ევროპამდე კი გზა არის გასავლელი. რასაც ჩვენ ტელევიზორში ვუყურებთ, მხოლოდ ფასადი არ არის. ევროპელი ხალხი აქამდე მივიდა და ახლა უკრაინაც ჩათრეულია ფერხულში.
მერე რა, რომ უკრაინაში არც ანგელა მერკელი და არც სხვა კარგი ქვეყნების მმართველები არ ჩავლენ - ფეხბურთი მაინც უფრო იმ გულშემატკივრისაა, მაღალ საზოგადოებას რომ არ ეკუთვნის.
ფეხბურთის სიყვარული განსაკუთრებულად იქმნება. ეს ისეთი სიყვარულია,
მართლაც იყო რომანტიზმის ასეთი პერიოდი. ამ ხალხს არავინ ავალებდა საფეხბურთო კლუბის ყოლას, ამას ისინი თვითონ აკეთებდნენ. მათი პარტნიორი კი მხოლოდ გულშემატკივარი იყო.
საქართველოში არ იციან გულშემატკივრობაო - ვინც ამას ამბობს, რკინისებრი არგუმენტებიც მოჰყავს, ოღონდაც მთლად ასე კატეგორიულადაც არ უნდა იყოს საქმე. ჩვენთან მართლაც არის გულშემატკივრობის რაღაც ტრადიციები.
იმ დროს მოვსწრებივარ, როცა მამებს შვილები "დინამოს" დუბლების მატჩებზეც კი დაჰყავდათ. ბაბუები შვილიშვილებით დადიოდნენ ფეხბურთზე. გულშემატკივრობა მაშინ ძალიან კონსერვატორული და ამავე დროს, სკაბრეზული გახლდათ.
იყო სხვა ფლანგიც - ძირითადად, თინეიჯერული, რომელთაც მათზე მოზრდილი ატამანი ჰყავდათ. მათ განკარგულებაში იყო სადად გარითმული შეძახილები, ლურჯ-თეთრი დროშები და პიონერული საყვირები. ლანჩხუთში კი მთელი დასავლეთ საქართველოდან მიდიოდა ხალხი "გურიას" საქომაგოდ, სტადიონი ივსებოდა, თამაშის მერე იყო პურმარილობა, ზეიმის გაგრძელება.
საქართველო მერე სხვა ქვეყანა გახდა. სხვანაირი გახდა გულშემატკივრობაც.
....მომიწია რამდენიმე ქვეყანაში ჩასვლა. პირველი გაკვირვება შოტლანდიაში ნანახმა აგურებმა გამოიწვიეს. "აიბროქსის" სტადიონის ზოგი კედელი დეკორატიული აგურითაა ნაგები, ლამაზ აგურებზე კი სახელი და გვარია ჩახაზული. მეგონა, რომ ალი მაკოისტის, დევი კუპერის, გრემ სუნესის, მარკ ჰეიტლის, ენდი გორამის ან კიდევ რომელიმე ლეგენდარული რეინჯერსელის სახელსა და გვარს ამოვიკითხავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად - აგურებზე "რეინჯერსის" გულშემატკივრების სახელი და გვარი ყოფილა ჩახატული.
გუნდის გულშემატკივარი ამაში ფულს იხდის. მის სულსა და გულს უხარია, რომ საყვარელი გუნდის სტადიონის კედელზე ის სამუდამოდ დარჩება, ამას ხომ მისი შვილთაშვილებიც ნახავენ.
შოტლანდიაზე დიდი კი ინგლისია. იქაურ პრემიერლიგაშიც უფრო მეტი ფული ტრიალებს. ქომაგი ქალაქიდან ქალაქში დაჰყვება საყვარელ გუნდს. ცხოვრება იქაც რთულია. თუ კარგი განათლება არ გაქვს, მძიმე სამუშაოს უნდა მოჰკიდო ხელი. ასეთების ხელფასი ორ-სამ ათას ფუნტამდე ადის. ეს ის თანხაა, პრემიერლიგელი ფეხბურთელის ცოლი თუ მეგობარი გოგო ერთ შოპინგზე რომ ხარჯავს.
მაგრამ ინგლისელი ფანი მეთიუ ამაზე არ ფიქრობს. მან მატარებლის ბილეთი უნდა იშოვოს მანჩესტერიდან ნიუკასლში წასასვლელად. ფული სენდვიჩისთვისაც ეყოფა. რა თქმა უნდა, ლუდსაც ბევრს დალევს. კალორიებს სტადიონზე წივილ-კივილსა და სიმღერაში დახარჯავს. ის იქ მარტო არ იქნება, მანჩესტერელ მეგობრებთან კარგ დროს გაატარებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი გუნდი წააგებს.
მეთიუს არ აცვია ისე ლამაზად, როგორც მისი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს და ალბათ არც დარდობს ამაზე, რადგან მას ფეხბურთი უფრო უყვარს, ვიდრე საკუთარი თავი ფეხბურთში. სხვანაირად ის ფეხბურთზე ერთ წასვლაში ას ფუნტამდე არ დახარჯავდა.
ქართველი თემურას საქმე სულ სხვაგვარადაა. დედა საბერძნეთშია წასული სამუშაოდ, მამას "ოპელ-ასტრა" ჰყავს და ტაქსაობს, თვითონ თემურა კი დროებით უმუშევარია. უბანში სასურსათო მაღაზიასთან დგას და იმაზე ფიქრობს, ტოტალიზატორის ბილეთი როგორ შეავსოს. საყვარელ გუნდს სხვა ქალაქში რომ ჩააკითხოს, ძვირი უჯდება.
თემურა და მეთიუ მაინც ჰგვანან ერთმანეთს - ლუდის სმისგან ორივეს წამოზრდილი მუცელი და წამოჭარხლებული სახე აქვს. ორივეს სული მითებითაა დატვირთული, - ეს ხომ ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტია. ერთს შეუძლია სტადიონზე ნახოს მთვარესავით გლამურული, მკერდგათქვირული გოგოების გულშემატკივრობა, მეორე კი ამას მხოლოდ ტელევიზორში უყურებს.
სამაგიეროდ, თემურას შეუძლია სიგარეტი იქ მოწიოს, სადაც მოუნდება, სტადიონზეც და იმ "მარშრუტკაშიც", რომლითაც ხანდახან საყვარელ გუნდს ჩააკითხავს სხვა ქალაქში. მეთიუს კი ამის უფლებას ინგლისში არ მისცემენ.
სოციალური მოტივები ფეხბურთის კიდევ ერთი აუცილებელი ამხანაგია. მეთიუსა და თემურას ამბავი ერთმანეთს რომ არ ჰგავს, ესეც ფეხბურთის ნაწილია. ადამიანი კი ყველგან ადამიანია და ფეხბურთის სიყვარულიც ყველგან შეუძლია.
ერთ ქართველ კლასიკოსს უთქვამს: სიყვარული იმდენად გამძლეა, რაც უფრო მეტი სიმწარე დაგრჩება მისგან.
არა მგონია, რომ ფეხბურთში პირუკუ იყოს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"