ბესო ჩიხრაძე: საქართველოში მსაჯები ძველი მილიციელებივით არიან!

AutoSharing Option
"გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე არასოდეს გამოირჩეოდა სკანდალური განცხადებებით, მაგრამ ბოლო სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობს, რომ კლუბიდან წასვლაზე დაფიქრდა - მიზეზს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

რუბრიკა "1001-ე სევდის" მორიგ რესპონდენტთან ინტერვიუ იმ აქტუალურმა თემამ განაპირობა, რაც კლუბების მეპატრონეებს აწუხებთ.

- სეზონი დასრულდა, "გაგრა" პირველ ლიგაში გავარდა და დაქვეითებული გუნდის დაფინანსებას ისევ აპირებთ?
- ასე ვთქვათ: "გაგრა" იმიტომ არ არის შექმნილი, რომ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ითამაშოს. დაბალ ლიგაში ასპარეზობა სამარცხვინო სულაც არ მგონია, მაგრამ ეს კლუბი უნდა არსებობდეს და იმედია, ადრე თუ
გვიან, ჩვენ მშობლიურ გაგრაში ვითამაშებთ. სხვა საქმეა, რომ პირველ ლიგაში გავარდნას არ ვიმსახურებდით. ასე რომ, ჯერჯერობით კლუბში ვრჩები.

- ჯერჯერობით?
- თუ დაინტერესდებით, ამაზე ვრცლად შემდეგ ვილაპარაკოთ.

- რატომ შემდეგ, ახლა ვილაპარაკოთ, რა გადარდებთ და გაწუხებთ?
- ეს არის თემა, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება. უპირველესად, მსაჯობასა და ფეხბურთში არსებულ სხვა პრობლემებს ვგულისხმობ.

- ესეც დავაკონკრეტოთ...
- სახელმწიფო ფეხბურთს სერიოზულად ეხმარება. ამაზე ადრე ვერც ვიოცნებებდით. კარგია, როდესაც ჩემპიონატსა და თასზე წარმატებულ გუნდებს მილიონ ლარს ურიცხავენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფასდაუდებელი დახმარება იმ კანონმდებლობის მიღება იქნება, რომელიც ფეხბურთს ბიზნესისთვის საინტერესოს გახდის.

ფედერაციამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშავოს, დახმარების ფორმა და მიმართულება რომ შეიცვალოს.

ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთში ინვესტორები იმიტომ არ არიან, რომ მათთვის საინტერესო კანონები არ მიგვიღია. დარწმუნებული ვარ, ეს თავად ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი, ბიუჯეტში ფეხბურთიდან დღევანდელზე ბევრად მეტი თანხა დაბრუნდება.

- ქართული ფეხბურთი წამგებიანი რომ არის?
- ეს მხოლოდ ჩემპიონატის დონიდან არ გამომდინარეობს. ფეხბურთი თურქეთშიც არ იყო მომგებიანი, მაგრამ ახლა ბიზნესმენები რიგებს იკავებენ, ოღონდ კლუბებში აქციონერის სტატუსი მიიღონ. ეს უკვე მომგებიანი სფერო გახდა და თურქეთის ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური თანხებით ივსება.

- კონკრეტულად რა კანონმდებლობის მიღებას ითხოვთ?
- შეღავათებს არ ვგულისხმობ, ეს ფეხბურთს არ სჭირდება. მისი განვითარებისთვის აუცილებელია კანონები. ესეც კარგად არის დასათვლელი, ბოროტად რომ არ გამოიყენონ.

რეცეპტი არ არსებობს. აუცილებელია, კლუბებმა ფედერაციასთან დავილაპარაკოთ და ჩვენი ინიციატივები სახელმწიფოს გავაცნოთ. იმიტომ, რომ სახელმწიფო ჩვენთვის ბევრს აკეთებს. ამის საპასუხოდ კი რაღაც აზრიანი უნდა შევთავაზოთ, სულ მათხოვრის როლში რომ არ ვიყოთ.

ახლა კონკრეტულად: გამოდის, რომ ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტში შედის თანხა, რომლის ნაწილსაც ისევ ფეხბურთს უბრუნებენ და ეს თანხა კვლავ გადასახადის ობიექტი ხდება. ხელმეორე გადასახადი გაუმართლებელია. ეს თუ გამოსწორდა, მერე აღარ ვიტყვით, ინვესტორები რატომ არ არიან და მხოლოდ "სოკარი" გვეხმარებაო.

ამას გარდა, სულ ისმის ლაპარაკი, რომ ჩვენს ფეხბურთში ჯანსაღი ვითარება არ არის. ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ პრობლემას ახალი სისხლის გარეშე ვერ მოვაგვარებთ. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ გულიანად და რაც უნდა კარგი კანონები მივიღოთ, ჩემი აზრით, საკვანძო საკითხის გადაუწყვეტლად პროგრესს ტყუილად ველით.

- რაზე ლაპარაკობთ?
- მსაჯებზე.

- ფედერაციის პრეზიდენტთან, ზვიად სიჭინავასთან მეგობრობთ, მაგრამ "გაგრა" მსაჯობით სულ უკმაყოფილოა...
- დიახ, ეს დიდი პრობლემაა.

- ანუ ისინი ცალკე "თამაშობენ" და ფედერაციის პრეზიდენტს არ ემორჩილებიან?
- დიახ, ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, მსაჯები "საკუთარ თამაშს თამაშობენ". მსაჯობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მთავარია, გავრისკოთ და რადიკალური ზომები მივიღოთ. ის საზიზღრობები, რაც ამ სფეროში მოხდა და ჩვენ შეგვეხო, პრობლემების მხოლოდ ნაწილია.

"გაგრას" გავარდნა პრობლემა არაა. ცუდი თამაშით რეგიონულ ლიგაშიც დაქვეითდები, მაგრამ მომხდარს გააანალიზებ და შემდეგი სეზონისთვის უკეთ მოემზადები; მაგრამ როდესაც არ იცი, მსაჯი რას გერჩის, იქ უკვე დაფიქრდები, რა უბედურება ხდება.

დამიჯერეთ, უმაღლესი ლიგიდან სწორედ იმიტომ გავვარდით, რომ ეს საზიზღრობები მოხდა. ეს არის ყველაზე ცუდი.

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- თუ გახსოვთ, ჩვენზე კორუმპირებული პოლიცია მსოფლიოში არ არსებობდა. მთელი ცხოვრება მაქინაციებში რომ იყვნენ, ის ადამიანები ვერ გადაკეთდებოდნენ, ქრთამის გარეშე ვერ ცხოვრობდნენ. ასე უნდა მოხდეს მსაჯებშიც - ძველი სისხლისგან განვიწმინდოთ, ახალი კადრები შევარჩიოთ და დარწმუნებული ვარ, ეს უმსგავსობები აღარ მოხდება.

- პროფლიგის ჩამოყალიბებაზე რას ფიქრობთ?
- ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სანამ პროფლიგა სპონსორებს არ მოიზიდავს, სახელმწიფო მანამდე ეროვნულ ჩემპიონატს კვლავ დაეხმარება იმ თანხით, რაც წლევანდელ ჩემპიონატში საპრიზო ფონდის სახით ჩადო. ეს იმიტომ, რომ არ იყოს ბიუჯეტის, მსაჯების ხელფასებისა და ა.შ. პრობლემები.

ყრილობა საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობდა, მაგრამ მე კმაყოფილი დავრჩი, რადგან, როგორც იქნა, მწვავედ და რაც მთავარია, საქმიანად ვილაპარაკეთ.

ბესო ჩიხრაძე: შესაძლოა, გაგრადან წავიდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბესო წასვლით საქმეს ვერ უშველი... სჯობს დარჩე და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე.
roman shonia
13:46 08-06-2012
0
ბატონო ბესო! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი პატიოსანი, თავის ქვეყანაზე ასე შეყვარებული ხალხი.
messi
10:57 08-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული