ფულები არის ჩვენი გამხარებელი!

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა შარშან და შარშანწინაც ლაპარაკობდა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშებისთვის საპრიზო ფონდის დაწესებაზე, თუმცა მკაფიოდ მაინც არაფერს ამბობდა.

ახლა კი ფედერაციამ კეთილი ნება გამოიჩინა და მოწინავე კლუბებს საპრიზო თანხები გამოუყო.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 2011/12 წლების საქართველოს ჩემპიონი "ევროპა-ბეთისგან" 100 000 დოლარს მიიღებდა. ფედერაციის ინიციატივით კი "ზესტაფონი" ამის გარდა კიდევ 300 000 ლარს მიიღებს - თანხა ფედერაციის ხაზინიდან გამოიყოფა.

ფედერაციისგან დასაჩუქრდებიან ჩემპიონატში მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდებიც - რუსთავის "მეტალურგს" 200 000 ლარი შეხვდება, ქუთაისის "ტორპედოს" კი
100 000 ლარი.

გულუხვობა და შედეგის მიხედვით გუნდებისთვის თანხის გადაცემა კარგია, ოღონდაც ჩნდება კითხვა - სეზონის წინ რატომ არ იცოდნენ ამის შესახებ კლუბებმა? სეზონის უშნო დასასრული იყო აუცილებელი ასეთი გადაწყვეტილებისთვის?

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის "დილა" 100 000 ლარს მოინაგრებს, ფინალისტი "ზესტაფონი" კი ორჯერ ნაკლებს.

"ზესტაფონმა" ახლახან წინა სეზონის სუპერთასიც მოიგო და ფედერაციამ ესეც დაუფასა - 30 000 ლარი გამოუყო, სუპერთასში დამარცხებულ "გაგრას" კი 20 000 ლარი შეხვდება.

სუპერთასს ფინანსური მოტივაცია რომ ექნებოდა, ესეც თამაშის მერე გახდა ცნობილი...

ერთი სიტყვით, ფედერაციამ მოწინავე ქართული გუნდები, ასე თუ ისე, მოაფულიანა. "ზესტაფონი" ამ ყველაფრით 380 000 ლარსა და 100 000 დოლარს მიიღებს, უეფასგან კი ჩემპიონობის 200 000 ევროსა და კიდევ მინიმუმ 130 000 ევროს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის. "ზესტაფონი" უდავოდ კარგი მაგალითია სხვა ქართული კლუბებისთვის - ფეროელებმა საქართველოში მიღწეული შედეგებით საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავეს.

ფედერაციის ხელმძღვანელობამ უმაღლესი ლიგის კლუბების მეთაურები პირდაპირ ტელეეთერში რომ დაპატიჟა, ადრეც გაუწყეთ.

ახლახან შევიტყვეთ, რომ კლუბების პრეზიდენტების უმეტესობა ჯერჯერობით თავს იკავებს ასეთ შეთავაზებაზე. ფედერაცია კი აგრესიულ პიარ-კამპანიაზე გადავიდა და მოწინავე კლუბებს ფული გადაუქაჩა.

ფაქტია, რომ ფედერაცია აქტიურია. მიუხედავად გასული სეზონის ანომალიებისა, ეს ორგანიზაცია მუდო ნამდვილად არ არის.

საერთოდ, ფედერაციის თუ პროფლიგის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი არ არის კლუბების მთავარი შემოსავალი, მაგრამ საქართველოში გუნდები ტელეტრანსლაციებისგან, ანუ მთავარი ფინანსური არტერიიდან ჯერჯერობით გროშსაც არ იღებენ.

ეს სერიოზული პრობლემაა და იმედია, კლუბები და ფედერაცია ამ საკითხზე იმსჯელებენ ტელევიზიაში თუ მრგვალ მაგიდასთან.

წესითა და რიგით, ეროვნული ჩემპიონატის თუ თასის გათამაშების მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის და ფრაგმენტების ჩვენების უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ არხს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთან ყოველივე ეს არ არის გასიგრძეგანებული.

ვფიქრობ, ასეთი საკითხების მოგვარებაში, პირველ რიგში, კლუბები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ინიციატივა მათგან უნდა მოდიოდეს, მაგრამ საამისო ენთუზიაზმი არა და არ ჩანს.

ვნახოთ, გაიღებს თუ არა მოწყალებას ფედერაცია - კლუბები ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართულ კლუბებს 800 000 ლარი გადაუნაწილა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული