ტრეფიკინგი ქართული ინტერპრეტაციით: აფრიკელების შავი ბედი საქართველოში

AutoSharing Option
ცნობილმა ვებგვერდმა "ევრაზიანეტმა" ქართული ფეხბურთის, უფრო ზუსტად კი, ერთ ქართულ კლუბში დატრიალებული ამბების შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ჩამოსული აფრიკელი ფეხბურთელების თავგადასავალია აღწერილი.

ქართველ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის წავლენ აქედან, ბევრ აფრიკელს კი ჩვენი დონის ქვეყანაში თამაშიც სანატრელი აქვს. მათმა ნაწილმა ეს ოცნება აისრულა და საქართველოს ჩემპიონატი კარიერული წინსვლისთვის კარგადაც გამოიყენა, ნაწილს კი არ გაუმართლა.

თუ რა შეემთხვათ მათ, ამის შესახებ ჟურნალისტების, პოლ რიმპლისა და იუსტინა მილნიკევიჩის ნაამბობს გთავაზობთ.

20 წლის კამერუნელი მცველი ისააკ ნიენგუ ყოველნაირად ცდილობდა
რომელიმე ევროპულ კლუბში მოწყობას და ამ გზით სიღარიბისგან თავის დაღწევას. მას შეჰპირდნენ, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში რეგიონული ლიგის ბინადარ კლუბ "ელიტაში" ჩაირიცხებოდა და ამ საქმისთვის ათას აშშ დოლარზე მეტი გამოართვეს.

"თბილისის აეროპორტში კლუბის მფლობელი დამხვდა და მითხრა, კეთილი იყოს შენი მობრძანება საქართველოშიო.

როგორც კი მან საცხოვრებელში მიმიყვანა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კამერუნის რომელიღაც მიყრუებულ სოფელში მოვხვდი",
- იხსენებს ნიენგუ, რომელიც მიტოვებულ ველოდრომზე მიუყვანიათ, სადაც ერთ ოთახში ათი ყმაწვილი ყოველგვარი ელემენტარული პირობისა და გათბობის გარეშე ცხოვრობდა.

"ელიტის" მფლობელი ვინმე გუგა ბაბაშვილი იყო, რომლის კლუბიც ლიგაში სამონაწილეო თანხის, 2 ათასი ლარის (1 200 დოლარი) გადაუხდელობის გამო გათამაშებიდან მოიხსნა.

მთლიანობაში, გასული წლის აგვისტოში პროფესიული კარიერის აწყობის იმედად საქართველოს 11-მა კამერუნელმა ფეხბურთელმა მოაშურა, რისთვისაც მათ 2 500 დოლარი გადაიხადეს. მერე მათ დამატებით 1000-1000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს და აფრიკელებიც მიხვდნენ, რომ დიდ შარში იყვნენ გახვეულები.

კამერუნელებს უთხრეს, რომ მათ კონტრაქტით გარანტირებული ექნებოდათ საცხოვრებელი, საკვები, ჯიბის ფული და სამედიცინო დაზღვევა. არადა, როგორც თავად ყვებიან, ხშირად მშივრები დადიოდნენ, უმეტესად კი პურითა და წყლით უწევდათ დაკმაყოფილება.

"ხშირად მინატრია კატის ან მტრედის ადგილზე ყოფნა. მათ ის მაინც შეეძლოთ, რომ საკვები ქუჩებსა და სკვერებში მოეძებნათ", - ამბობს 21 წლის რეჯინალდ ესემი და მადლიერებით იხსენებს, როგორ აჩუქა ქართველმა ხაბაზმა პური, ქართველმა მეზობელმა კი - ლოგინის თეთრეული.

ზემოთ ნახსენები ბაბაშვილი ადასტურებს, რომ კამერუნელებმა საქართველოში ჩამოსასვლელად ფული გადაიხადეს, მაგრამ უარყოფს, რომ ისინი საცხოვრებლად ველოტრეკზე განათავსა.

თერთმეტიდან ერთმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა, დანარჩენი ათი კი საქართველოში ბუნდოვანი მომავლის პერსპექტივით რჩება. ქართულ კლუბებს მათი აყვანა შეუძლიათ, მაგრამ ჯერ ერთი ტრანსფერიც არ განხორციელებულა. შესაძლოა, ამას ხელს ლეგიონერის რეგისტრაციისთვის გადასახდელი 15 ათასი ლარიც უშლის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა იციან აფრიკელ ფეხბურთელთა მძიმე მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

"თუ რაიმე უკანონობა ხდება, ეს პოლიციის საქმეა და არა ფეხბურთის ფედერაციის", - აცხადებს ფედერაციის სატრანსფერო განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ გვითხრა, სამინისტროსთვის აქამდე კამერუნელ ფეხბურთელთა პრობლემა უცნობი იყო.

მან განაცხადა, რომ სამინისტრო საკითხს ყურადღებით შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში ბაბაშვილის წინააღმდეგ საქმესაც აღძრავს.

კამერუნელები კი გამოუვალ მდგომარეობაში არიან - მათ სასამართლოსთვის საჭირო ფული არ გააჩნიათ, სამშობლოში დაბრუნებას კი სიკვდილი ურჩევნიათ. საქართველოში წამოსასვლელი თანხის მოსაგროვებლად ხომ მათ ნათესავებისა და მეზობლებისგან ვალები აიღეს.

საქართველოში მხოლოდ აფრიკელ ფეხბურთელებს არ ატყუებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ვითომდა ტურისტულ სასწავლებელში მოსაწყობად აფრიკელი ახალგაზრდებისთვის 1 500 დოლარი გამოურთმევიათ და სინამდვილეში ისინი "კვალიფიკაციის ასამაღლებლად" ერთ ექვსმაგიდიან ოთახში გაუმწესებიათ.

მოკლედ, აფრიკელ ახალგაზრდებს საქართველოში ჩასვლამდე დაფიქრება მართებთ. მათ ტყუილად ჰგონიათ, რომ ამერიკაში მიდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული