დონეცკი რამაზ შენგელიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაამწუხრა

AutoSharing Option
უკრაინის ბარსელონად წოდებული ქალაქი დონეცკი დაამწუხრა სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ეს სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ადგილობრივ საფეხბურთო საზოგადოებას.

"შახტიორის" და სსრკ-ის ყოფილმა ფორვარდმა ვიქტორ გრაჩოვმა გვითხრა:
"რამაზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ უკრაინისათვისაც და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის.

იგი იყო ვირტუოზი ფეხბურთელი იუველირული ტექნიკითა და იმპროვიზაციით. მოედანზე ის იყო მრავალფუნქციური ფეხბურთელი - ბომბარდირი, კარგი პასების მომწოდებელი, მოედანს ჩინებულად ხედავდა და სიტუაციას დროულად აფასებდა. იყო ევროპული რანგის ფორვარდი".

56 წლის გრაჩოვმა თქვა, რომ ბევრჯერ უთამაშია თბილისის
"დინამოს" და თვით რამაზ შენგელიას წინააღმდეგ. 1970-80-იან წლებში "შახტიორის" და თბილისის "დინამოს" შეხვედრები დიდი საფეხბურთო სპექტაკლები იყო. რამაზის დაჭერა მოედანზე არა მარტო "შახტიორის", არამედ ევროპულ გუნდებს და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების მცველებსაც უჭირდათ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ რამაზთან ერთად რამდენჯერმე ყოფილა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში შეკრებებსა და მატჩებზე.

"რამაზი იყო იუმორით სავსე პიროვნება. იგი უყვარდა მთელ ნაკრებს", - დასძინა გრაჩოვმა.

"შახტიორისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი ატელკინმა კი გვითხრა:

"არ მჯერა, რომ რამაზი გარდაიცვალა. სულ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა მის თამაშებს ვუყურებდი და აღფრთოვანებული ვიმახსოვრებდი მის ყველა ილეთს და შთამბეჭდავ გოლებს.

მე მახსოვს, როცა 30 წლის რამაზმა 1987 წელს ფანტასტიკურად ითამაშა ორივე მატჩი უეფას თასზე ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ. მან ამ ასაკშიც კი აჩვენა თამაშის მასტერკლასი მთელ ევროპას"
, - თქვა 40 წლის ატელკინმა და დასძინა:

მე ვტირი საქართველოსთან ერთად. დაე, მსუბუქი იყოს რამაზისთვის ქართული მიწა".


თენგიზ პაჭკორია, დონეცკიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები: დავკარგეთ გულის ნაწილი
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ თანადგომისთვის...ისევ უკრაინელებს თუ გავახსენდებით...ეხ,მაგრად გული დამწყდა
toma
15:50 22-06-2012
0
ყველას ვუზიარებ ბატონი რამაზის გარდაცვალებას. არამარტო უკრაინელებს გახსენებიათ ბატონი რამაზი............სპორტ-ექსპრესსმა მიუძღვნა საკმაოდ ვრცელი სტატია. http://football.sport-express.ru/reviews/22788/
kkkkk
17:05 22-06-2012
0

სიახლეები პოპულარული