მთავრობა პროფლიგას გვერდში საპრიზო ფონდით დაუდგება

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის კლუბების თავკაცების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონამდე პროფესიული ფეხბურთის ლიგა აღდგება და 12-გუნდიან ეროვნულ ჩემპიონატს ორ ეტაპად ჩაატარებს, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მაინც დარჩა.

მაგალითად, რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება პროფლიგა, ვინ იქნება მისი პრეზიდენტი, რა სახსრებით იარსებებს ორგანიზაცია და ა.შ.

წესითა და რიგით, ლიგა 18 ივნისს უნდა დარეგისტრირდეს და ორგანიზაციის პრეზიდენტი აირჩიონ. ყველა საკითხი კი მანამდეა შესათანხმებელი.

პროფლიგის ჩამოყალიბების კოორდინაცია ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს, გია ფირცხალავას დაავალა.

12 ივნისს მას დავუკავშირდით და კომენტარი ჩამოვართვით:

- რამდენი გუნდი აპირებს პროფლიგაში
გაერთიანებას?

- ეს უკვე მთლიანად კლუბების გადასაწყვეტია. პროფლიგის იდეას ფედერაციამ მხარი დაუჭირა. ამ შეხვედრებს კი კოორდინირებას მხოლოდ აღმასკომის დავალებით ვუწევდი და ახლა საორგანიზაციო საკითხებს თავად მიხედავენ და გადაწყვეტენ, პროფლიგის ყრილობა 18 ივნისს სად ჩატარდება, რა სტრუქტურით და ასე შემდეგ.

- ლიგაში მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდები გაერთიანდებიან თუ პირველლიგელებიც?
- შეხვედრებს მხოლოდ უმაღლესი ლიგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარია, რომ ფედერაცია კლუბებს ამ საკითხზე შეუთანხმდეს.

* * *
ერთი წლის წინ "ლელო" წერდა, რომ ქართული კლუბები ხუთეულის, G5-ის დაარსებას აპირებდნენ. ინიციატივა "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს ეკუთვნოდა.

კლუბის პოზიცია გასაგები იყო - ვინაიდან პროფესიული ფეხბურთის ლიგა აღარ არსებობდა, ეს ვაკუუმი ქართული კლუბების ასოციაციას უნდა შეევსო. ეს გაერთიანება კლუბების ინტერესებს დაიცავდა, ჩემპიონატის მოწყობასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე საერთო პოზიციას შეიმუშავებდა.

"ვიტ ჯორჯიამ" მაშინ წამოაყენა იდეა, რაც ჟენევაში, კლუბების ასამბლეაზე ევროპარლამენტის დეპუტატის, ივო ბელეტისა და უეფას გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს გაჟღერებულ ფორმულას ეფუძნებოდა - საქართველოშიც და უცხოეთშიც ტოტალიზატორები ფსონებს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე იღებენ.

რადგან ისინი შემოსავლებს ჩვენი პროდუქტით სარგებლობითაც იღებენ, საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტით უნდა დაევალდებულებინათ, მოგების ნაწილი ქართული კლუბების ასოციაციისთვის ჩაერიცხათ.

ქართული კლუბების ხუთეულის, ანუ როგორც მონათლეს, G5-ის შეხვედრაც მზადდებოდა. იდეას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავაც ემხრობოდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" იმედი, რომ მათ მოსაზრებებს სხვებიც გაიზიარებდნენ, არ გამართლდა.

"ვიტ ჯორჯია" ხშირად არ ეთანხმებოდა პროფლიგის მიდგომებს, მაგრამ კლუბების გაერთიანებას პრინციპულ საქმედ მიიჩნევდა - ეს კომერციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

კლუბის პრეზიდენტი გურამ რუხაძე ბიზნესმენია და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მისი აზრის გაცნობა, რა არის საჭირო საიმისოდ, პროფესიული ფეხბურთის ლიგა ქმედითუნარიანად რომ აღდგეს.

"ლიგის დამოუკიდებლობა დადებითი მოვლენა იქნება, მაგრამ ახლა სრული დამოუკიდებლობის დეკლარირება ფიქტიური იქნება.

ჩემი წარმოდგენით, ორგანიზაციის ქმედითუნარიანობისთვის აუცილებელია, რომ უნისონში იყოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელსაც მთავრობის სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ქართული ფეხბურთი კი ისეთი მდიდარი არ არის, ამ მხარდაჭერაზე უარი რომ ვთქვათ - ეს დიდი სისულელე იქნებოდა.

ამიტომ ჩემი პოზიციაა - რა თქმა უნდა, პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენის მომხრე ვარ, მაგრამ ის ფედერაციასთან შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს.

ვფიქრობ, ეს ყველასათვის უკეთესი და მისაღები მოდელი იქნება, რადგან დღეს ქართულ ფეხბურთს პრაგმატული მიდგომები ესაჭიროება. ამიტომ კომერციული პროექტებიც ფედერაციასთანაც უნდა შევათანხმოთ",
- ამბობს რუხაძე.

კლუბების ხელმძღვანელთა მორიგი შეხვედრა 14 ივნისს, სავარაუდოდ, კვლავ თბილისის "დინამოს" ბაზაზე გაიმართება.

შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებისთვის ახალი პროექტები მოამზადა: ვითარება შეიცვალა და მთავრობა თანახმაა, ამ წამოწყებას გვერდში საპრიზო ფონდით დაუდგეს.

ამას გარდა, ლაპარაკია ახალ სატელევიზიო პროექტზე, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მასშტაბურად შეუწყობს ხელს.

პრაგმატული მიდგომები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ და როგორ აღადგენს პროფლიგას?

საქართველოს ჩემპიონატი: პროფლიგის პრეზიდენტს 18 ივნისს აირჩევენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული