გიორგი ჯანელიძე: იმედი მაქვს, "ვიტ ჯორჯია" ჩემში მილიონებს არ მოითხოვს

AutoSharing Option
ახლახან დასრულებულ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" გაუჭირდა და პირველად დადგა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე. საბოლოოდ კლუბმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ახლო წარსულში წარმატებულ კლუბს გარკვეული პრობლემები შეექმნა.

მიზეზი უმაღლესი ლიგის გუნდების ბიუჯეტების გაზრდა გახდა. "ვიტ ჯორჯია" სამი-ოთხი წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბის სტატუსით სარგებლობდა, ახლა კი ეს თანხები არასაკმარისია.

ცხადია, გუნდის ლიდერებს გული სხვა კლუბებისკენ მიუწევთ. მაგალითად, "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი გიორგი ჯანელიძე შარშან თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, მოლდოვის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში ათამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც
დატოვა.

ვეტერინართა 22 წლის კაპიტნის მიმართ ინტერესი მანამდეც არსებობდა, მას შემდეგ კი უფრო გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, ჯანელიძეს გუნდის დატოვება სურს.

გიორგის შესაძლო ტრანსფერზე ათასგვარი ხმა ვრცელდება, რომ შესაძლოა, უკრაინის პრემიერლიგის ლუცკის "ვოლინში" გააგრძელოს კარიერა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერები იწვევენ და ა.შ.

სხვათა შორის, საქართველოს მეორედაც ესტუმრნენ "ვოლინის" სელექციონერი ვიკტორ მოროზი და გუნდის დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი და გვიმტკიცებდნენ, რომ მათთვის ერთ-ერთი საინტერესო მოთამაშე სწორედ ჯანელიძეა.

რა ხდება სინამდვილეში, ამის გასარკვევად "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანს დავუკავშირდით:

"კლუბშიც იციან, წასვლა რომ მინდა, მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკის დონეზე რჩება, კონკრეტული წინადადება და რომელიმე კლუბთან მოლაპარაკება კი ჯერ არ დამიწყია.

რაც შეეხება "ვოლინს", მასთან პირადად მოლაპარაკება არ მქონია. ზოგადი ლაპარაკი ქართულ კლუბებზეც იყო.

ახლა მთავარია, "ვიტ ჯორჯიას" სატრანსფერო თანხას რომელი დაინტერესებული მხარე გადაუხდის. ამჟამინდელ კლუბს იოლად ვერ დავტოვებ, რადგან კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება.

არ ვიცი, "ვიტ ჯორჯია" ჩემს ტრანსფერს რა თანხად აფასებს, მაგრამ არა მგონია, მილიონები მოითხოვონ".


გიორგი ჯანელიძე: წასვლა კი მინდა... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული