"ფოთელი გულშემატკივრები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, ფედერაციის წინაშე საკითხი დავაყენოთ: ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია.
ჩვენს ქალაქში გაზრდილმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძემ, ვლადიმერ ჯორბენაძემ, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ასლან ხარბედიამ, გრიგოლ ანთაძემ, ნუგზარ მიქაბერიძემ, მალხაზ არზიანმა თბილისის "დინამოში" თამაშისას ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.
ფოთის კლუბი გახდა პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის დაუვიწყარი მატჩის სენსაციის ავტორი და წლების მანძილზე ღირსეულად ასპარეზობდა ქვეყნის პირველობაზე, საქართველოს უეფას ტურნირებზე წარმოადგენდა.
სხვადასხვა კლუბში
გასული წლის შემოდგომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით და ქალაქ ფოთის ხელმძღვანელობის თანადგომით, ფაქტობრივად, ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო და ქალაქში ფეხბურთის აღორძინების იმედი გაგვიჩნდა.
ეს მიმართვა კი იმან განაპირობა, ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში მუდამ ჰყავდა წარმომადგენელი, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ვითარება შეიცვალა. ფოთელ გულშემატკივრებს მიგვაჩნია, რომ სამართლიანი იქნება ამ ტრადიციის აღდგენა. ამიტომ მივმართავთ ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას:
ბატონო ზვიად, გთხოვთ გვიშუამდგომლოთ და აღმასკომის წევრების წინაშე დააყენოთ საკითხი, რომ ფოთს აღმასკომში წარმომადგენელი ჰყავდეს", - ამბობს "კოლხეთის" ყოფილი დირექტორი ვახტანგ ხაინდრავა.
მის მოსაზრებას იზიარებს "კოლხეთის" აღმასრულებელი დირექტორი ზაალ კუჭუხიძე:
"მიმაჩნია, რომ აღმასკომში წარმომადგენელი არა მხოლოდ "კოლხეთს", უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებსაც უნდა ჰყავდეთ. ასე უფრო ფართოდ წარმოდგენილი და შეჯერებული იქნება საფეხბურთო საზოგადოების შეხედულებები, უკეთ იქნება დაცული ჩვენი პოზიციები და ეს მთლიანად ქართულ ფეხბურთს წაადგება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"