ერთი კვირის ათასი წვრილმანი: მონათხრობი ბედნიერებაზე

AutoSharing Option
8 ივნისს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და იყო დრო, ამ ტურნირში ქართველებიც რომ თამაშობდნენ. ბოლოს ეს 1992 წელს მოხდა, როცა თანამეგობრობის ნაკრებში კახა ცხადაძე გვეგულებოდა.

ქართულ გვარს 1996 წელსაც ამოიკითხავდით, მაშინ რუსეთის ნაკრებისთვის ომარ თეთრაძე ირჯებოდა.

* * *
საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი ხელს დაჰკრეს და 2020 წლისთვის აპირებენ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას. ამ კავკასიურ ქვეყნებს მენტალურად საერთო ბევრი არაფერი აქვთ, მაგრამ დიდი საფეხბურთო ფორუმისთვის გაერთიანება გადაწყვიტეს. ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და აზერბაიჯანში - დიდებული იქნება, სხვა საქმეა, რამდენად მიღწევადია ეს პროექტი.

2020
წლამდე დიდი დრო აღარ დარჩა. ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი შანსია ქვეყნისთვის, ჩვენი ფეხბურთისთვის და რაღა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც ვერ და ვერ დაადგა საშველი. მასპინძლობით ხომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მოვხვდებით და სანუკვარ ოცნებასაც ავისრულებთ.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას დასჭირდება მინიმუმ კიდევ ორი კარგი სტადიონი საქართველოში, სასტუმროები, სხვა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები.

მოკლედ, საქართველო აზრებაიჯანთან ერთად დიდ საქმეს შეეჭიდა.

* * *
ქართულმა საფეხბურთო მილეთმა კი ყბად იღო ეროვნული ნაკრების კაპიტნის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ნაკრებში პრემიები არ არის, რომ ფეხბურთის თამაში ჩვენი პროფესიაა, ამით ვშოულობთ ფულს და პატრიოტიზმი უფულოდ შრომა არ არის.

იხილეთ ვრცლად: ზურაბ ხიზანიშვილი: უფულოდ ირბინო და ოჯახი მშიერი გყავდეს, პატრიოტიზმია?

მე თუ მკითხავთ, ზურა ხიზანიშვილის ამ განცხადებებში ამაფორიაქებელი არაფერია, უბრალოდ, ითქვა ის, რაც აწუხებს ნაკრების კაპიტანს და არა მგონია, რომ ნაკრების დანარჩენი ფეხბურთელები სხვა აზრის იყვნენ - პრემია ყველასათვის გემრიელია.

ხიზანიშვილის ასეთი პოზიცია რეზონანსული გამოდგა, განსაკუთრებით ის ხალხი გააქტიურდა, ინტერნეტით რომ უყვართ აზრის გამოთქმა. ასეთ დროს მიდის ლაპარაკი ქართველ მორაგბეებზე, მათ პატრიოტიზმზე და იმაზე, თუ რამდენჯერ დაამარცხეს მათ რუსეთის ნაკრები.

ვფიქრობ, ფეხბურთის და რაგბის ასეთნაირად შედარება უადგილოა. ეს ორი სხვადასხვა სამყაროა თავისი დაწერილი თუ დაუწერელი წესებით.

"თუ პრემიაზე ჩივის, საერთოდ ნუ ჩამოვა ნაკრებში სათამაშოდ!" "თუ ეროვნულ ნაკრებში უფულოდ თამაში არ სურს, მის ნაცვლად სხვა გამოიძახონ!" იყო ასეთი კომენტარიც.

გაუგებარი მხოლოდ ის დარჩა, თუ ფეხბურთელი ამბობს, რომ ნაკრებში პრემია საჭიროა, რატომ არის ის ცუდი და ნაკრებიდან მოსაკვეთად განწირული. წინა შესარჩევში საქართველომ ხორვატიას რომ მოუგო, ფეხბურთელები პრემიას არ იმსახურებდნენ?

ზოგ დიდ ნაკრებში ფეხბურთელები უკვე კონტრაქტით თამაშობენ და თუ ჩვენი ნაკრების კაპიტანი ამბობს, პრემია არ გვაქვსო, ეს ზოგისთვის რატომ გამოდგა ნეგატიური განცხადება?

უფულოდ შრომა, საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობა, საქართველოსთვის უანგარო სამსახური - არ ვიცი, რა პათეთიური აზრები უნდა მოვახვიოთ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს, რომ მათ პრემია არ მოუნდეთ. ისინი უპრემიოდაც თამაშობენ ეროვნულ გუნდში, ოღონდაც რამდენად სწორია საქმისადმი ასეთი მიდგომა?

თუ ნაკრები ისეთი წმინდაა, სადაც სიტყვა "ფული" არავინ უნდა ახსენოს, მაშინ ისიც გვითხრან ჩვენმა პატრიოტებმა, მილიონები რატომ იხარჯებოდა და იხარჯება ნაკრების უცხოელი თუ ქართველი მწვრთნელისთვის? რა გამოდის, მწვრთნელმა მილიონები უნდა აიღოს, ხოლო ვინც მოედანზე დარბის, ის პრემიის ღირსიც არ არის? თუ მან პრემიაზე ჩამოაგდო სიტყვა, ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს?

* * *
პატრიოტიზმი ძალიან საინტერესო თემაა, იმდენად საინტერესო, რომ იუკიო მიშიმაც კი გამახსენა. მიშიმა იაპონელი იყო მრავალმხრივი ტალანტითა და მიდრეკილებებით. შეიძლება ითქვას, ის გენიოსი იყო, მწერალიც, მსახიობიცა და სამხედრო პირიც. მისი შემოქმედებითი ტრიადა ესთეტიკას, სიკვდილსა და ეროტიკას აერთიანებდა.

მიშიმა ალბათ ვერასდროს გახდება ქართველების საყვარელი მწერალი, ის სხვანაირი იყო, დეკორატიულიცა და ნამდვილიც, ისეთი, ჩვენთან რომ არ უყვართ. ამბობენ, მიშიმა ამადეუსივით წერდა პიესებსა და მოთხრობებსო.

"პატრიოტიზმი" - ასე ქვია მიშიმას ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობას. დამარცხებული სამხედრო ცოლთან ერთად ხარაკირს ჩაიტარებს, სულ ეს არის ამ მოთხრობის სიუჟეტი, ოღონდაც ეს არ არის მხოლოდ სიუჟეტისთვის დაწერილი ნაწარმოები. ამ მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ მიშიმას ჰკითხეს, პატრიოტიზმი რა არისო და გენიოსმაც უპასუხა - პატრიოტიზმი არც კომედიაა და არც ტრაგედია, უბრალოდ, მონათხრობია ბედნიერებაზე.

მიშიმა ნამდვილი გიჟი იყო, თვითონაც ხარაკირით დაასრულა სიცოცხლე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო დავით! აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ თურმე "კაპიტანი" მშიერი დასდევს ბურთს და რაღა დროს პატრიოტიზმიაო. ნაკრებში რომ არ ქონოდა ნათამაშევი (დამსახურებულად რა თქმა უნდა) ვინ მისცემდა დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზას? ექნებოდა კი ამდენი შემოსავალი? ამიტომ კეთილი ინებოს და მიიღოს გუნდის აშენებაში მონაწილეობა დიდი პრეტენზიების გარეშე. ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ გულშემატკივარი ბოლო დანაზოგს რომ იხდის სტადიონზე წასვლაში იმიტომ რომ იმედი აქვს ამათი, ქართული ფეხბურთი რომ უყვარს... ახლა კი ირკვევა რა თავდადებას ვითხოვ თურმე ამთგან თურმე უხელფასოდ თამაშობენ...რადგან ჟურნალისტი ბრძანდებით გთხოვთ გამოაქვეყნოთ რომელ ქვეყანაში და რამდენს უხდიან ხელფასს ნაკრების ფეხბურთელებს...ნამუსი იქონიეთ და ამდენი წაგებული თამაშის შემდეგ ერთ მოგებულ თამაშში ნუ ითხოვთ პრემიას..
თემური
11:41 10-06-2012
0
აქ მთავარი პატრიოტიზმის განმარტება კი არაა ბატონო ავტორო, როგორც შენ აგვიხსენი თურმე რა ყოფილა პატრიოტიზმი, აქ მთავარი ისაა, რომ კაცი რომელსაც თვეში რამდენიმე ათეული ათასი დოლარი აქვს ხელფასი გამოდის და ამბობს ნაკრების თამაშიდან ფული თუ არ ავიღე ცოლ-შვილი მშიერი დამეხოცებაო.. აი ამაზე უნდა მიგექცია ყურადღება, ასეთ ამაზრზენ ტყვილზე, რომელსაც ამბობს იმ ქვეყანაში სადაც ხალხს 300 ლარი სანატრელი აქვს, და როცა ნაკრების თამაშია, იმ სამასი ლარიდან არ იშურებენ ფულს და ყოველთვის ავსებენ სტადიონს, და ბატონ კაპიტანს თურმე მარტო გაჭირვებული ხალხის გაჭირვებით ნაყიდი ბილეთი და 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებელი ქომაგობა კი არა, ოჯახისთვის საჭმლის ფულის შოვნა უნდა ნაკრების თამაშებით, საწყალი დარწმუნებული ვარ 100 ევროზე თამაშობს თავის კლუბში.. შენ ავტორო ან ხიზანიშვილის ნათესავი ხარ, ან კიდე რაღაც განსხვავებულის თქმა გინდოდა და ყურადღების მიქცევა.. თორე კაცი რომელსაც წელიწადში მილიონი აქვს ხელფასი და იმას იტყვის ნაკრები ფულს თუ არ მომცემს ცოლ-შვილი მშიერი მიკვდებაო, ნამდვილად არ არის გასასამართლებელი
lado89
13:22 10-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული