რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე - ალბანური "ტეუტა"

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" ევროპალიგის გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან (5 და 12 ივლისს) ჩაერთვება, სადაც მეტოქედ დურესის "ტეუტა" ეყოლება.

რუსთაველთა მოწინააღმდეგე რა გუნდია, რთული სათქმელია. დურესის "ტეუტა" ნაკლებად ცნობილი კლუბია. წინა სეზონში მეორე ადგილზე კი გავიდა ალბანეთის ჩემპიონატში, მაგრამ დიდი ტრადიციები აქვსო, ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ალბანეთი ნატოში შეიყვანეს, თუმცა ცხოვრება იქ ისეთი საამური არ არის, როგორც ნატოს წევრ უმეტეს ქვეყანაში.

უცნაური მთები და ლეშიჭამია ფრინველები - ალბანეთში თუ როდესმე მოხვდებით, გარწმუნებთ, რომ პირველი შთაბეჭდილება ასეთი იქნება.

კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნული და
ახალგაზრდული ნაკრები ტირანაში რომ ჩაფრინდა, აეროპორტში გერმანული ნაგაზებით დაგვხვდნენ იქაური მებაჟეები ჩვენი ჩანთების შესამოწმებლად.

ალბანეთში მეორე ენა იტალიურია. ინგლისური იქ ისე გაფეტიშებული არ არის, როგორც ჩვენთან. ასე იყო ტირანაში და ალბათ, ასე იქნება დურესშიც, რომელიც ალბანეთში მეორე ქალაქია და ტირანადან დასავლეთით მდებარეობს.

დურესი მნიშვნელობით ვინძლო ტირანაზე მეტი იყოს, რადგან ქვეყნის მთავარი საპორტო ქალაქია და მეტი წილი ტვირთებისა სწორედ დურესზე მოდის. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ დურესი ეკონომიკურად ერთობ საკვანძო ქალაქია, რომელიც ტურისტების ნაკლებობასაც მაინცდამაინც არ უჩივის.

ვისაც ადრიატიკის ზღვაში ბანაობა მოესურვება, დურესი საამისოდ გამოუსადეგარი არ უნდა იყოს.

ვერ გეტყვით, რამდენია დურესის პორტის ტვირთგამტარუნარიანობა, მაგრამ ასეთ ქალაქებში რაღაც ფული ფეხბურთისთვისაც რომ მოინახა, ფაქტია.

დურესი სიძველითაც მოიწონებს თავს. მეორე საუკუნეში აგებული რომაული ამფითეატრიც კი აქვს.

"ტეუტა" 1925 წელს შეიქმნა, 90-იანი წლებიდან მომძლავრდა და სამჯერ მოიგო ალბანეთის თასი. ევროტურნირზე პირველად 1994 წელს ითამაშა, სულ ცხრაჯერ გავიდა ევროსარბიელზე, აქედან სამჯერ ინტერტოტოზე. ორჯერ მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა. დურესის სტადიონი 12 000 მაყურებელს იტევს.

ალბანეთის 2011-12 წლების ჩემპიონატში "ტეუტადან" ყველაზე მეტი, 6 გოლი 24 წლის მირელ კოტამ გაიტანა. ალბანეთის ეროვნულ ნაკრებში "ტეუტადან" ორი ფეხბურთელია: 27 წლის მცველი ტეფიკ ოსმანი, ვისაც პოლტავას "ვორსკლასა" და ზაპოროჟიას "მეტალურგშიც" უთამაშია და 27 წლის ნახევარმცველი ემილიანო ველიაი.

"ტეუტას" სამი ლეგიონერიც ჰყავს: 26 წლის ბრაზილიელი მცველი ბუიუ, 21 წლის მაკედონიელი შუახაზელი ფლამურ ტაირი და 19 წლის კოსოვოელი თავდამსხმელი ლეოტრიმ პაიზიტი.

ტეუტელებს ნაკლებად ცნობილი მწვრთნელი ჰასან ლიკა თავკაცობს.

ალბანეთი ფეხბურთში ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის. ალბათ, გახსოვთ, 2003 წელს ივო შუშაკის გაწვრთნილ "დინამო თბილისს" "ტირანამ" თბილისური 0:3 რომ ამოუქაჩა და ადრიანად დაატოვებინა ევროსარბიელი.

ერთიც: ისევე, როგორც რუსთავის "მეტალურგს", დურესის "ტეუტას" თავისი ვებგვერდი ჯერაც არ აქვს.

მეტოქე ადრიატიკიდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგში" 22 წლის ტანმაღალი ხორვატი მეკარე გამოჩნდა
რუსთავის "მეტალურგმა" ხორვატულ "რეიკასთან" წააგო
რუსთავის "მეტალურგმა" სლოვენიაში ლუბლიანას "ოლიმპია" დაამარცხა
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს ამოუქაჩა კი არა ამოაქაჩინეს... ბიჭებს წაგებაზე ქონდათ დადებული და ხო არ მოიგებდნენ
rrrrrrrr
19:02 26-06-2012
0

სიახლეები პოპულარული