენ ამის გამო საქართველოში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ცხადაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომ მას არავისზე ნაკლებად არ უყვარდა საქართველო!..

ცხადაძემ 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, რაც ბუნდესლიგის "აინტრახტში" მოსახვედრად დაეხმარა - ასეთი გამოცდილებით მივიდა ის საქართველოს ნაკრებში. კახა ცხადაძე ნაკრების პირველი კაპიტანი გახდა!

ერთი შეხედვით მაღალი, თხელი, თითქოს ჰაეროვანი, მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მცველი იყო. სამწუხაროდ, უიღბლობამ ძალიან შეუშალა ხელი - თორმეტი ოპერაცია გაიკეთა, ფეხები დასახიჩრებული აქვს...

კარიერის ბოლოს ძალიან გაწვალდა და ალბათ, რომ არა ტრავმები, ბევრად მეტს მიაღწევდა.

უაღრესად საინტერესო, შემოქმედი ფეხბურთელი იყო გოჩა ჯამარაული, ყველასგან გამორჩეული თავისი ტექნიკით და აზროვნებით. მასთან თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. გიო ქინქლაძე ხომ ძალიან ძლიერი ინდივიდუალისტი იყო, მაგრამ "ჯამარას" თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა და მისგან საკმაოდ ბევრს ველოდი...

სამწუხაროდ, გოჩა ჯამარაულს არ გაუმართლა და ნიჭი ბოლომდე ვერ გამოავლინა. არადა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა!..

მოედნის შუაში კონკურენციის გამო რეზის ძალიან ბევრ პოზიციაზე ათამაშებდნენ. ნაკრებში მასაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა - მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა, საოცარი პასი, ორივე ფეხით ერთნაირი თამაში და ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი. პრინციპში, მისთვის ადგილი რომ არ შეეცვალათ და ფლანგზე არ გადაეწიათ, მისგან ბევრად მეტ სარგებელს მივიღებდით.

ისე, მისი მონაცემების პატრონს ბევრად მეტისთვის უნდა მიეღწია, ვიდრე შეძლო. ამაში ნაწილობრივ დამნაშავენი მე და აჩიც ვართ. რეზი "კიოლნიდან" არ უნდა წამოსულიყო, კარიერა გერმანიაში უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ საქართველოში ჩვენი დაბრუნება ჩვენს დიდ ოცნებასთან იყო დაკავშირებული, რასაც "დინამო" ერქვა და ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობთ.

როცა კახი კალაძე კიევში წავიდა, ბევრმა მისი ეს გადაწყვეტილება შეცდომად მიიჩნია, მაგრამ საქართველომ მისი სახით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მიიღო! ქართული ფეხბურთის ღირსეული წარმომადგენელი, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და ტიტულოვანი ფეხბურთელი! მიუხედავად უდიდესი წარმატებებისა, არასდროს უღალატია მთავარი პრინციპისთვის - აკეთოს ის, რაშიც საუკეთესოა, ყოველთვის იყოს სამაგალითო ყველასთვის და აკეთოს ის, რაშიც ყველაზე მაგარია - ეს არის ის, რასაც მსოფლიო კლასი ჰქვია!

გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წიგნი სად შეიძლება რო ვიყიდო?? თუა გამოსული უკვე...
Giorgi
02:28 30-05-2012
0

სიახლეები პოპულარული