თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები: დავკარგეთ გულის ნაწილი

AutoSharing Option
კიდევ ერთი დიდი ტკივილი და თავზარდამცემი დანაკლისი განიცადა ქართულმა ფეხბურთმა - 55 წლისა მოულოდნელად ხელიდან გამოგვეცალა სამამულო ფეხბურთის დიდებისა და მშვენების კოლორიტული განსახიერება - რამაზ შენგელია.

ქართული ფეხბურთის ყველა თაობას ჰყავდა არა მხოლოდ ოსტატობით, არამედ, ამასთან ერთად, ადამიანური ღირსებითაც გამორჩეული ფეხბურთელები, ყოველმხრივ მისაბაძნი რომ იყვნენ და ამაღლებდნენ ზოგადად ქართული სპორტისა და თვით ფეხბურთის ავტორიტეტს, იხვეჭდნენ სახელს და იმსახურებდნენ საყოველთაო პატივისცემას.

აი, ასეთი ღირსებებით შემკულმა გაატარა თავისი ლამაზი სიცოცხლე ფეხბურთსა და ცხოვრებაში ჩვენმა სათაყვანო თანაგუნდელმა რამაზ შენგელიამ.

ქუთაისის "ტორპედოში" დიდ ფეხბურთს
ნაზიარებმა პიროვნული საფეხბურთო და ადამიანური ურთიერთობების ხელწერა შემოიტანა თბილისის "დინამოში", რომელიც მისთვისაც უსაყვარლეს და სიამაყის მომგვრელ გუნდად იქცა. ბედნიერი იყო, რომ მიეცა ამ ლეგენდარული კლუბის მაისურას ჩაცმის შესაძლებლობა.

მის საფეხბურთო შემოქმედებას გვირგვინად ადგას 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთივე მატჩში მონაწილეობა და გატანილი გოლი, 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში თბილისელ თანაკლუბელებთან ერთად გამარჯვება, 1980 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ახალგაზრდებს შორის.

280 მატჩი ითამაშა სსრ კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. გახდა ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი, თასის (1979) მფლობელი. სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 1978 და 1981 წლებში.

1981-ში საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც ხვდა წილად. იმავე წელს საქართველოში აღიარეს წლის საუკეთესო სპორტსმენად, "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვით კი რჩეულ ათეულში (მე-7 ადგილი) შევიდა; გახდა ფედოტოვის "ასიანთა კლუბის" წევრი. ქართველი ფეხბურთელებიდან მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი უმაღლესი ლიგის მატჩებში.

სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი - ეს ორი ტიტული სრულად ასახავს მის ღვაწლს სპორტსა და ცხოვრებაში.

საოცრად გვიმძიმს წარსულში ჩვენი უსაყვარლესი ადამიანის მოხსენიება. თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა გულის ნაწილი. ისღა დაგვრჩენია, მუდამ ღირსეულად მივაგოთ პატივი მის ნათელ ხსოვნას და გვიყვარდეს ისე, როგორც მას უყვარდა სამშობლო, მშობელი ხალხი და საქმე, რომელსაც მთელი სიცოცხლე შესწირა.

თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული