სფფ-ის აღმასკომის სხდომა: ილია კოკაიას ბრალდებები ეთიკის კომისიას გადააბარეს

AutoSharing Option
4 მაისს გამართულ აღმასკომის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს: უპირველესად, სფფ-ში საფეხბურთო კლუბების გაწევრიანებაზე ილაპარაკეს. 5 მაისს კი ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართება, სადაც განიხილავენ, მიიღონ თუ არა ორგანიზაციის სუბიექტებად გორის "დილა", მარტვილის "მერანი" და "გაგრა".

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სფფ-ს ყრილობაზე ხმის უფლების მქონე სუბიექტების რაოდენობა 32-იდან 35-ამდე გაიზრდება.

ცნობილი გახდა 2012-13 წლების სეზონისათვის ლიცენზირების წინასწარი შედეგები, რომელიც სავალალოა: უმაღლესი ლიგის 12 კლუბიდან ეროვნული ჩემპიონატის მინიმალური მოთხოვნები მხოლოდ 8 კლუბმა დააკმაყოფილა.

სფფ-ის ექსპერტებისგან უეფასა და ეროვნული ლიცენზიები ხუთმა კლუბმა მიიღო: "ზესტაფონმა",
"მეტალურგმა", "ტორპედომ", თბილისის "დინამომ" და "დილამ". "მერანს", "ჩიხურასა" და "სიონს" მხოლოდ ეროვნული ლიცენზია მიენიჭათ.

დანარჩენებს ეროვნულ ლიცენზიებზეც უარი ეთქვათ - "ვიტ ჯორჯიას", ფოთის "კოლხეთს", ბათუმის "დინამოსა" და "ბაიას", რაც მათ არ გაუპროტესტებიათ. სალიცენზიო ციკლის შედეგები უეფას ეცნობა.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი არალიცენზირებულ კლუბებს მალე აცნობებს, რა საჯარიმო სანქციები იქნება. და თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევენ, შესაძლოა, უმაღლესი ლიგიდან მოკვეთონ ან ჩემპიონატის დაწყებამდე ქულები დააკლონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი: ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენის სურვილი გამოთქვა. ოფიციალურად, პროფლიგა არც გაუქმებულა და მისი პრეზიდენტი დღემდე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა გახლავთ. სწორედ მას დაევალა 1 ივლისამდე კლუბებთან შეხვედრა და მათი მოსაზრებების გაცნობა, თუ როგორ, რა ფორმითა და შინაარსით აჯობებს ორგანიზაციის არსებობა.

აღმასკომზევე ფუტსალში არსებული მდგომარეობაც განიხილეს. ამ სახეობაში მალე საარჩევნო ყრილობა გაიმართება და ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ფუტსალის კურატორობა კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ნამგალაურს გადააბარეს.

ერთ-ერთი უმთავრესი თემა "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას ბრალდებები იყო. მან სფფ-ში შეტანილ წერილში ეჭვი გამოთქვა, რომ "მერანი"-"მეტალურგის" მატჩი გარიგებული იყო. ამან მარტვილელები და რუსთაველები აღაშფოთა და ფედერაციაში გაგზავნილ წერილში მოითხოვეს, რომ კოკაიას ბრალდება დაესაბუთებინა ან ბოდიში მოეხადა.

ფაქტობრივად, ფედერაციაც იგივეს ითხოვდა.

აღმასკომზე სიტყვა მოითხოვა "მეტალურგის" ყოფილმა მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემაც და საბოლოოდ ამის საშუალება მიეცა.

ტყავაძემ აღმასკომის წევრებს კიდევ ერთხელ მიმართა, თუ კოკაია ბრალდებებს ვერ დაასაბუთებს, ფედერაციამ მის სიტყვებზე რეაგირება მოახდინოს და მსგავსი ცილისწამებისგან დაგვიცვასო.

საბოლოოდ, ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ აღმასკომმა გადაწყვიტა: ფედერაციაში 1 ივლისამდე შეიქმნება ეთიკის კომისია, რომელიც განიხილავს ბრალმდებელი "ზესტაფონისა" და მისით შეურაცხყოფილი "მეტალურგისა" და "მერანის" წერილებს, საეჭვო შეხვედრების ვიდეოჩანაწერებსა და საერთოდ, ყველა მსგავს საკითხს.

არადა, მანამდე იყო მუქარა, თუ კოკაია ბრალდებას ვერ დაამტკიცებდა, "ზესტაფონს" დააჯარიმებდნენ, მაგრამ საკითხის ბოლომდე შესწავლამდე სანქციები მიზანშეუწონლად ჩათვალეს.

ბოლოს კი განიხილეს ჩემპიონატის საპრიზო ფონდის განაწილების საკითხი, რაშიც, სიჭინავას თქმით, გაითვალისწინეს კლუბების მოსაზრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
სკანდალის გაგრძელება: წარმოადგენს ილია კოკაია დოკუმენტებს, თუ ბოდიშს მოიხდის?

ბუბა ტყავაძე ჩემპიონს არ ცნობს და ილია კოკაიას ძველ ამბებს უხსენებს!

ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული