არის ვინმე ასეთი? - რა უნდა შეძლოს პროფესიული ლიგის პრეზიდენტმა

AutoSharing Option
პროფლიგა ხელახლა უნდა შეიქმნასო, ბრძანეს ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელებმა და საქმეც დაიძრა.

უკვე გამოჩნდნენ პროფლიგის პრეზიდენტობის მსურველებიც. "ლელომ" ამასთან დაკავშირებით ვლადიმერ გუცაევს ინტერვიუც ჩამოართვა. გუცაევმაც მთავარ სატკივარზე ისაუბრა - ფულსა და თავისუფლებაზე.

თავისუფლება მართლაც მარადიული თემაა. მონოპოლიურად მართვის სტილი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ქართველები ყოველთვის ვერ უწყობენ ფეხს დროს. ოჯახი ხრამია და ფეხბურთიც ჩვენ უნდა დაგვრჩეს, რა იცი, რაში დაგვჭირდება - ასეთმა მიმართულებამ არ გაამართლა და ვნახოთ, რაოდენ ნამდვილი იქნება ახალი პროფლიგა.

წელს საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად აღმასკომის სხდომა რომ გახდა საჭირო, არა
მგონია, ეს იმის ბრალი ყოფილიყო, ჩემპიონატს ფედერაცია რომ ატარებდა და არა - პროფლიგა. ის ხალხი, ვინც ჩემპიონატის დებულებას ადგენს, საკმაოდ გამოცდილია და მათი "იაღლიშის" ბრალი ნაკლებად იქნებოდა "ზესტაფონის" და "მეტალურგის" გაუგონარი დავა ჩემპიონობისთვის.

მაშ, რაშია საქმე? რატომ წამოვიდა ფედერაციიდან იმის ინიციატივა, რომ ჩემპიონატი პროფლიგამ ჩაატაროს?

შარშანდელი ამბავია: რამდენიმე კლუბმა კლუბთა გაერთიანების იდეა აიტაცა, თუმცა ასეთი კლუბი ცოტა გამოდგა. ფედერაციას მაშინ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაგრამ არც მოუწონებია ეს აზრი.

ისიცაა, რომ მაშინ ფედერაცია, ცოტა არ იყოს, ეიფორიაში იყო, საკლუბო და სანაკრებო პრობლემები ისე მწვავედ არ იდგა, როგორც ახლა დგას.

პროფლიგა მანამდეც არსებობდა და ფედერაციის ამ ხელმძღვანელობას მისთვის ხელი არ შეუწყვია, კლუბებთან კონსულტაციის შემდეგ ჩემპიონატის და თასის გათამაშების ჩატარება ითავა. ზოგი კლუბი მოტყუებული დარჩა, რადგან ეგონა, რომ დაპირებას ოქროს ფასი ჰქონდა, მაგრამ... სამონაწილეო თანხის გადახდა მაინც მოუწიათ.

ფედერაციამ კლუბებს საწვავის ტალონები დაურიგა. როგორი საქმეა, როცა კლუბის წარმომადგენელი ფედერაციაში მიდის და "სოკარის" ტალონებს ელოდება. ურთიერთობის ასეთი ფორმა ცხოვრებამ და უსახსრობამ მოიტანა. კლუბებმა ავტობუსში საწვავი ჩაასხეს და ესეც შეღავათი იყო, ოღონდაც ძალიან მცირე.

სეზონის ბოლოს კი ფედერაციამ მოწინავე კლუბები ფულით დაასაჩუქრა, თითქოს ცუდი ფონი დააშოშმინაო.

ტელეტრანსლაციები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ითავა, მაგრამ ამით ქართულ კლუბებს ერთი გროშიც არ შეხვდათ. ისიცაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის თუ თასის მატჩების ფრაგმენტების ჩვენება ყველა ტელევიზიას შეეძლო. ასეთმა ნაბიჯმა ვერაფერი ვერ მოიტანა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის გაუფასურების გარდა - მაყურებელმა სტადიონებზე არ მოიმატა, კლუბებმა შემოსავლის მთავარი წყაროდან შაურიც ვერ მიიღეს.

პროფლიგა ადრეც არსებობდა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. იშოვა სპონსორები, ტარდებოდა დაჯილდოება, გაფორმდა ხელშეკრულება მედიაკომპანია "კოლხიდასთან", მაგრამ ამას მოჰყვა საერთო ეკონომიკური კრიზისი, ომი რუსეთთან. მაშინდელი პროფლიგა მოწადინებული კი იყო, მაგრამ მაინც არ ჰქონდა დიდი ნდობა კლუბებისგან. როგორც კი ფედერაციის ხელმძღვანელობა შეიცვალა, კლუბები პროფლიგისგან განზე დარჩნენ.

უწინდელი პროფლიგა ვერ მოერია ჩაწყობილ თამაშებს და პრობლემა შიდა სამზარეულოს იქით გადაიტანა, დაიქადნა, საქმეში სამართალდამცავ ორგანოებს ჩავრთავთო. წავიდა დაკითხვები, დაჰკითხეს ჟურნალისტებიც კი, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - სკანდალებისთვის მზად არავინ აღმოჩნდა.

როგორ ვიშოვოთ ფული? კლუბები ამ კითხვას აუცილებლად დაუსვამენ პროფლიგის ახალ პრეზიდენტს. თუმცა შესაძლოა, ამ ეტაპზე ეს არც იყოს მთავარი საკითხი. კლუბებს ახლა თავისებური ავტონომია სჭირდებათ, რათა მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საერთო პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე.

ვფიქრობ, ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, რადგან უმაღლესი ლიგის კლუბებს ძალიან განსხვავებული მეპატრონეები ჰყავთ. პროფლიგის მომავალ პრეზიდენტს დიდი დიპლომატია დასჭირდება, კლუბები რომ დააკავშიროს, ერთი მეორის მოკავშირედ გადააქციოს.

ძალიან საინტერესოა, ვის დარჩება სამსაჯო კომიტეტი. უწინდელი პროფლიგის დროს მსაჯებს ფულს პროფლიგა უხდიდა, მაგრამ სამსაჯო კომიტეტი ფეხბურთის ფედერაციაში შედიოდა. შეელევა ახლანდელი ფედერაციის ხელმძღვანელობა მსაჯებს? თუ ეს მოხდება, ახალი პროფლიგა ამით მოგებული დარჩება, კლუბები იქითკენ წავლენ, რომ მსაჯებისკენ ხელს დაუდევრად და ადვილად ვეღარ გაიშვერენ.

ღონიერი პროფლიგის შემთხვევაში კლუბები უპატრონოდ აღარ იქნებიან ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტში - მიუხედავად იმისა, შევლენ თუ არა კლუბების წარმომადგენლები აღმასკომში, პროფლიგის პოზიცია თავისთავად კლუბების სოლიდარული პოზიცია იქნება და ამის უგულებელყოფა ვერ იქნება მოსაწონი საქციელი.

მოკლედ, ფულის შოვნამდე კლუბებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. პროფლიგის ხელახლა შექმნით იქნებ რაღაცეები ისე თავხედურად აღარ გაკეთდეს, როგორც მანამდე კეთდებოდა.

ცხადია, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, ვის აირჩევენ კლუბები პროფესიული ლიგის პრეზიდენტად. ავტორიტეტი, გამოცდილება, რეპუტაცია, კავშირები ხელისუფლებასთან და ბიზნესწრეებთან... არის ვინმე ასეთი?

არის ვინმე ასეთი? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ გუცაევი: ნაკრებს 100 მილიონიც რომ დავახარჯოთ, მაინც არაფერი შეიცვლება

მთავრობა პროფლიგას გვერდში საპრიზო ფონდით დაუდგება

ვინ და როგორ აღადგენს პროფლიგას?

საქართველოს ჩემპიონატი: პროფლიგის პრეზიდენტს 18 ივნისს აირჩევენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული