ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ზღაპარი ცუდი ჟანრია

AutoSharing Option
კარგი ამბავით ვერ ვიწყებ კვირის ორომტრიალზე წერას - ლევან კობიაშვილს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

"ლევან კობიაშვილი არის ყველაზე წესიერი ფეხბურთელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - ეს კი ბერლინის "ჰერტას" თავკაცმა ოტო რეჰაგელმა თქვა.

რეჰაგელი სახალხო კაცია, ის არ ჰგავს სხვა დიდი მწვრთნელებს, რომლებიც ძალიან ოფიციალურად იქცევიან და ნიჭიერების გამო ახირებები აქვთ. რეჰაგელიც თავისებურად ამბობს სათქმელს კობიაშვილზე, ის ჩვენებურს ძალიან აფასებს და ამას დამსახურება უნდა.

კობიაშვილს საქართველოშიც ასე იცნობენ. ის არასდროს ყოფილა ჩხუბისთავი და ამრევი, მოედანზე თუ მოედნის მიღმა სამაგალითო იყო.

გერმანიამდე
კობიაშვილს რუსეთშიც უთამაშია და იქაც არანაირ სკანდალებში არ გარეულა. ახლა კი მსაჯის ცემას აბრალებენ და დისკვალიფიკაციას უპირებენ.

კობიაშვილი მალე 35 წლის გახდება და თუ დისკვალიფიკაციას აპელაცია ვერ უშველის, ალბათ ფეხბურთელის კარიერასაც დაასრულებს.

მთელი საფეხბურთო გზა წესიერ კაცად გიცნობენ და მერე ასე უნდა დასვა წერტილი - ვერ არის კარგი საქმე, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ყოველივე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ამის იოტისხელა შანსი მართლაც არსებობს.

ცხოვრება ხშირად უსამართლოა და უსამართლობების გარეშე მას აზრი ეკარგება. კობიაშვილის ჩარხიც თითქოს ასე დატრიალდა.

როგორც შევიტყვეთ, კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ამ დროისთვის მონტე-კარლოში არიან დასასვენებლად. აქტიური დასვენება კარგი ნიადაგია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

თავის გზა იაშვილსაც აქვს ასარჩევი - ისევ ფეხბურთელობა ან საფეხბურთო მენეჯერობა. მე მაინც მგონია, რომ იაშვილი ისევ მინდორს აირჩევს.

კობიაშვილმა და იაშვილმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთეს და დასასრულიც ყველაფერს აქვს. მათ კიდევ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში, ოღონდაც წლებს თავისი მიაქვს...

* * *
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ვებ-გვერდმა ისეთი სტატია-განმარტება გამოაქვეყნა, ყურადღებას რომ იმსახურებს. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა - ასეთია განმარტების სათაური.

საქმე ეხება "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას სკანდალურ განცხადებას "მერანი"-"მეტალურგის" მატჩის თაობაზე. თურმე პრესას არასწორი ინტერპრეტრაცია გაუკეთებია, მეტიც, არსწორად მიუწოდებია კოკაიას განცხადება მკითხველისთვის.

ჟურნალისტიკაში სიზუსტე უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა ჟურნალისტიც ადამიანია და შეცდომა მასაც მოსდის.

"ზესტაფონის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებაში ვკითხულობთ: რომ კლუბის პრეზიდენტი საუბრობს სწორედ საკუთარ ეჭვებსა და "საკუთარ რწმენაზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის უტყუარობის შესახებ" და არა იმაზე, რის თქმაც მას შემდგომში მიაწერეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ წერილი, რომელშიც იმერული კლუბი აცნობს სფფ-ის აღმასკომის წევრებს თავის საფუძვლიანი ეჭვების წარმომავლობას, უკვე გაგზავნილია ფეხბურთის ფედერაციაში.

* * *
რა თქმა უნდა, კლუბი საეჭვო თამაშების გამოძიებით ვერ დაკავდება, მაგრამ მხოლოდ ეჭვის დონეზე მჭექი განცხადებების გაკეთებაც ვერ იქნება სოლიდურობის მანიშნებელი.

თავის დროზე ული ჰიონესმა კრისტოფ დაუმზე საჯაროდ თქვა, კოკაინს ყნოსავსო. სკანდალი აგორდა, დაუმი იძულებული გახდა თმის ღერი ჩაებარებინა ნარკოლოგიური ექსპერტიზისთვის და ტესტი დადებითი აღმოჩნდა - დაუმს ნარკოტიკების მოხმარება დაუმტკიცდა.

ყოველივე ეს ნამდვილი, ოღონდაც გერმანული ამბავია. იქ რომ კაცი რაღაცას იტყვის, მის სიტყვას ფასიც ადევს.

კოკაიამ "ზესტაფონის" ოფისში განცხადებები 17 მაისს გააკეთა, კლუბის ვებ-გვერდმა კი ამასთან დაკავშირებით განმარტება 31 მაისს გამოაქვეყნა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ჟურნალისტებმა ასეთი დიდი უზუსტობა ჩაიდინეს, კლუბმა მყის რატომ არ გააკეთა განმარტება?

ეს ამბავი ცუდად არ დამთავრდება. ბოლოს და ბოლოს, ზღაპრის ბოლო კეთილია., ოღონდაც ფეხბურთი ინტიმურად პოეტური ადამიანების საქმე არ არის და ასეთი ჟანრი უსარგებლოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოკაიამ დაზადნა მაგ ნაგ...ა
arti
16:12 03-06-2012
0

სიახლეები პოპულარული