ვლადიმერ ხაჩიძე: ქომაგი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით

AutoSharing Option
ცუდი სტარტი გასულ სეზონში, მწვრთნელის ცვლა, "ტორპედოსთან" სენსაციური გამარჯვებით დაწყებული 2012 წელი, ისევ ჩავარდნა და კარგი თამაში, ისევ დაკარგული ქულები და ზედიზედ მოგებული თამაშები, მაგრამ საბოლოოდ, პირველ ლიგაში დაქვეითება - ასეთი არასტაბლური იყო გასულ სეზონში ცხინვალის "სპარტაკის" ასპარეზობა.

გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ხაჩიძეს, რომელიც გუშინ 61 წლის გახდა, განვლილ სეზონსა და სამომავლო გეგმებზე ველაპარაკეთ...

- სეზონი ჩაგვივარდა და სამწუხაროდ, უმაღლესი ლიგის მიღმა აღმოვჩნდით. თვალის ერთი გადავლებით, განვლილ სეზონს უარყოფითად შევაფასებდი.

- მაშინ, როცა "სპარტაკს" შედარებით შედეგიანი პერიოდი ჰქონდა, წარმოიდგენდით, რომ
სეზონის ბოლოს გუნდი უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩებოდა?
- "სპარტაკი" სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავიბარე და კლუბის ხელმძღვანელობასთან მაშინვე მქონდა საუბარი ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე.
როცა "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი გავხდი, გუნდი აუტსაიდერთა შორის იყო და ისე არ იდგა საკითხი, რომ აუცილებლად მოწინავე რვა გუნდში უნდა მოვხვედრილიყავით. თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ იმ გუნდით პლეი ოფში მოხვედრა შეიძლებოდა.

ზამთარში, ფაქტობრივად, ახალი გუნდი გავაკეთეთ, 2012 წლის სასტარტო მატჩში ქუთაისის "ტორპედოსთან" კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ. გადამწყვეტი მატჩი გორის "დილასთან" გვქონდა, 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ... ამ მატჩის მოსაგებად 3 წუთი დაგვაკლდა.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ თქვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში აღარაა?
- სასტარტო შემადგენლობის 6-7 ფეხბურთელს პირველად მოუწია უმაღლეს ლიგაში თამაშმა. ისინი პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად, ფსიქოლოგიური მზადყოფნა, ხასიათის სიმტკიცე აკლდათ.

ამას გარდა, ტრავმიანობამ ძალზედ გვაზარალა, ამის გამო არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ტრავმირებული ფეხბურთელების შეცვლა კი ვერ მოხერხდა. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ პლეი აუტის სასტარტო ტურში "გურიასთან" 2:0-ს ვიგებდით და საბოლოოდ, ფრეს დავჯერდით. შინ 2:1-ს ვუგებდით "ჩიხურას" და 2:3 წავაგეთ...

- განვლილი სეზონში თქვენი გუნდის ასპარეზობის დადებითი და უარყოფით მომენტებად რას გამოჰყოფდით?
- უარყოფითი ცალსახად ისაა, რომ უმაღლესი ლიგა დავტოვეთ. დადებით ფაქტორად კი იმას დავასახელებ, რომ გუნდის რეორგანიზაცია დავიწყეთ და ჩვენი ფეხბურთელები ისევ გამოჩნდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. ჩვენი გუნდის ორი ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებშია, ორი მოთამაშე კი 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

- რომელი მატჩებს იხსენებთ ამაყად და რომელმა თამაშებმა დაგწყვიტათ გული?
- გორის "დილასთან" პირველი ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩმა დამწყვიტა გული. ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით, ანგარიშიც მიგვყავდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელთა გამოუცდელობისა და მათი ფსიქოლოგიური მზადყოფნის არქონის გამო ეს თამაში სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ...

კარგი თამაშებიც იყო, მაგრამ ამას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვაშენებთ და ჯერ სტაბილურობა გვაკლია.

- თუმცა ცუდი შედეგის მიუხედავად, "სპარტაკში" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელთაც ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევაც კი დაიმსახურეს. თუნდაც იგივე ლაშა ჩაფიძე, თეიმურაზ შარაშენიძე...
- ჩაფიძისა და შარაშენიძის გარდა, თუხარელიც კარგად წარმოჩნდა და სხვებიც... კიდევ არაერთი ფეხბურთელი გამოჩნდებოდა და უმაღლეს ლიგაშიც ვიქნებოდით, გულშემატკივრის გარეშე რომ არ გვეთამაშა.

გადახედეთ, განვლილი სეზონის წლევანდელ მატჩებს: პირველი ტაიმი თითქმის არსად წაგვიგია, მაგრამ ქომაგის არყოლის გამო, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები კონცენტრაციას კარგავდნენ და საბოლოოდ, ზოგი მატჩი წავაგეთ და ზოგიც ფრედ ვითამაშეთ.

სადმე რაიონში რომ გვეთამაშა და ჩვენი გულშემატკივარი გვყოლოდა, დასანან ქულებს არ დავკარგავდით. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ქომაგი დიდი ზურგი და მოტივაციაა. "ჩიხურა", ბათუმის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" უმაღლეს ლიგაში რომ არიან, ეს მნიშვნელოვანწილად მათი გულშემატკივრის დამსახურებაა.

- გაამართლა თუ არა ჩემპიონატის იმ სისტემამ, რომელიც გასულ სეზონში იყო და თუ არა, რით ვერ გაამართლა?
- ფაქტობრივად, გასულ სეზონში ორი ჩემპიონატი ვითამაშეთ და ორივეჯერ ერთი ქულა დაგვაკლდა უმაღლესში დასარჩენად. ზოგმა გუნდმა ვადაზე ადრე გაინაღდა პირველ ლიგაში ლიდერობა, მაგრამ ისევ იმავე დივიზიონში უწევს თამაში. ზოგს უმაღლესში თითზე ჩამოსათვლელი ქულა ჰქონდა, მაგრამ, პლეი აუტის შედეგად ისევ უმაღლესში დარჩა.

ფაქტია, ამ სისტემამ არ გაამართლა და იმედია, ახალ სეზონში ბევრად უფრო დახვეწილი რეგლამენტი იქნება.

- საკუთარი მომავალის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრეთ?
- როცა გუნდი ჩავიბარე, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად სამწლიანი პროგრამა შევიმუშავეთ. რა თქმა უნდა, ამ გეგმაში გუნდის დაქვეითება არ შედიოდა... გუნდის გაახალგაზრდავებას შევუდექით და დღესაც მიმაჩნია, რომ სწორი გზით მივდიოდით.

უმაღლესიდან გავარდნა, რა თქმა უნდა, უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით და მომდევნო ნაბიჯებს წინ გადავდგამთ.

კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე მქონდა საუბარი, გუნდს არ დავტოვებ, გეგმით მუშაობას ვაგრძელებთ და იმ შეცდომებს, რაც გვქონდა, გამოვასწორებთ.

- გავრცელებული ხმების მიხედვით, შესაძლოა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?
- ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უმაღლესი ლიგიდან გავვარდით - მერწმუნეთ, თუ ჩვენი ფეხბურთის წინსვლა და განვითარება გვინდა, ამისთვის 12-გუნდიანი უმაღლესი ლიგა არ გამოგვადგება.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის წარმოჩენის შანსი თუ არ მივეცით, ხვალ ეს დონეც აღარ გვექნება. მით უმეტეს, წინა წლებთან შედარებით მოედნები კეთდება და ეს მისასალმებელი ფაქტია. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები სწორედ ძლიერ გუნდებთან მატჩებში უნდა გაიზარდონ.

დღეს თავისუფლად შეიძლება, უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი იყოს. მიმაჩნია, რომ ამისთვის მზად ვართ.

- პირველ ლიგაში ასპარეზობას ახალგაზრდული გუნდით აპირებთ, თუ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მაინც გეყოლებათ?
- პირველი ლიგიდან უმაღლესში დაბრუნება გვინდა და ამ მიზნისთვის ბრძოლაში ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გვჭირდება და გამოცდილებიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ზატო" ფედერაციაში გყავთ "ქომაგი" (სიჭინავა) და მოიფიქრებს რამეს, ისე რომ არ დაქვეითდეთ ;) ვაი ჩვენს დღეს!
Burton
13:22 03-06-2012
0
უქომაგო გუნდი არცუნდა არსებობდეს. მოვიდეს პარლამენტი, მთავრობა და სფფ და გიქომაგონ. რაცმაგ გუნდზე ფულს ხარჯავენ, მშიერ ხალხს ეყოფოდა დასაპურებლად.
thomas more
14:41 03-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული