გიორგი ტყეშელაშვილი ლუცკის "ვოლინში" დაიწყებს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის "ვოლინის" ფეხბურთელები 4 ივნისს ლუცკში შეიკრიბნენ და 11 ივნისიდან სეზონისთვის მზადებას სლოვენიაში გააგრძელებენ. ეს ყველაფერი ჩვენთვის იმიტომ გახდა საინტერესო, რომ ამ გუნდში მალე ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდება.

...ანატოლი პისკოვეცმა "გაგრას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ერთი წლის წინ დატოვა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძესთან დღემდე მეგობრობს და საქმიან კავშირებს ინარჩუნებს. 63 წლის გამოცდილმა სპეციალისტმა უკრაინის პრემიერლიგის ლუცკის "ვოლინი" ქართველი ფეხბურთელებით დააინტერესა.

შეგახსენებთ, რომ პისკოვეცი ამ კლუბის დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელია და ბოლო დროს საქართველოს ლუცკელთა სელექციონერ ვიკტორ მოროზთან ერთად ორჯერ გვესტუმრა.

უკრაინელები
თავიდან "გაგრას" მარჯვენა მცველს ირაკლი ხუციძესა და კაპიტანს, ცენტრალური მცველ გიორგი ტყეშელაშვილს აკვირდებოდნენ. მაგრამ ხუციძე ამჟამად ამერიკის მეიჯორ ლიგის "კოლამბუს ქრიუში" ისინჯება, ტყეშელაშვილის ამბავი კი უკრაინელთა სასარგებლოდ გადაწყდა.

ეს ინფორმაცია "გაგრას" პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ დაგვიდასტურა:

"ჩვენი კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი მომჯობინდა და სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს ლუცკის "ვოლინში" გაივლის. შემდეგ გადაწყდება მისი საკითხი".


ჩიხრაძემ არ უარყო, რომ პისკოვეცს "გაგრას" ორი ყოფილი ფეხბურთელის, ლევან შარიქაძის და ოვონიკოკოს გადაყვანაც სურს, რომლებიც ამჟამად "ზესტაფონში" თამაშობენ.

"ინტერესი ნამდვილად აქვთ. სწორედ მათზე დასაკვირვებლად იყვნენ უკრაინელი სპეციალისტები ჩამოსულები. აქვე გეტყვით, რომ ოვონიკოკოს ფრანგული "რენიც" იწვევს, მაგრამ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და კლუბის პრეზიდენტი მათ გაშვებას არ აპირებს.

უკრაინელებისა და ფრანგების წინადადებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ოფიციალური შეთავაზება იქნება - სინჯებზე არ გაუშვებენ".

რაც შეეხება "გაგრას" თავდამსხმელის ჯონი ჯერემიას "დილაში" გადასვლაზე, ჩიხრაძე ამაზე გვპასუხობს:

"შესაძლოა, "დილამ" თქვენს გაზეთთან ჯერემიას მიმართ ინტერესი დაადასტურა, მაგრამ ინტერესი ერთია, მოლაპარაკება კი მეორე. ჩემთან კი ამის თაობაზე მოლაპარაკება არავის ჰქონია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული