ქუთაისის "ტორპედომ" ევროპალიგისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს შვებულება დაუსრულდათ და მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის თქმით, "ტორპედოს" ფეხბურთელებმა 1-2 ივნისს სამედიცინო შემოწმება გაიარეს, 3 ივნისიდან კი გუნდის საწვრთნელი ბაზის განახლებულ ბუნებრივსაფარიან მოედანზე ვარჯიში დაიწყეს.

ევროპალიგისთვის მზადების ამ ეტაპზე გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს. არის რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, ზოგიერთ ძველს კი შეელევიან.

პაპიაშვილის თქმით, დამრჩენთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. ცნობილია, რომ ორმხრივი შეთანხმებით, კონტრაქტი გაუწყდა თავდამსხმელ ლაშა კემუხტაშვილს; უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ახალწვეულები: მარტვილის "მერანიდან" გადმოსული 22 წლის შემტევი
ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და ფოთის "კოლხეთის" ყოფილი მოთამაშე ბექა ტუღუში. ეს უკანასკნელი უჟგოროდის "ზაკარპატიეში" ისინჯებოდა, მაგრამ 22 წლის თავდამსხმელმა უკრაინელების პასუხის ლოდინს "ტორპედოში" რეალური კონტრაქტი ამჯობინა.

პაპიაშვილის თქმით, გუნდი 14 ივნისს ავსტრიაში გაემგზავრება. როდემდე დარჩება "ტორპედო" ამ ქვეყანაში, ევროპის ლიგის კენჭისყრაზეა დამოკიდებული. ევროსარბიელზე "ტორპედოს" მეტოქე 25 ივნისს გაირკვევა და თუ პირველი შეხვედრა (5 ივლისს) ქუთაისში ჩატარდება, მეორე დღეს გუნდი საქართველოში გამობრუნდება. და თუ სეზონს საგარეო მატჩით გახსნიან, ასეთ შემთხვევაში, გეგუჩაძის გაწვრთნილები ავსტრიაში 29 ივნისამდე გაჩერდებიან და მეტოქეს ავსტრიიდან ჩააკითხავენ.

ქუთათურთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ავსტრიაში გამგზავრებამდე საკონტროლო მატჩის (ან მატჩების) ჩატარება სურს. ახლა აზუსტებენ, ვისთან და როდის ითამაშებენ.

ამ ეტაპზე გუნდთან ერთად არ ემზადებიან მცველი გივი იოსელიანი, ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი და თავდამსხმელი ნიკა საბანაძე, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ბელარუსსა და ესტონეთში იმყოფებოდნენ და "ტორპედოს" ორი დღის მერე შეუერთდებიან.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია, რომელიც შარშან დაშავდა და მოედანს ვერა და ვერ დაუბრუნდა.

ქუთაისელებმა მზადება დაიწყეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული